ეს დღე გარკვეულწილად სიმბოლურია ”ბარსას” გულშემატკივრებისთვის. ზუსტად ორი წლის წინ მადრიდში ”ბარსელონა” ჩავიდა და შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა – გვარდიოლას გუნდმა ”რეალი” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამანადგურებელი ანგარიშით, 2-6, დაამარცხა.
თამაშის მეთოთხმეტე წუთზე სერხიო რამოსის ჩაწოდებით გონსალო იგუაინმა ისარგებლა და შესანიშნავი თავური დარტყმით მადრიდელები დააწინაურა. ზუსტად სამ წუთში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ტიერი ანრიმ ანგარიში გაათანაბრა (1:1).
მადრიდელთა საჯარიმოს სიახლოვეს ჯარიმა ინიშნება. ბურთთან ჩავიერ ერნანდესი მიდის, თანაგუნდელების ყურადღების მისაქცევად მარჯვენა ხელს მაღლა სწევს და საჯარიმოს ასრულებს. ჩავის დარტყმულის ადრესატი, ”ბარსას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი გახდა. პუიოლმა უძლიერესი თავური დარტყმით კასილიასის კარი აიღო და თავისი გუდნი დააწინაურა – 1:2.
35-ე წუთზე ჩავი მადრიდელ ლასანას მიაპარა და ბურთი წაართვა. ჩავიმ გადაცემა მესის მისამართით გააკეთა. ამ უკანასკნელს კი არ გაჭირვებია პირსპირ მეკარესთან თამაში – 1:3.
მეორე ტაიმის 11-ე წუთზე არიენ რობენმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა. მას სერხიო რამოსი გამოეხმაურა და ბურთი კატალონიელთა კარში თავით გადაგზავნა. მადრიდელებმა სხვაობა შეამცირეს – 2:3.
ზუსტად ორ წუთში ტიერი ანრიმ მეორედ მოახერხა კასილიასთან პირისპირ დარჩენა და მისი კარის დალაშქვრა – 2:4. ოდნავ მოგვიანებით კი, 30-ე წუთზე ასევე მეორედ აიღო კასილიასის კარი ლიონელ მესიმ – 2:5.
თამაშში საბოლოო წერტილი ყველასთვის მოულოდნელად დასვა ხერარდ პიკემ. ეს მოხდა მეორე ტაიმის 37-ე წუთზე. საბოლოოდ ტაბლოზე 2:6 დაფიქსირდა!

