workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2 ტიტანის 4 შერკინება

2 ტიტანის 4 შერკინება

დასრულდა ოთხმატჩიანი მარათონი “რეალსა” და “ბარსელონას’ შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩებმა მეტისმეტად დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა. ბრძოლა მიმდინარეობდა ყველანაირი მიღებული და მიუღებელი ილეთით როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. როგორც აღმოჩნდა, არც ჟოზე მაურინიო შეცვლილა ამ ერთ წელში და მისი დროებითი მიყუჩება მხოლოდ 29 ნოემბერს მიღებული “ფრიადის” დამსახხურება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიელები გარკვეულწილად აყვნენ სეუ ჟოზეს და საკუთარი ხრიკებითვე დაამარცხეს. მართალია მოედნის ატალახება და ფეხბურთელებისთვის ლაზერების მინათება არავის უკადრებია, მაგრამ იკადრეს სიმულაცია. ვერც გაამტყუნებ, როდესაც გამუდმებით ფეხებში გხვდება, უკვე მომაბეზრებელია. როცა ფეხბურთს თამაშობ და მეტოქე ამას არ გაცდის, მაშინ გიჩნდება სურვილი, რომ ამისთვის ის საკადრისად დაისაჯოს. როდესაც სიმულაციაზე საუბრობენ, ხშირად ბევრს არ ახსენდება, რომ “ბარსას” არცერთ ფეხბურთელს არ მიუმართავს სიმულაციისათვის, როდესაც მეტოქე მას არ შეხებია (არ გავაკეთებთ კომენტარს პეპეს “უმანკობის” დამადასტურებელ დამონტაჟებულ ვიდეოზე, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა) და როდესაც ფეხბურთელი რეალურად იღებს დარტყმას, შემდეგ უკვე უაზრობაა იმაზე საუბარი, თუ რამდენად გადააჭარბა ტკივილის გამოხატვისას. სიმულაციის თემას იმიტომ ვუთმობთ ამდენ ადგილს, რომ ამ 4 მატჩიან დუელზე, ყველას ის საკამათო ეპიზოდები ახსენდება, რომლებშიც მსაჯი მადრიდელ ფეხბურთელებ სხვადასხვა ფერის ბარათებით სჯიდა. მივყვეთ მეთოდურად…

  ამ ოთხი მატჩიდან პირველი ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა, ეს შეხვედრა საფეხბურთო ექსპერტებმა თავიდანვე დანარჩენი 3 კლასიკოს ერთგვარ რეპეტიციად მონათლეს, რადგანაც მისი შედეგი სავარაუდოდ ბევრს ვერაფერს შეცვლიდა სატურნირო ცხრილის საბოლოო სურთში. მატჩისწინა ვითარებაც შტორმის წინ ჩამოვარდნილ შტილს მოგვაგონებდა. ორივე გუნდის ბანაკში აცხადებდნენ, რომ ამ მატჩს დანარჩენ სამზე ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ბოლომდე იბრძოლებდნენ. ასეც მოხდა. ამის დასტურია თუნდაც ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილება და ჯერ ისევ ტრავმამოუშუშებელი კაპიტნის ძირითად შემადგენლობაში დაყენება, რომელიც მეორე ტაიმში შესაცვლელი გახდა. მატჩი ძირითადად პოზიცურ ბრძოლაში წარიმარტა და საკმაოდ მოსაწყენი საყურებელი გამოდგა. ბარსას გარისკვა არ სჭირდებოდა, რეალს კი კარგად ახსოვდა ნოემბრის გაკვეთილი და ჯიუტად ამჯობინებდა მეორე ნომრად ასპარეზობას. კლასიკომ თავისი სახელი მხოლოდ მატჩის ბოლოსკენ გაამართლა, როდესაც მასპინძლები წითელი ბარათითა და 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დასაჯა მსაჯმა. მალევე მოუწია კატალონიელთა თავკაცს იძულებითი ცვლილების გაკეთება და მოედნიდან გუნდის კაპიტნის, კარლეს პუყოლის გაყვანა. მიუხედავად რიცხვობრივი უპირატესობისა, კატალონიელებმა პოზიციები დათმეს მოედნის ცენტრში, რაც მეტწილად სერხიო ბუსკეტსის დაცვის ცენტრში ჩაწევით იყო გამოწვეული (ეს შეცდომა გვარდიოლამ შემდეგ თამაშებში გამოასწორა და ბუსკეტსი ძველ პოზიციას დაუბრუნა). მადრიდელებმა ასევე პენალტით გაათანაბრეს. ამის შემდეგ მატჩი მეტ-ნაკლებად მშვიდად მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თამასში მადრიდელთა ზეპრაგმატულმა ასპარეზობამ იმდენად აღაშფოთა “რეალის” სიმბოლო და საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დისტეფანო, რომ საჭიროდ ჩათვალა ოფიციალური უკმაყოფილების გამოთქმა რეალის თამშის სტილთან დაკავშირებით, რაც 5-0-ის შემდეგაც კი არ გაუკეთებია, თუმცა ამას მადრიდელებმა მარტივად “წაუყრუეს”, აქაოდა ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს და ჟოზეს მისგან არაფერი ესწავლებაო.

სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაისმა მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის პირველი საყვედური მსაჯების მიმართ. მაურინიოს აზრით, დანიელ ალვესიც ზუსტად ისევე იმსახურებდა წითელ ბარათს საჯარიმოში წესების დარღვევისას, როგორც რაულ ალბიოლი, მაგრამ მსაჯმა კატალონიელი დაინდო. ვერ გეტყვით, მაურინიოს და მადრიდელთა გულშემატკივრებს დაავიწყდათ ბოლო იმედის ჯარიმასა და ჩვეულებრივ ჯარიმას შორის არსებული განსხვავება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო “არასაფეხბურთო” დაპირისპირების სეზონის გახსნა. წითელი ლენტის გაჭრა კი, რა თქმა უნდა, არავის დაუთმო ექსტრავაგანტულმა პორტუგალიელმა.

მეორე მატჩი უკვე ესპანეთის სამეფო თასისს ფინალი გახლდათ. ეს დაპირისპირება წინაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო და ყველა უფრო აკადემიური სტილის თამაშს მოელოდა თუნდაც წინა კვირას გამართული შეხვედრის გათვალისწინებით. ამიტომაც ცოტა მოულოდნელი გამოდგა მადრიდელთა აქტიური თამაში მატჩის პირველ ნახევარში. როგორც აღმოჩნდა, ამისათვის არც “ბარსელონა” იყო მზად და მთელი ტაიმი ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში გაატარა. რთული სათქმელია მადრიდელთა დაღლისა, თუ გვარდიოლას ჩარევის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რომ არა “რელის” კიპერის ბრწყინვალე ასპარეზობა, შეხვედრა დამატებით დრომდე ნამდვილად არ მივიდოდა. დამატებით რდოშიც ანალოგიური თამში გაგრძელდა: “ბარსა” უტევდა და რეალი თავს იცავდა. საბოლოოდ მადრიდელთა გათვლამ გაამართლა, მათ თავიანთი შანსი მშვენივრად გამოიყენეს და პირველი დამატებითი ტაიმის მიწურულს სწრაფ კონტრ-იერიშზე გატანილი გოლის წყალობით დაეუფლნენ კოპა დელ რეის – ს თასს.

სწორედ ამის შემდეგ გადაინაცვლა ბრძოლის ველმა საკონფერენციო დარბაზებში. როგორც ჩანს ბატონმა ჟოზემ ირწმუნა, რომ მის გუნდს შესწევდა საძულველი მეტოქის დამარცხების ძალა, მოხსნა გუდას პირი და ამდენი თვის განმავლობაში დაგროვილი ბოღმა ერთიანად ამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ მას და მის გუნდს გვარდიოლამ გამარჯვება მიულოცა მატჩის შემდეგ, ჟოზემ იგი მკაცრად გააკრიტიკა და იმ ახალი კატეგორიის მწვრთნელი უწოდა, რომლებსაც მსაჯის შეცდომები ახარებთ. ეს უკვე ღია ბრძოლის გამოცხადება იყო. ასეთ შეფასებებს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა ხოსეპ გვარდიოლა: “”თუ მან (მოურინიო) გადაწყვიტა ჩემზე საუბარი, მეც იგივეს ვიზამ – ჩვენ ხვალ ერთმანეთს მოედანზე შევხვდებით. მოედანს გარეთ მან მოიგო თამაში და მე ვჩუქნი მას ჩემპიონობას – წაიღოს სახლში და დატკბეს. ჩვენც შეგვიძლია ჩამოვთვალოთ იმდენი არგუმენტი, რომ ამას დასარული არ ექნება, მაგრამ არ ვაპირებთ. ჩვენ უბრალოდ გავალთ ხვალ მოედანზე და ვითამაშებთ. არ მინდა პრესის ოთახში შევეჯიბრო მას – ის ამაში საუკეთესოა, მაგიურია. მე არ მინდა ამ თამაშში მონაწილეობის მიღება.

