ბართომეუ “მოვლენაა” ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით. მარტო ასეთ “მოვლენას” შეუძლია კიკე სეტიენი შეიყვანოს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ გასახდელში და უთხრას – აბა შენ იციო, მაგრამ მხოლოდ ბართომეუს შეცვლა, გაბზარული ჭურჭლისთვის ხუფის შეცვლას ჰგავს. წამიერ, წუთიერი ან შეიძლება კიდევ მეტხინიან შვებას მოჰგვრის განაწყენებულ გულშემატკივარს, იმედიც თითქოს გაჩნდება, მაგრამ სითხე მაინც დაიღვრება და მაინც აატალახებს იქაურობას. ნამდვილი ცვლილებები ყოველთვის ქვემოდან იწყება. ამ შემთხვევაში – სტრუქტურიდან და მმართველობის პრაქტიკიდან.
აქვე დავამატოთ, რომ ბართომეუ არ არის და არც შეიძლება იყოს ფეხბურთის ხარისხზე პასუხისმგებელი. ბართომეუ – მენეჯერია. მილიარდობით დოლარის ღირებულების ასოციაციის (მთელი კლუბი) მმართველია და არც ის უნდა დავუკარგოთ, რომ სწორედ მის დროს დააფიქსირა კლუბმა რეკორდული შემოსავლები 3 ჯერ.
პრობლემა დღეს, არის ორ ადამიანზე – პრეზიდენტზე და ერთ ცალ ფეხბურთელზე (არ გაგიჭირდებათ გამოცნობა) ზედმეტად დამოკიდებული სისტემა. რა დრამაც აქვთ ურთიერთობაში, ის დრამაა კლუბში, მაგრამ მესი იქეთ იყოს, ერთ რთულ სიტყვაზე – ცენტრალიზაციაზე ვისაუბროთ. რატომ ვეძებთ გამოსავლებს სახელებში? ლაპორტა, როსელი, სხვა . . . სისტემის მანკიერებაც სწორედ ეგ არის. ვიღაც უმკლავდება მასშტაბს, ვიღაც ვერ. ვიღაცას ფინანსური მართვა გამოსდის, მაგრამ ტრანსფერები უვარდება და ვიღაც სელექციით იხვეჭს სახელს, მაგრამ ვალებში ტოვებს კლუბს. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ამსტერდამის “აიაქსის” პრეზედენტი (არც დამიგუგლავს), მაგრამ კლუბის კონცეფცია რაც იყო – იგივეა სულ. აღზარდე > გაყიდე (+20 წელიწადში ერთხელ გაიბრწყინე), ანუ სისტემა მუშაობს მიუხედავად იმისა თუ ვინ მოირგებს სავარძელს გრძელი მაგიდის თავში.
აბსურდია ბართომეუ და ჩავი ვერ თანხმდებოდნენ იმ მიზეზით, რომ მწვრთნელი ითხოვდეს მეტ ან ნაკლებ კონტროლს ტრანსფერებზე, პრეზიდენტს კი ეს არ აწყობდეს. ის, რომ ბართომეუს არ აწყობს ერთს ნიშნავს – სისტემა აძლევს თავნებობის საშუალებას. დარწმუნებული ვარ “ბაიერნის” მენეჯმენტს სასაცილოდ არ ყოფნის მსგავსი ინტერესთა კონფლიქტები. სამაგიეროდ ვიცით “მანჩესტერის” და ედ ვუდვორდის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, ყველა კლუბი რომლის ჰალსტუხიანი აღმასრულებლების სახელებიც ვიცით – იგივე ჭაობშია. თუნდაც რეალი. ალბათ ფლორენტინოს მაგიტომ ვერ ელევიან, რომ ივარგა. კაცმა არ იცის შემდეგი რამდენად შეძლებს იგივე შლამში დგომას და არ ჩახრჩობას.
სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ აუცილებელი ცვლილება #1 არის სისტემის გადახედვა და დეცენტრალიზაცია. სრული თავისუფლების მიცემა მწვრთნელებისთვის, სკოლების ხელმძღვანელებისთვის, სპორტული დირექტორებისთვის და მათ კაპრიზებზე ბევრად მეტი ყურადღების გამახვილება ვიდრე მესის ან სხვა სუპერვარსკვლავის. არ შეიძლება მწვრთნელი თავდახრილი შედიოდეს გასახდელში იმაზე დარდით, რომ რამე არ აწყენინოს 700 ლმნ ევროიან ადამიანურ ხორცს, ან ბიზნესმენს, რომელიც დევისის თასის მესაკუთრეა და ალბათ ყველა გადაწყვეტილებაზე თავისი სკეპტიკური აზრი გააჩნია. მარტივია: მწვრთნელი ამბობს – ფეხბურთელები აკეთებენ. მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ამბობენ – სკაუტები მუშაობენ – ბუღალტერია ფულს რიცხავს და გუნდში ახალი ფეხბურთელი მოდის. ყველა ქვედა რგოლის გაძლიერება, სისტემას გააჟანსაღებს. სხვა შემთხვევაში დარჩება მესისთან და არა გულშემატკივართან ანგარიშვალდებული კლუბი.
ცვლილება #2 – ლა-მასია (და სხვა სკოლები): ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს ისეთი ძლიერი სკოლის შექმნა, რომელიც მუდამ მოგცემს შემადგენლობის იაფად გადახალისების შესაძლებლობას. თუნდაც არასასურველი რეზულტატების ხარჯზე. ოღონდ ახალგაზრდებმა სათამაშო დრო მიიღონ. ამ სკოლის მმართველობის და სკაუტების გაძლიერებაზე უნდა მოხდეს რესურსების მაქსიმალური გადასროლა.
ცვლილება #3 – ბარსელონა, როგორც იურიდიული პირი, ერთგვარი NGO-ა. განსხვავებული, მაგრამ ახლოს NGO-სთან. მის აქციებს ვერ შეიძენ. ამას დავუმატოთ ფაქტი, რომ კატალონიის სიმბოლოა და როგორც არ უნდა ვმიჯნავდეთ სპორტს და პოლიტიკას (რაც სრული ბოდვაა, რადგან გაუმიჯნავია) მაინც კატალონიური იდენტობის ნაწილია. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტიც იგივე თვისებების მატარებელი უნდა იყოს. მაგალითად ისევ ბაიერნს მოვიყვან: 1991-ში მიიწვიეს ბეკენბაუერი და რუმენიგე მმართველობაში. სიმართლე ვთქვათ, ორივემ ზედმეტად ბევრი დრო გაატარა მოედანზე იმისთვის, რომ კარგი ფინანსისტები გამხდარიყვნენ, ან დიდი ორგანიზაციის მენეჯერები. დარწმუნებული ვარ ამას “ბაიერნში” სხვები აკეთებენ და აკეთებენ კარგად. სამაგიეროდ ბეკენბაუერსაც და რუმენიგესაც (ამ უკანასკნელს დღემდე) სიტყვა ეთქმით ბავარიელ გულშემატკივართან. მათთვის პატივსაცემი ფიგურები არიან და ბევრად მეტს მოუთმენენ ვიდრე ბართომეუს ან სხვა “პირდაპირ მაგიდაზე დაბადებულ მესვეურს”. ამ კონტექსტში, გუარდიოლა იქნებოდა საინტერესო საპრეზიდენტო ექსპერიმენტი “ბარსელონასთვის”. მითუმეტეს, რომ წინა ორი პუნქტის მნიშვნელობა იცის გადასარევად ა) დეცენტრალიზაციის შედეგად მიღებული თავისუფლების (რონალდინიო, ეტო’ო და იბრაჰიმოვიჩი ყავს გაშვებული) და ბ) ლა მასია. იდეალური კანდიდატია გრძელ ვადაში იმისთვის, რომ გულშემატკივრები გაამხნევოს და კლუბის ტრანსფორმირების პერიოდში (რაც ცალსახად მტკივნეული იქნება), ფეხბურთელებს სრული მხარდაჭერა ჰქონდეთ ხალხით გადატენილ “კამპ-ნოუზე”. ამას იმითაც ვამტკიცებ, რომ გუარდიოლა სულით-ხორცამდე კატალონიელია. თუ სისტემა გაიმართა ისე, რომ პრეზიდენტის ძირითადი როლი საჯარო ფიგურად ყოფნა გახდება, საქმეს კი პროფესიონალი დირექტორები გააკეთებენ, მაშინ გეზიც გასაგები იქნება და შემდეგი პრეზიდენტობის კანდიდატებიც ადვილად გამოსაცნობი.
ცვლილება #4 – არა მწვრთნელი, არამედ მწვრთნელის შერჩევის ფილოსოფია დღეს: სულ ორი ტიპის კარგი მწვრთნელები არსებობენ: ტაქტიკოსები და მოტივატორები. გენიოსებს არ ვგულისხმობ, რომლებსაც ორივე აქვთ. თუნდაც იგივე გუარდიოლას. “ბარსელონას” შემთხვევაში არც ერთი არც მეორე არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის მწვრთნელი, რომელიც ზემოთხსენებული პრეზიდენტობის კონცეფციის გაგრძელება იქნება. ანუ ტრანსფორმაციის მტკივნეულ ეტაპს ისე ღირსეულად გაივლის, რომ არა თუ გულშემატკივარი, ბევრი სპორტული კომენტატორიც იკბენს ენაზე, სანამ აუგის თქმას დააპირებს მწვრთნელზე. ამ კუთხით ჩავი ულატერნატივოა. გასახდელშიც ყველას მოუგრიხავს რქებს – რეალურად, ზიდანის მაგალითი გადმოტანაა და უდაოდ ღირს ცდად.
ტრანსფორმაციის ეტაპი ვახსენე არაერთხელ და აქვე განვმარტავ: დრო, სანამ ახალი, იდეალური სელექციის გუნდი ჩამოყალიბდება, 25 წლის საშუალო ასაკით. ნაწილი ტრანსფერებით, ნაწილი ლა მასიიდან.
თავად ჩამოყალიბებული სტრატეგია მკარნახობს, რომ შემადგენლობებზე, დაწინაურებებზე და ტრანსფერებზე მე (ჩვენ გულშემატკივრები) არ უნდა ვწერდეთ. იმათი საქმეა, ვისი რგოლის გაძლიერებაზეც ვსაუბრობდი წინა პარაგრაფებში, თუმცა ჩემთვის სასურველ შემადგენლობას დავწერ იმ მოცემულობიდან რაც გვაქვს და ტაქტიკით 4-2-1-3: შტეგენი, სემედუ, არაუხო, ლენგლე, ფირპო, დე იონგი, პიანიჩი, კოუტინიო, მესი, დემბელე, ანსუ.