18 დღის წინ საფეხბურთო სამყარო დიდი სანახაობისთვის ემზადებოდა. მათ ”ბარსელონასა” და ”რეალის” დაპირისპირება უნდა ენახათ. სანახაობა შედგა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ველოდით.საფეხბურთო დაპირისპირება ნამდვილ ომში გადაიზარდა. მწვრთნელები, ფეხბურთელები, კლუბების პრეზიდენტები, პრესა და მესამე პირები ერთმანეთის კრიტიკით არ იღლებოდნენ. ”ხვალ ყველაფერი დამთავრდება”- ეს იყო ფრაზა, რომელიც ყველაზე ბევრჯერ გაიმეორა პეპ გვარდიოლამ გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ”მე ამას არ ველოდი და დიახ, ნამდვილად ველი მის დასრულებას” – შეაჯამა გვარდიოლამ თავისი გამოსვლა.
ღია ომში, რომელიც კატალონიელებსა და მადრიდელებს შორის გაჩაღდა, კლუბებმა ”უეფაც” ჩართეს. ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ-ფინალური მატჩის შემდეგ ორივე გრანდმა ფეხბურთის უწყებას პრეტენზიებით მიმართეს და მოწინააღმდეგე გუნდის დასჯა ითხოვეს.
დავბრუნდეთ ახლო წარსულში – ყველაფერი 29 ნოემბერს, ”კამპ ნოუზე” დაიწყო. მაშინ კატალონიელებმა ამბიციური ”მოუს გუნდი” გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს (5:0). კრიშტიანუ რონალდუმ ხელი ჰკრა პეპ გვარდიოლას, სერხიო რამოსმა ნერვები ვერ მოთოკა და ხელი გაარტყა კარლეს პუიოლსა და ჩავიერ ერნანდესს. რამოსმა არც მესი დაინდო და უკნიდან ვარდნით მოჩეხა. სერხიო მოედნიდან გააძევეს.
მადრიდელები შეეცადნენ დაევიწყებინათ საშინელი მარცხი და კატალონიელებთან მომდევნო შეხვედრაზე დაიწყეს ფიქრი. ეს სწორედ იმ 18 დღიანი საფეხბურთო ზეიმის დასაწყისია, რომელსაც გულშემატკივრები ასე გულმოდგინებით ელოდნენ. 16 აპრილს საკუთარ მოედანზე დაცვაში ჩამჯდარი მადრიდელები ვიხილეთ. დაინიშნა ორი პენალტი, ერთი ”რეალის”, ხოლო მეორე ”ბარსას” კარში. ალბიოლი მოედნიდან გააძევეს. თამაში დასრულდა ფრედ – 1:1. სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა. მატჩის დასრულების შემდეგ, თავისი გამონათქვამებით ცნობილმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა: ””ბარსას” წინააღმდეგ 10 კაცით თამაშში უნდა ვივარჯიშო”. მადრიდულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელი ხერარდ პიკე თავისი ნაკრების თანაგუნდელების მიმართ გამაღიზიანებელ რეპლიკებს აკეთებდა – ”ჩვენ მოვიგებთ თქვენი მეფის თასს.” თუმცა თავად პიკემ ეს ინფორმაცია უარჰყო.
ოთხი დღის შემდეგ ”ბარსელონა” და ”რეალი” ვალენსიაში ჩავიდნენ და რაც ”მესტალიას” სტადიონზე მოხდა, პარტიზანულ ომს უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთს. იყო უხეშობა, წითელი ბარათი მადრიდელთათვის. საბოლოოდ დამატებულ ტაიმში, კრიშტიანუ რონალდუს გოლის წყალობით მადრიდელებმა იმარჯვეს და თასი აღმართეს. მადრიდში ”ბარსას” ჰეგემონიის დასრულებას ზეიმობდნენ, თუმცა მოურინიომ არც აქ დააყოვა: ”რა ჰეგემონია? ”ბარსელონა” მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონია. ჩემპიონთა ლიგა ”ინტერმა” მოიგო.”
”კლასიკოს” მესამე სერია ისევ ”ბერნაბეუზე” შედგა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში. გვარდიოლამ ტაქტიკა შეცვალა. მან თასის ფინალის არბიტრი, პედროს სამართლიანად გატანილი გოლის არ ჩათვლისთვის გააკრიტიკა. ”პრესის დარბაზში ომში ჟოზე ნამდვილი ჩემპიონია. ჩვენ მოედანზე ვიტყვით სათქმეს”. – განაცხადა გვარდიოლამ და შეასრულა კიდეც! ”ბარსამ” მესის დუბლის წყალობით ნახევარ-ფინალის პირველი შეხვედრა მოიგო ”ბერნაბეუზე”. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თამაში ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. მოედნიდან გააძევეს კლეპერ პეპე. კვლავ ათი კაცით დარჩენილმა ”სამეფო კლუბმა” კატალონიელთა შეტევას ვეღარ გაუძლო და საკუთარ კარში ორი უპასუხო გოლ მიიღო. პეპესთან ერთად მოედნიდან მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოც გააძევეს. მატჩის დასრულების შემდეგ გამწარებულმა ჟოზემ სკანდალური განცხადებები გააკეთა და ”უეფა” ”ბარსელონასთვის” მიმხრობაში დაადანაშაულა. პორტუგალიელმა არც ”იუნისეფი” დაივიწყა და მადრიდელთა მარცხში საქველმოქმედო ფონდიც გარია. ”გვარდიოლას ადგილას შემრცხვებოდა ასეთი მოგების”– თქვა მწვრთნელმა, რომელმაც შარშან თამაშგარედან გატანილი გოლის, კატალონიელების მიერ სამართლიანად გატანილი არ ჩათვლილი გოლის და მეტოქეთათვის არ დადებული პენალტების წყალობით მოიპოვა ფინალის საგზური. შარშან ჟოზე მსაჯების უხეშ შეცდომებს ვერ ხედავდა. ის საკუთარი ”ეგოთი” იყო შეპყრობილი და დაბრმავებული.
დღეს მეოთხე და ბოლო სერია გაიმართება. ამჯერად ”კამპ ნოუზე”. ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის გარეშე დარჩენილ მადრიდელებს სხვა გზა არ დარჩენიათ – უნდა შეუტიონ. ყველაფერი კი აქ იწყება – შეუტიო გუნდს, რომელსაც მსოფლიოზე ყველაზე ძლიერი თავდასხმის ხაზი ჰყავს, გუნდს, რომლის ცენტრსაც ამაგრებენ ჩავი და ინიესტა და მოედანზე, რომელსაც ”კამპ ნოუ” ჰქვია. არ დაგავიწყდეთ ის 100,000 მაყურებელიც, რომელიც მეტოქეთა გუნდებს შიშის ზარს სცემს! დღეს გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა! ვისურვოთ, რომ ეს სწორედ ჩვენი საყვარელი ”ბარსელონა” იყოს!