თუკი ”ბარსელონას” ისეთი მწვრთნელი სურს, რომელიც ამ ბრძოლაში ჩაერთვება ახალი მწვრთნელის მოძებნა გახდება საჭირო. ამ ბრძოლაში მე არ ჩავერთვები. შემიძლია ვისაუბრო ოლეგარიე ბუნკერენსეზე, რომელმაც ”ინტერთან” 1/2 ფინალური მატჩი იმსაჯა. შემიძლია ვისაუბრო მილიტოს თამაშგარედან გატანილ გოლზე, დანი ალვესზე არდადებულ პენატლტზე, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.”

ადვილი წარმოსადგენია, თუ რამხელა მნიშვნელობა შეემატა მოახლოებულ ისედაც უმნიშვნელოვანეს 1/2 ფინალურ მატჩებს. მატჩებმა, გარდა სატურნირო დატვირთვისა, შეიძინა ერთგვარი ღირსების მნიშვნელობაც. გვარდიოლამ განაცხადა, რომ ის მოედანზე უპასუხებდა მადრიდელებს და ასეთ დროს დამარცხება რასაც ნიშნავდა ყველა კარგად აცნობიერებდა. ალბათ, სწორედ ამის იმედად იყო ენაკვიმატი პორტუგალიელიც, რადგანაც მისგან ვეღარ მოვისმინეთ “პასუხის პასუხი.”

მატჩი 1-ლიდან 90-ე წუთის ჩათვლით ძალიან დაძაბული, მღელვარე და უკომპრომისო გამოდგა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ მადრიდელებს დავალებული ჰქონდათ, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ არ გაეშვათ ბურთი საკუთარ კარში. პატარ-პატარა ჯარიმებით ჩანასახშივე შლიდნენ კატალონიელტა იერიშებს. მატჩის ბოლოსკენ კი უხეშობას უმატეს და 10 კაცით დარჩნენ მოედანზე (ამ მომენტის განხილვაზე დიდხანს აღარ შევჩერდები, იხილეთ ჩემი წინა სტატია), პეპეს გაძევებამ “ბარსას” ხელ-ფეხი გაუხსნა, რაც 2 გოლში გამოიხატა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდელებს ფაქტობრივად არ ჰქონიათ რეალური საგოლე მომენტი არც უმცირესობაში დარჩენამდე და არც შემდეგ.

“ღირსების მატჩში” მარცხი ძალიან მტკივნეულად აღიქვა ჟოზე მაურინიომ. მან აღშფოტება ჯერ კიდევ უშუალოს მატჩის დროს ვერ დამალა, პეპეს გაძევებას ცინიკური აპლოდისმენტებით შეხვდა და თავადაც დაიმსახურა წითელი ბარათი, ამის შემდეგ კი სწორედ იმის გაკეთება დაიწყო, რისთვისაც ერთი კვირის წინ თავის კატალონიელ კოლეგას საჯაროდ საყვედურობდა, პორტუგალიელმა მარცხზე პასუხისმგებლობა არ აიღო და მომხდარი მთლიანად მსაჯს, “უეფასა” და “უნისეფს” (!!!) გადააბრალა. გაიხსენა სხვა მატჩებიც, როდესაც “ბარსას” მსაჯები “მიეშველნენ” და ერთი სიტყვით, შესაშური არტისტიზმით დაგვიხატა შეთქმულების თეორიის სურათი. ამაზე უეფას რეაქციამაც არ დააყოვნა და დედაქალაქელთა თავკაცმა 4 მათჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. რა თქმა უნდა, მაუს მხარი აუბეს ფეხბურთელებმა და მადრიდულმა პრესამაც. ის ერთი წუთითაც არავის მოსვლია თავში, რომ გაეხსენებინათ დიდი ალფრედო დი სტეფანოს სიტყვები და ჟოზე გაეკრიტიკებინათ მადრიდული გრანდის იმ მდგომარეობამდე მიყვანის გამო, რომ “ბარსას” წინააღმდეგობას, მხოლოდ დაცვითი და უხეშობის ზღვრამდე მისული ფეხბურთით უწევენ, მითუმეტეს, როდესაც გუნდში ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მაგრამ რას იზამ, როგორც ერთმა ქართველმა კომენტატორმა აღნიშნა: ამ ფეხბურთელებს ავალდებულებენ, რომ გინდა თუ არა “ბარსელონა” უნდა დაამარცხონ, არ შეუძლიათ და რა ქნანო…

