დღეს ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქართულ სპორტულ საიტზე, ბარსამანიაზე ვისაუბრებ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდის გულშემატკივრებს უკვე წლებია გვაერთიანებს.
ალბათ, უმრავლესობამ იცით, რომ Barcamania.ge 2005 წლის მეორე ნახევარში დაარსდა. უკვე 15 წელი გავიდა საიტი კი უწყვეტად და სტაბილურად ფუნქციონირებს. 2007 წლის 12 დეკემბერს, Barcamania.ge-მ “ბარსელონას” ქართველი გულშემატკივრების პირველი შეკრება გამართა. მას შემდეგ, ჩვენი მომხმარებლები “ბარსელონას” მნიშვნელოვან თამაშებზე იკრიბებიან ხოლმე.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი ფაქტი – 2017 წლის 6 თებერვალს, Barcamania.ge-ს ბაზაზე შექმნილ ფანკლუბს (Penya Blaugrana Tbilisi) “ბარსელონამ” ოფიციალურის სტატუსი მიანიჭა. Penya Blaugrana Tbilisi “ბარსელონას” ერთადერთი ქართული ფანკლუბია.
გასულ წელს, ჩვენი საიტი მსოფლიოს მასშტაბით, “ბარსელონას” პოპულარულ ვებგვერდებს შორის გამოირჩა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საიტზე გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, დაიხვეწა ბევრი ტექნიკური დეტალი, და რაც მთავარია, გუნდს ახალი მწერლები შემოუერთდნენ.
ახლა კი სწორედ იმ ადამიანების ნაწილის (Stuff) შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ, რომლებიც ოპერატიულად და ეფექტურად გვაწვდის მნიშვნელოვან სიახლეებს ჩვენს საყვარელ კლუბთან დაკავშირებით;
ლუკა ღოღობერიძე – (მწერალი Josephk) – “ჩემთვის “ბარსა”, პირველ რიგში, ორ რამესთან ასოცირდება: ლეოს მაგია და ხელმძღვანელობის გინება. ყველაფერი 2010 წლის 6 აპრილს დაიწყო. მაშინ, ლეოს პოკერი “არსენალთან” 11 წლის ადამიანისთვის ზედმეტად შთამბეჭდავი მოვლენა იყო.
რაც შეეხება ბარსამანიას, საიტს უხსოვარი დროიდან ვსტუმრობ და უკვე რამდენიმე თვეა, ახალი ამბების წერა დავიწყე. საიტის პოლიტიკა, დაფუძნებული სანდო ინფორმაციის მოპოვებაზე, დღევანდელ დროში ძალიან ბევრს ნიშნავს. გულშემატკივრებს გისურვებთ, ბართომეუ, სეტიენი და ედერ სარაბია რაც შეიძლება მალე მოგვეცილებინოს გუნდიდან.”
გაგა ზირაქაშვილი – (რედაქტორი DaviD_ViLLa_7) – “მოგესალმებით, ძვირფასო ბარსამანიელებო. მე ვარ გაგა ზირაქაშვილი, 22 წლის. ჩემი “ბარსელონათი” დაინტერესება ბავშვობიდან იწყება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი ჯადოქრის, რონალდინიოს მაისური მაჩუქეს. როგორც არაერთი გულშემატკივარი, ფეხბურთი და “ბლაუგრანა” სწორედ რონალდინიომ შემაყვარა. მახსოვს არაერთი ჩაგდებული თამაში, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის “ბარსელონა” მოგებასა და წარმატებასთან ასოცირდება. ჩვენ ხომ დიადი გუნდის ფანები ვართ?!
რაც შეეხება ბარსამანიას, საიტზე 2012 წელს იუზერის სტატუსით დავრეგისტრირდი, 2013 წლის ბოლოდან კი მწერალი ვარ. მოკლედ რომ ვთქვა, ბარსამანიასთან ერთად “გავიზარდე”. ბარსამანია დაარსების დღიდან გამოირჩეოდა ადმინისტრაციით, ჟურნალისტებითა და მომხმარებლებით. საიტზე დასაწყისიდანვე გავიცანი უამრავი ადამიანი, მათ შორის ახლანდელი რედაქტორი ჯერემი რენერი. ვებგვერდმა არაერთ შესანიშნავ პიროვნებასთან დამაკავშირა, რომლებთანაც დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს. არ მინდა ქება-დიდება გამომივიდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ბარსამანია ბრწყინვალე ადმინისტრაციისა და სტაფის დამსახურებით, საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე სპორტული ვებგვერდია. ჩემი აზრით, ერთგულ მომხმარებლებთან ერთად შეგვიძლია, საიტი მომავალში კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. “ბარსელონასა” და ბარსამანიას ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია!”
სოფი კერესელიძე – (ედითორი – ბარსამანია ფეისბუქ გვერდი) – “პრიმიტიულად რომ ვთქვა, ბარსელონას ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ჩემი ბარსასადმი სიყვარული დაიწყო ესპანური კულტურის შეცნობის სურვილით, რაც საკმაოდ პატარა ასაკში მოხდა. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ხელოვნება და თავიდანვე სწორედ ბარსელონაში დავინახე ის ხელოვნება, რომელიც ჩემთვის შეუცვლელი გახდა. “ბარსელონამ” მომცა მოტივაცია მესწავლა ესპანური ენა და რაღაც გზით მეც შემეტანა წვლილი საქართველოს მაშტაბით “ბარსას” პოპულარიზაციაში. ქართველი მომხარებლებისთვის სიახლეების გაცნობა ბარსას შესახებ არის ის, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცემოდა, თუმცა “ბარსამანიამ” შრომა დამიფასა და ახლა მეც გუნდის ნაწილი ვარ, რაც ძალიან სასიამოვნოა, აკეთებდე იმას, რაც გიყვარს. ჯერჯერობით, წელიწადზე ნაკლებია რაც ამ შესანიშნავი გუნდის წევი ვარ, თუმცა, იმედი მაქვს, ამ საიტისთვის წლების განმავლობაში ვიმუშავებ და უამრავ საინტერესო მასალასა და სიახლეს გაგაცნობთ.”
მარიამ ფრანგიშვილი – (მწერალი marusa barcelona) – “ჩემი და “ბარსელონას” ურთიერთობა უკვე ათწლეულზე მეტს ითვლის. ჩვენი პირველი შეხვედრა საკმაოდ სპონტანური იყო. გვიან ღამით შემთხვევით ოთახში შესულმა თვალი მოვკარი ჩართულ ტელევიზორს … და დავინახე პატარა ბიჭი, სიმაღლით ლამის ჩემი ტოლი, სასწაულებს რომ სჩადიოდა ბურთთან ერთად. დავინახე სხვა ფეხბურთელები, რომლებიც მოხდენილად მოძრაობდნენ, გრძელი გამჭოლი გადაცემებით კი ბურთი მოედნის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაჰქონდათ. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მაშინ ტელევიზორში სწორედ “ბარსელონას” თამაში გადიოდა. ასე დაუგეგმავად და ამაღელვებლად შემოვიდა ეს კლუბი ჩემს ცხოვრებაში და დღემდე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ბევრი ცრემლი მიღვრია, მარცხით გულდაწყვეტილს და ბევრი გამარჯვებაც გვიზეიმია ერთად.
ემოციებით დატვირთული ვცდილობდი, ჩემი მოსაზრებები “ბარსელონას” სხვა ქომაგებისთვისაც გამეზიარებინა და ასე აღმოვაჩინე ბარსამანია. ჯერ შორიდან “ვზვერავდი”, მერე კი საიტზეც დავრეგისტრირდი. პროფესიით მომავალ ჟურნალისტს, მსურდა საყვარელი საქმე და კლუბი ერთმანეთისთვის შემეთავსებინა, ამიტომ გადავწყვიტე, თავი საიტის მწერლის რანგშიც გამომეცადა. ბარსამანიაზე ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურად ვაცნობთ სიახლეებს, ვმსჯელობთ არსებულ პრობლემებზე, გამოვხატავთ ემოციებს. აქაურობა ერთი დიდი ოჯახს ჰგავს, ლურჯ-ბროწეულისფერთა ოჯახს, რომელიც ძალიან მიყვარს.”
გიორგი ციხისთავი – (მწერალი Kraken) – “საკლუბო ფეხბურთში საყვარელი გუნდის მიმართ გულშემატკივრობის სურვილს ბავშვობიდან საყვარელი მოთამაშეები მიჩენდნენ. შესაბამისად, გამორჩეულად ერთი კლუბი ნაკლებად მიყვარდა და ძირითადად სანაკრებო ფეხბურთში ვიჩენდი სუბიექტურობას. უკანასკნელ დეკადაში ისეთი ავტორიტეტების რაოდენობა, რომლებიც დასამახსოვრებელნი არა მარტო თავიანთი თამაშითა და კლასით, არამედ ღირსებითა და მებრძოლი სულით არიან, ძალიან შემცირდა. “ბარსას” კერპად კი მე მათ უკვდავ კაპიტანს კარლეს პუიოლს ვთვლიდი და ახლაც ასე მიმაჩნია. კარლესის თამაში პირველად ესპანეთის ნაკრებში ვიხილე, სადაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ გაუვალი კედელივით იდგა. ძნელია იყო სამაგალითო როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც, მაგრამ კარლესი ამას ახერხებდა და მოსისხლე გუნდის გულშემტკივრებისათვისაც კი რთული იყო მის მიმართ რაიმე სახის ნეგატივის არსებობა. სწორედ პუიოლი ასოცირდებოდა ჩემთვის “ბლაუგრანასთან” და იყო მცველისა და კაპიტნის ეტალონი, რომლის გამოც სიმპათიები გუნდის მიმართ შეუძლებელია არ გამჩენოდა.
