ესპანურმა გამოცემამ “ას” დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსს” სურს შეისყიდოს “ბარსელონაში” ახლახანს გადასული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, იბრაჰიმ აფელაი, რომელმაც კატალონიური გრანდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
“იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა იანვარშიც ცდილობდა თავისი გუნდის შემადგენლობაში გადაებირებინა 25 წლის ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩევანი “ბარსელონაზე” გააკეთა.
“ას”–ის ინფორმაციით, იტალიელები ზაფხულში შეთავაზებას გაუკეთებენ “ბარსელონას”, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის გადაბირება გაუჭირდებათ, ვინაიდან მასზე დიდ იმედებს ამყარებს პეპ გვარდიოლა. მართალია, აფელაი იშვიათად ხვდება საწყის თერთმეტეულში, თუმცა თითქმის ყველა მატჩში შემოდის შეცვლაზე და ქმნის სახიფათო სიტუაციებს. გავიხსენოთ თუნდაც მატჩი “ბერნაბეუზე”, როდესაც იბიმ საგოლე გადაცემა გაუკეთა ლეო მესის.