მეორე შეხვედრას ნაკლები აჟიოტაჟი უძღვოდა წინ, რადგანაც ფინალში გამსვლელის ვინაობა სანახევროდა გარკვეული იყო. მაურინიომ გუნდი მხოლოდ მადრიდში ავარჯიშა, თანაც დახურულ კარს მიღმა და ყველა რაღაც სიახლეს ელოდა მისგან, მაგრამ მადრიდელებს ახალი არაფერი შემოუთავაზებიათ. 2 ბურთიანი ჩამორენის პირობებში, ისევ და ისევ იდგნენ და ელოდნენ “ბარსას” შეცდომას. როგორც გამოჩნდა. დისკვალიფიცირებული პეპეს ფუნქცია ამჯერად ლასანა დიარას ჰქონდა დაკისრებული და ისიც მოურიდებლად ეუხეშებოდა ყველა მოწინააღმდეგე ფეხბურთელს, როდესაც ამის შანსი ეძლეოდა. ამ მატჩის მიმოხილვაზე დიდხანს გაჩერება არც ღირს, რადგანაც ძალიან აკადემიურ ბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა.

თუმცა, ამ მატჩშიც იყო ეპიზოდი, რომელმაც მადრიდელებს და მათ გულშემატკივარს მისცა საშუალება ყურადღება საკუთარი გუნდის უსუსური თამაშიდან კვლავ მსაჯზე გადაეტანათ. სახელდობრ გონსალო იგუანის მომენტი. დიახ, მომენტი და არა “არჩათვლილი გოლი”. ვინმემ შეიძლება ამას ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს, მაგრამ მაინც სჯობს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. გოლი არ შეიძლება იწოდოს “არჩათვლილად” მაშინ როდესაც დარტყმა სასტვენის შემდეგ სრულდება. მსაჯს უკვე ჯარიმა ჰქონდა დაფიქსირებული, როდესაც იგუანმა დარტყმა შეასრულა და დიდი პროტესტი არც გამოუხატავს მსაჯის მიმართ. არც კი გაუხედავს არბიტრისკენ. ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ ყურადსაღები ნიუანსი. წინა მატჩშიც არ გამოუხატავს პეპეს დიდი პროტესტი, როდესაც გააძევეს, რადგანაც ხვდებოდა თავის დანაშაულს. მიუხედავად ამისა მადრიდული პრესა და გულშემატკივარი კვლავ აქტიურად მიუთითებს მსაჯის შეცდომებზე. (2-ჯერ გასაგდები კარვალიო, ადებაიორი და დიარა, რა თქმა უნდა არავის ახსენდება. ეს თემა მაშინ შეიძენდა აქტუალურობას, “ბარსა” რომ ვერ გასულიყო ფინალში). აღნიშნულ ეპიზოდში შეიძლებოდა ჯარიმის დანიშვნა, მაგრამ არამც და არამც გოლის ჩათვლა, რონალდოზე დაჯარიმდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ამის შემდეგ უფლება ჰქონდა იგივე გაეკეთებინა მოწინააღმდეგის მიმართ ნებით თუ უნებლიედ, როდესაც ჯარიმის შემდეგ თამაში გრძელდება, ის სიევ იმავე საფეხბურთო წესებით გრძელდება და დაზარალებულ გუნდს მოლოდ ის პრივილეგია აქვს, რომ შეტევის ვერგანვითარების შემთხვევაში, მსაჯი “დამახსოვრებულ” ჯარიმას დანიშნავს. ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო ამჯერადაც: მას შემდეგ, რაც რონალდო საპასუხოდ დაჯარიმდა, მსაჯს უნდა დაედო ‚დამახსოვრებული ჯარიმა”, გოლის ჩათვლაზე საუბარი უბრალოდ უაზრობაა.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ “ბარსელონა” ფინალშია. ვერავის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ კატალონიელებმა ორმატჩიან დუელში მეტოქეზე ცუდად იასპარეზეს და შემთხვევით გაიმარჯვეს. გუშინ ავიღე რამდენიმე ინტერვიუ ბარსელონასა და რეალის გულშემატკივრებთან და კატალონიელთა ფანები თავიანთი გუნდის წარმატების მთავარ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მათი გუნდი არ ღალატობს ათწლეულების განმავლობაში დანერგილ სტილს და ტრადიციებს. მადრიდელებს კი მობეზრდათ ძველი “თეთრი ბალეტის” აღდგენის მოლოდინი და ისეთ მწვრთნელს უხმეს, რომელსაც მათთვის ტიტულები უნდა მოეტანა. ალბათ, ყველამ კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა გუნდში მაურინიოს მოსვლა. “რეალმა” უარი თქვა თავის სტილზე და ყველაზე წინ შედეგი დააყენა. როგორც მადრიდელებისგან ხშირად გაიგებთ: მთავარი შედეგი და მოგებაა, მეორეხარისხოვანია, თუ როგორ…

შედეგი: “ბარსელონა” ფინალშია, მეორეხარისხოვანია, თუ როგორ…

თორნიკე რაზმაძე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში