”უეფას” დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხებოდა კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებას, ზემოქმედება მოახდინა მიშელ პლატინმა, იტყობინება ესპანური გამოცემა AS.
შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსის მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც ”უემბლის” სტადიონზე უნდა გაიმართოს, კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მას მადრიდის ”რეალის” წარმომადგენლები მარსელოს მიმართ რასისტულ გამონათქვამებში დებდნენ ბრალს. ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარ-ფინალურ მატჩში მოხდა. მადრიდელთა მტკიცებით, ბუსკეტსმა მარსელოს ”მაიმუნი” უწოდა.
მიუხედავად ”რეალის” მიერ შეტანილი სარჩელისა, ”უეფამ” ბუსკეტს ფინალში თამაშის ნება დართო და მისი ქმედება არ მიიჩნია დანაშაულად.
წყაროს მიხედვით, პლატინმა უშუალო ზემოქმედება არ მოახდინა დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მან განაცხადა, რომ მოედანზე მომხდარი ფაქტები იქვე უნდა დარჩეს.
