თავი I. სხვა ბავშვების მსგავსად
ქვეყანას 1987 წლის 2 თებერვალს მოვევლინე. იმავე დღეს, ბაბუაჩემი ამადორ ბერნაბეუ “ბარსელონას” ოფისში წავიდა და კლუბში გამაწევრიანა. მან არ იცოდა მომავალში ვიქნებოდი თუ არა ბლაუგრანას ფეხბურთელი (ხომ შეიძლებოდა ბურთი საერთოდ არ მეგორებინა), მაგრამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ “ბარსელონასადმი” სიყვარული შთაენერგა ჩემთვის. ბავშვობიდანვე ვხედავდი, რომ ოჯახის ყველა წევრი სულით-ხორცამდე კულე იყო. და ეხლა, წლების შემდეგ, ვხვდები, რომ დიდი სასწაული მოხდა – ყველაზე დიდი სურვილი ამისრულდა, რომელზეც ბავშვობაში ვერცკი ვიოცნებებდი. მოდით, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.
ფეხბურთისადმი ჩემი ლტოლვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც 17 თვის ვიყავი. 1988 წლის 2 აგვისტო იყო. ბალანესში ვიყავი, სადაც ბებიასა და ბაბუას აგარაკი ჰქონდათ. სახლი დაუმთავრებელი გახლდათ. ტერასას მოაჯირი არ ჰქონდა. ბურთით ვთამაშობდი, ბებია მონსერატი კი სამზარეულოში სადილს ამზადებდა. სწორედ ამ დროს ბურთი წინ გამიგორდა, დავედევნე და სამი მეტრის სიმაღლიდან ძირს მოვადინე ბრახვანი.
უგონოდ ვეგდე, მიწაზე სახით ვიყავი გართხმული. ბებია არ დაიბნა და უმალ გამოიძახა სასწრაფო. ბალანესის საავადმყოფოში, რეანიმაციის განყოფილებაში მომათავსეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავის ქალის სკანირების აპარატი არ ჰქონდათ და ბარსელონაში, ვან დე ებრონის კლინიკაში გადაწყვიტეს ჩემი გადაყვანა. იქ დედაჩემი მუშაობდა.
დიაგნოსტიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თავის ქალას თხემის ძვალი მქონდა გატეხილი. ორი საათის განმავლობაში კომაში ვიყავი. ღვთის წყალობით, ნელ-ნელა გამოვკეთდი და რვა დღეში სახლში გამიშვეს. არაფერი მახსოვს, ბებიაჩემი კი ისე შეშინდა, რომ სულ იმას ამბობდა, ეს საზარელი დღეს არასდროს დამავიწყდებაო.
თუმცა, მთლიანობაში ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სახლში მეუბნებიან ფეხბურთი დაბადებიდან გიყვარდა, განსაკუთრებით კი “ბარსელონაო”. თურმე, ფეხბურთელების სახელების სწორად წარმოთქმა მიჭირდა, სტოიჩკოვს სტოფიკოს ვეძახდი. მიკვირს, როგორ ამიყვანეს “ბარსაში” მაშინ, როცა არაფერს წარმოვადგენდი.

ბებია მონსერატი მეუბნება ხოლმე, პატარა რომ იყავი, ყველაფერს ფეხბურთს უკავშირებდიო. ერთხელ ბაბუა ამადორი სახლში მოვიდა და გვითხრა, სანტიაგოში უნდა წავიდე სამსახურის საქმეებზეო. მე კიდე ეგრევე ვაჯახე, ბაბუა, რატომ მიდიხარ “სანტიაგო ბერნაბეუზე”? მეორე შემთხვევასაც გავიხსენებ. ბაბუა ფრანგ კლიენტს უნდა შეხვედროდა და როდესაც ბებიამ მითხრა, რომ ეს სენიორი ესპანურად არ საუბრობდა, გაკვირვებულმა ვკითხე, “ბარსელონაზე” თუ შეუძლია ამ ბატონს საუბარი თქო.
შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ექვსი წლის ვიყავი, მამამ სინჯებზე წამიყვანა. “ტორნეო სოციალის” ტურნირში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სპეციალური კომისია აკვირდებოდა. გამიმართლა და გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.
რამდენიმე დღეში უკვე “ბარსას” სტადიონის გვერდით ვბურთაობდი. “ტორნეო სოციალში” მონაწილე გუნდები კატალონიის მდინარეების სახელებს ატარარებდნენ. ჩემს გუნდს “ანოია” ერქვა და იასამნისფერი ფორმა გვეცვა. იქ ცხრა წლამდე ვთამაშობდი. დღესდღეისობით, ისევე როგორც მაშინ, ბლაუგრანას ბავშვთა გუნდი არ ჰყავს. პატარები “Agrupación de Peñas”-ში მიჰყავთ, სადაც ერთი წელი ვარჯიშობენ, ხოლო შემდეგ “ბარსას” ყველაზე მცირე ასაკობრივ გუნდში გადადიან.
ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. იმ დღეს, როდესაც “Agrupación de Peñas”-ში ბოლო მატჩი ჩავატარე, შემატყობინეს, რომ ბლაუგრანას “ალევინ ბ”-ში მიმიღეს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას, რომელიც მაშინ განვიცადე.
გაგრძელება იქნება…