workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” სიამაყე

“ბარსას” სიამაყე

კარლეს პუიოლი “ბარსას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაპიტანია. მისი კარიერისთვის თვალყურის დევნება, დიდებული სანახავი იყო. მისგან არ ელოდნენ მწვერვალების დაპყრობას, ისე როგორც მალდინის ან ნესტას უყურებდნენ ახალგაზრდობაში, არც ჟერარ პიკეს მსგავსად პოპულარული ყოფილა. ვერც იმას ვიტყვით, რომ საწყის ეტაპზე დიდი ტალანტით გამოირჩეოდა, მაგრამ თავისი შრომით და პროფესიონალიზმით კარლეს პუიოლმა ყველა საფეხბურთო მწვერვალი დაიპყრო.

ლეგენდა – არის სიტყვა, რომელიც ზუსტად შეეფერება ჩვენს კაპიტანს. მოფერებით “მუფასაც” უკადრებიათ, იმის აღსანიშნავად, რომ ნამდვილი ლომივით იბრძოდა მოედანზე და განსაკუთრებით მადრიდელი აფთრებისგან არ ტოვებდა არაფერს.

თავში რამდენიმე კადრი ამომიტივტივდა, რომლებსაც სათითაოდ მივყვები და კარლესის გმირობების, ერთობ სუბიექტური სიაც გამოვა. ყველას თავის სია აქვს, ყველას თავის მოგონებები აკავშირებს და იქნებ სადმე გადავიკვეთოთ კიდეც.

5. პუიოლმა იუდას კუდით ქვა ასროლინა

მას შემდეგ რაც ფიგუ “რეალში” გაგვექცა, დადო პირობა, რომ “კამp ნოუზე” არასდროს დაბრუნდებოდა, რამდენჯერმე მოახერხა კიდეც “კლასიკოსთვის” თავის არიდება, ჟურნალისტები ბრალს სდებდნენ, რომ შეგნებულად იღებდა ბარათებს, რომლებიც თამაშის გამოტოვების უფლებას აძლევდა, მაგრამ იმ დღეს, იმ ცნობილ დღეს, ფიგუ პირველად დაბრუნდა სახლში და კატალონელები ღორის თავით გაუმასპინძლდნენ.

ფიგუ საუკეთესო ფორმაში იყო, “ოქროს ბურთიც” მიაჩეჩეს ხელში და მისი შეჩერება თითქოს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სწორედ ამ დროს აღმოჩნდა მასთან კარლეს პუიოლი.

სანამ პორტუგალიელი წავიდოდა,”ბარსაში” მეფე იყო, კარლესი კი ერთი მშრომელი ბიჭი, რომელსაც მხოლოდ მწვრთნელები ამჩნევდნენ. არ ვიცი რა იფიქრა ფიგუმ, როცა გააცნობიერა, რომ პუიოლი პერსონალურად მეურვეობდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რა იფიქრა, როცა თამაში დასრულდა – თავ-ბედს იწყევლიდა სახლში დაბრუნების გამო.

პუიოლი ჩრდილივით დაყვებოდა და ფეხი არ გაანძრევინა, იმ დროის საუკეთესო ფეხბურთელს.

ამაზე დიდი სიამაყე “ბარსას” პუბლიკას ალბათ არასდროს უგრძვნია, მათივე აღზრდილმა, უბრალო, თავმდაბალმა და ერთგულმა ბიჭმა, მთავარი მოღალატე მოედნიდან გააქრო.

სწორედ ეს გახდა დიდი ლეგენდის დასაწყისი.

4. გოლი კლუივერტს გააქვს, მაგრამ ფანები ყვირიან “პუიოლს”!

კაპელოს “რომა” დიდი ვერაგი გუნდი იყო. კლასიკური იტალიური დაცვით და ლამაზი შეტევით. “ბარსა” კი იმ პერიოდში დიდი რეგრესისკენ მიდიოდა. სწორედ ამიტომ რომში 3-0 მოიგო “რომამ”, მომდევნო დღეს, გაზეთები წერდნენ, რომ კაპელო “ბარსას” პერსონალური ჯოჯოხეთია და იხსენებდნენ “მილანი”-“ბარსელონას” ფინალს, სადაც კაპელოს გუნდმა, კრუიფის “ოცნების გუნდი” გაანადგურა.

არც ბარსელონაში გამოდგა კარგი თამაში, პანუჩიმ ანგარიში გახსნა და “რომა” დაწინაურდა. “ბარსას” არაფერი გამოსდიოდა, რივალდო ტრავმით თამაშობდა, ის კი ნახევარი გუნდი იყო. მხოლოდ კარლეს პუიოლი დარბოდა ფლანგზე დაუღალავად, ყოველი მისი ჩარბენა გულშემატკივრის ოვაციებს იწვევდა, რადგან თითოეული ბურთისთვის იბრძოდა და აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო. “ბარსა” ისე უღიმღამოდ გამოიყურებოდა, რომ გარდა პუიოლისა ფანები ყველას უსტვენდნენ, გუნდს არანაირი ტაქტიკური სქემა არ გააჩნდა და უბრალოდ არ იცოდა როგორ შეეტია, სწორედ ამ დროს ყველაფერი პუიოლმა შეცვალა. ფლანგზე ბურთი კანდელას მიუგორდა, მაგრამ პუიოლი რის პუიოლია, რომ ბოლომდე არ ებრძოლა?! მცველს კუთხურის ალამთან ბურთი აართვა, შეტევა წამოიწყო და პატრიკ კლუივერტს გაატანინა. ჰოლანდიელმა შესანიშნავი დარტყმით გაიტანა, მაგრამ მთელი სტადიონი სკანდირებდა პუიოლს! ეს დასტური იყო იმისა, რომ ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მთელი თამაშის განმავლობაში ქანცის გაწყვეტამდე ირბინა და საბოლოოდ, პერსონალურად მან იხსნა გუნდი წაგებისგან.

3. შტურმი “სან-სიროზე”

პუიოლი არასდროს მალავდა სიმპატიებს “მილანის” და პაოლო მალდინის მიმართ. ისიც არართხელ უთქვამს – “რომ არა “ბარსა”, “მილანში” სიამოვნებით ვითამაშებდიო.” ეს სიმპატია რა თქმა უნდა გასაგებია, “მილანი” ხომ დიდი მცველების კლუბია. კარლესის ეტალონიც ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი იყვნენ. ბარეზის წასვლის მერე მალდინი კოსტაკურტასთან წვალობდა, ამიტომ ნესტა მოუყვანეს და ყველაფერი დალაგდა. კიდევ ერთი დიდებული მცველი, ალბათ თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი.

იმ ფორმაციის “მილანზე”, უნდა ითქვას, რომ ეპოქალური გუნდი იყო. არიგო საკის “მილანის” შემდეგ, სწორედ ანჩელოტის გუნდი იყო საუკეთესო, გარდა საოცარი მცველებისა, ნახევარდაცვა და თავდასხმაც იდეალურად გამოიყურებოდნენ.

“ბარსა”-“მილანის” დაპიისპირებისას ორივე კლუბი შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შევჩენკო-კაკას დუეტი, გოლს ვერ გაიტანდა. შევა დაფრინავდა, კაკა შეუჩერებელი იყო, იქამდე სანამ პუიოლს გადაეყრებოდა, ფეხბურთის ფანებმა იცოდნენ, რომ კაკა თუ მოძრაობაზე დაგიჭერდა და ბურთს გაიგდებდა, მერე მისი შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ალბათ ფიზიკის კანონებიც უნდა დაგერღვია, რომ ამ დროს მისთვის ბურთი აგერთმია, თან სუფთად. პუიოლმა ყველაფერი დაარღვია. “მილანელების” გაკვირვება მცველობით წარმოუდგენელია, მაგრამ პუიოლმა ეს შეძლო, ტაში და საპასუხო პატივისცემაც დაიმსახურა.

ვერ ვიტყვი, რომ ეს მისთვის საუკეთესო შეხვედრა იყო, მაგრამ “მილანურ” შტურმს, რომ “ბარსამ” გაუძლო, ეს მეტწილად მისი დამსახურებაა და ასე, ცალკეულ ფრაგმენტებად ამის ჩვენება, უბრალოდ არ გამოვა.

იმ შეხვედრაში ბრაზილიელმა ჯადოქარმა ისეთები აკეთა, პუიოლის მცველობა ჩრდილში მოექცა, მაგრამ “ბარსას” ფანებს გვახსოვს. ჩვენ ყველაფერი გვახსოვს.

2. ბერნაბეუზე აღმართული კაპიტნის სამკლაური

დამბურძგლა. – აგერ თბილისში, საბურთალოზე, წივილ-კივილთან ერთად, მივხვდი, რომ ხელზე ბუსუსები მეყარა, როცა ჩვენი ლომი აფრინდა და “რეალს” შეუგდო “ბერნაბეუზე”, მერე სამკლაური მოიხსნა, ისე აკოცა, როგორც მშობლიურ მიწას კოცნიან და ჩვეულად დაიღრიალა.

ნეტავ კატალონიაში რა მოუვიდათ? ალბათ ისევ ის იგრძნეს, რაც წლების წინ “კამპ ნოუზე” ფიგუს გაფარჩაკებისას.

სიამაყე.

პუიოლი “ბარსას” სიამაყე იყო.

კლუბის ღირსება.

1 რის გამოც ყველას უყვარდა.

იმ დროინდელი “კლასიკოები” განსაკუთრებულად დაძაბული გამოდიოდა. ამის მიზეზი “განსაკუთრებული” იყო, რომელსაც ერთხელ “კამპ ნოუზე” ბანერი დაახვედრეს – “შენ ჩვენთვის ყოველთვის თარჯიმანი იქნებიო”.

მოდი ჩვენც “თარჯიმანი” დავუძახოთ. აბა, განსაკუთრებული მას, “კლასიკოში” არასდროს არაფერი უჩვენებია.

ჟოზეს და გვარდიოლას მსაჯებთან მიმართებაშიც თავისებური ტაქტიკა ჰქონდათ. ჟოზე მუდმივად აკრიტიკებდა და ზეწოლას ახდენდა მათზე, ამას შედეგიც ხშირად მოჰქონდა. პეპი კი ყოველთვის უარს ამბობდა მსაჯების კრიტიკაზე, თუნდაც მათი შეცდომების შემდეგ, ასე ცდილობდა მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და ესეც ხშირად მუშაობდა.

შესაბამისად, პეპი ჩუმი და მშვიდი იყო. “თარჯიმანი” კი მუდმივად წუწუნებდა. გვახსოვს მისი ცნობილი – “Porke?”

მოედანზე ეს ყველაფერი იგრძნობოდა, ჟოზეს გუნდი იყო უხეში და თამაშობდნენ ბინძურად. “ბარსას” ფეხბურთელები კი ზედმეტი გაფორმებით ცდილობდნენ “რეალის” უხეშობაზე პასუხს. (დანი ალვეშს და ბუსკეტსს ეს არ ეშლებათ) ასე რომ იმ პერიოდში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ თამაშმა ბინძური სახე მიიღო და “კლასიკომ” ხიბლი დაკარგა, მაგრამ ამ დროს მოხდა ის, რამაც თითოეულ ფეხბურთელს გაახსენა, რომ პირველ რიგში გლადიატორები უნდა იყვნენ და არა არტისტები.

პიკემ ტრიბუნიდან ნასროლი ნივთი აიღო, აპირებდა, რომ მსაჯისთვის გადაეცა პროტოკოლში შესატანად, მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით..
გრძნობა კი ისევ ისეთი, ანალოგიური – სიამაყე.

დღეს, დიდი კაპიტანი, 42 წლის გახდა.

იმედს გამოვთქვამ, რომ კლუბს, რომელიმე თანამდებობაზე, აუცილებლად დაუბრუნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Ronaldo De Asis Moreira 10( Gaucho )
    schedule 13 აპრ 2020, 21:22
    #9

    პუი გილოცავ იუბილეს.კიდევ მრავალი მოგველოცოს დაცვის ბურჯო.ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში.მალე დაბრუნებულიყავი ბარსელონაში შენ რა თანამდებობაზეც გინდა იქ. წარმატებები ლეგენდავ 😍😍😍😍😍

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2020, 19:52
    #8

    ის თუ გახსოვთ, ბარსამ რო გაიტანა და ალვესმა და აბიდალმა რაღაც ნიგერული ცეკვა რო დაიწყეს კუთხურის ალამთან? როგორ მოვარდა და ხელით რეზკად ანიშნა უკან საკუთარ მოედანზეო.

  • M10 S9 D11
    schedule 13 აპრ 2020, 17:25
    #7

    როგორ გვაკლია ეს კაცი გასახდელში

  • ფეოლა
    schedule 13 აპრ 2020, 16:58
    #6

    ციტატა: Iniesta_8

    ციტატა: ფეოლა

    ციტატა: Iniesta_8
    ბარსას ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი და მცველია, იმედია ვინმე ასეთი კიდევ ეღირსება კლუბს

    რომ არა კრუიფი, თამამად გამოვაცხადებდი, რომ საუკეთესო კაპიტანია : )
    სეზარიც ძალიან დიდი კაპიტანი იყო.
    უბრალოდ ჩვენ არ გვინახავს..


    კრუიფი მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო და კაპიტნობაც მაგიტომ მისცეს ალბათ რახან ყველა პატივს სცემდა და ყველასთვის ავტორიტეტი იყო, პუიმ კიდე თავის შრომით და მონდომებით დაიმსახურა ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ უდიდესი კლუბის კაპიტნობა.არამგონია კრუიფს უკეთ გაემხნევებინა გუნდი ვიდრე პუის

    არა რას ამბობ?!
    პუიოლი ჩემთვის ძალიან დიდი კაპიტანია, მაგრამ კრუიფმა, რომ გამხნევება და ორგანიზება იცოდა ეგეთი ალბათ არავინ.
    ბრძოლისუნარიანობას რაც შეეხება, ამაში ბადალი არ ჰყავს.
    მაგრამ კაპიტანი მარტო მაგით არ ფასდება, ყველას თავის ღირსება ქონდა.

  • Iniesta_8
    schedule 13 აპრ 2020, 16:40
    #5

    ციტატა: ფეოლა

    ციტატა: Iniesta_8
    ბარსას ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი და მცველია, იმედია ვინმე ასეთი კიდევ ეღირსება კლუბს

    რომ არა კრუიფი, თამამად გამოვაცხადებდი, რომ საუკეთესო კაპიტანია : )
    სეზარიც ძალიან დიდი კაპიტანი იყო.
    უბრალოდ ჩვენ არ გვინახავს..


    კრუიფი მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო და კაპიტნობაც მაგიტომ მისცეს ალბათ რახან ყველა პატივს სცემდა და ყველასთვის ავტორიტეტი იყო, პუიმ კიდე თავის შრომით და მონდომებით დაიმსახურა ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ უდიდესი კლუბის კაპიტნობა.არამგონია კრუიფს უკეთ გაემხნევებინა გუნდი ვიდრე პუის

  • Pique_3
    schedule 13 აპრ 2020, 15:58
    #4

    როცა ბარსელონას ეხება საქმე ყველა კრუიფს მესის დ გვარდიოლას ახსენებს და პუიოლი რატომღაც ყველას ავიწყდება🥺დიდი ვერაფერი გუნდი რო იყო ბარსელონა ზუსტად მაშინ უნდოდა ფერგიუსონს და ძალიან ბევრ გუნდს ამ კაცის ყიდვა მარა ბოლომდე ბარსელონას ერთგული დარჩა❤ყველაზე მაგარი კაპიტანი და ყველაზე მაგარი ადამიანია პუი😇ნებისმიერი ბარსელონას ფანი უნდა ამაყობდეს იმით რო ამდენი ხანი კარლესისნაირი ადამიანობის ეტალონი კაპიტანი გვგავდა👏👏👏

  • ფეოლა
    schedule 13 აპრ 2020, 15:55
    #3

    ციტატა: Iniesta_8
    ბარსას ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი და მცველია, იმედია ვინმე ასეთი კიდევ ეღირსება კლუბს

    რომ არა კრუიფი, თამამად გამოვაცხადებდი, რომ საუკეთესო კაპიტანია : )
    სეზარიც ძალიან დიდი კაპიტანი იყო.
    უბრალოდ ჩვენ არ გვინახავს..

  • Iniesta_8
    schedule 13 აპრ 2020, 15:49
    #2

    ბარსას ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი და მცველია, იმედია ვინმე ასეთი კიდევ ეღირსება კლუბს

  • shu1987
    schedule 13 აპრ 2020, 14:58
    #1

    ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი და ადამიანი, სწორედ ამის ბრძოლისუნარიანობა და შემართება აკლია დღეს ბარსას. ლეგენდა კაცი.