რაც შეეხება უშუალოდ “ბარსამანიას”, ჯერ კიდევ პირველი კომპიუტერის შეძენისას მხოლოდ ორი ქართული ვებ-გვერდის შესახებ ვიცოდი. ერთ-ერთი სწორედ “ბარსამანია” იყო. 7 წლის ბავშვს ძნელად შეიძლებოდა წარმომსახვოდა, რომ 13 წლის შემდეგ მეც ამ გვერდის ერთ-ერთი წევრი ვიქნებოდი. ჯერჯერობით აქ მწერლად მუშაობის არცთუ დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ იმაში ნამდვილად ვრწმუნდები, რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი გუნდის ან თუნდაც ზოგადად სპორტული საიტი, სადაც სიახლეების განთავსება ასეთი ინტენსივობით, ფაქტობრივად პირველ წყაროდან მომენტალურად და რაღა თქმა უნდა, ხარისხიანად ხდებოდეს. “ბარსამანია” დიდ ოჯახს წარმოადგენს, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები გულშემატკივრები არიან, რადგან მათი გამოხმაურება და აქტივობა მოტივაციის წყაროა თითოეული ჩვენგანისათვის, რათა განვვითარდეთ და უკეთესი დონის მიღწევის ამბიცია გვქონდეს.”
არმაზ ახვლედიანი – (მწერალი ფეოლა) – “მე ვარ არმაზ ახვლედიანი, 28 წლის. პირველი საფეხბურთო მატჩი, რომელიც ვნახე “ბარსელონა” – “მანჩესტერი” იყო, “კამპ ნოუზე”, 1998 წელს. აქედან იწყება ჩემი და “ბარსას” ისტორია. ამ თამაშის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, რივალდოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს მეხსიერებაში. ბევრი წარუმატებლობა და დიდი კრიზისი გადავიტანეთ, ამიტომ დღემდე ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც “ბარსას” გულშემატკივრებად დარჩნენ, ეს ერთგვარი ერთგულების ტესტი იყო, რომელიც ჩავაბარეთ და მოგვიანებით, იმ დიდი გუნდის ყურებაც დავიმსახურეთ, ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო კლუბად რომ მიიჩნევა.
“ბარსამანიაზე” ახალბედა მწერალი ვარ. აქამდე ყოველთვის ვეცნობოდი სტატიებს და წერის სურვილიც მქონდა. პანდემიის დროს სახლში გამოკეტილს, მომეცა შესაძლებლობა “ბარსამანიას” გუნდის წევრი გავმხდარიყავი და წერაც დავიწყე. იმედია, ჩემი ტრანსფერი მაინც გაამართლებს. ტრავმებისკენ მიდრეკილი არ ვარ.”
ციცი პაპუნაშვილი – (მწერალი Tsitsi) მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მე ვარ ციცი პაპუნაშვილი, 19 წლის. ფეხბურთის ყურებით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც მივხვდი, რომ თამაში ჩემი საქმე არ იყო. ჩემი მცირე ასაკიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი არ იქნება, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრობის დიდი სტაჟი არ მაქვს. ყველაზე მკაფიოდ მომენტები ლუის ენრიკეს ეპოქის დასაწყისიდან მახსოვს. სუპერ თასის შეხვედრის ტრიბუნიდან ნახვის შემდეგ კი ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერი გახდა – მეგობარიც, ახლობელიც, ნათესავიც…
საიტებზე წერაც მალევე დავიწყე და ჩემი მეგობრების რაოდენობა ერთიდან, 2-მდე გაიზარდა. ბარსამანიას 4 თვის წინ შევუერთდი და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპიც დაიწყო. მეამაყება, რომ ქართული (და არამარტო) სპორტული საიტების მასშტაბით ყველაზე ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში ვმონაწილეობ. ასევე, ბედნიერი ვარ, რომ თქვენ, ჩვენი მომხმარებლები შრომას გვიფასებთ და უკვე წლებია, ბარსამანიელების სახელს ატარებთ.
თქვენი ყოველდღიური აქტიურობა უდიდესი სტიმულის მომცემია. პირადად ჩემთვის, ამ საიტის გარეშე არსებობა უკვე წარმოუდგენელია. გპირდებით, რომ თუ თქვენც უკვე ასე არ ხართ, დამოკიდებულებს მალე გაგხდით! ძალიან მიყვარხართ და თქვენს თითოეულ კომენტარს ვაფასებ.
მიხეილ ზაქარეიშვილი – (ადმინისტრატორი, შპს ბარსამანიის შემქმნელი Barcaman) – “ბარსელონას” გულშემატკივრობა 1999 წელს დავიწყე, რის შემდეგაც, 6 წლის განმავლობაში, გუნდი რამე ღირებულის კი არა, კატალონიის თასის მოგებასაც კი ვერ ახერხებდა. “ბარსელონას” პირველი ტიტული 2005 წელს ვნახე და იმავე წელს დავაარსეთ ბარსამანია.
ცხოვრების ნახევარზე მეტია “ბარსელონასთან” ერთად მოვდივარ და 3 წელიწადში ამ ნიშნულს ბარსამანიასთან ერთადაც მივაღწევ. ჩვენი საიტი, შექმნის დღიდან მოყოლებული, ყოველთვის ცდილობდა აქცენტი ხარისხზე გაეკეთებინა და ვამაყობ იმით, რომ ამ კურსს დღემდე ვინარჩუნებთ, რაც ადვილი ნამდვილად არაა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბარსამანია კომერციული პროექტი არაა, ის ყოველთვის დამოკიდებული იყო “ბარსელონაზე” შეყვარებულ მოხალისეებზე, რომლებიც მომხმარებლებს საყვარელ გუნდზე ინფორმაციას დაუზარლად აწვდიდნენ. თუმცა, გვქონდა ჩავარდნებიც. სწორედ ამ ჩავარდნების აღმოსაფხვრელად და საიტის კონტენტის გასამრავალფეროვნებად, მიმდინარე წლის თებერვალში, ჩვენს გუნდს 5 შესანიშნავი ადამიანი შემოუერთდა, რომლებმაც, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინს გადააჭარბეს. კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები ყველას და ყველაფერს შეუქმნა და რა გასაკვირია, რომ ჩვენი ახალი პროექტებიც შეაფერხა, თუმცა, ამ პრობლემების მიუხედავად, დღეს საიტი გაცილებით დახვეწილია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო. ეს გამოიხატება როგორც სტაბილურობაში, ასევე მრავალფეროვნებაში.
ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომხმარებლებს ახალ-ახალ პროექტებს პერიოდულად შევთავაზებთ. განსაკუთრებით, გვინდა საიტის მუშაობაში მომხმარებლების ჩართულობის როლი გავზარდოთ. ასევე იგეგმება ბარსამანიას 3 უცხოენოვანი საიტის შექმნაც.”
P.S. დიახ ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და გეტყვით, რომ ჩვენი საიტი ყოველთვის ცდილობდა აქცენტი ხარისხზე, ოპერატიულობასა და სტაბილურობაზე გაეკეთებინა, ამას კი ყოველთვის კოლეგიალურობით და ერთობლივი ძალებით ვცდილობდით, მათ შორის მეც, როგორც რიგითი თანამებრძოლი, ჩემი ისტორია საიტზე 2012 წელს, 16 წლის ასაკში დაიწყო, “ბარსელონა” და ეს გარემო კი ჩემთვის მუდამ დაუვიწყარი “ნარკოტიკი” იქნება.
გილოცავთ ყველას, "მამა-დამფუძნებლების" თამადობით!!! მჯერა წინ ბევრი წარმატება გველოდება, საიტსაც და კლუბსაც!!! visca barca, visca barcamania!!!
წარმატებები <3
AMEN
#Infinitebarcamania ✌🏻
გილოცავთ 6 წელია თქვენი ხშირი სტუმარი ვარ <3
ძველ საიტზე სმაილები რომ იყო ისინი დაამატეთ რა ისევ,
ამის მსგავსი რაღაცეები იყო :
https://forum.ge/index.php?act=legends&CODE=emoticons&s=
წარმატებები.
სახელ და გვარს არ დავასახელებ და ჩვენი რაიკომის მდივანი სულ ზურგში უნდა გვიყურებდეს.