მადრიდის ”რეალი” და კატალონიის ”ბარსელონა” უკანასკნელად 20 აპრილს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს მოხდა ესპანეთის თასის ფინალში, სადაც მადრიდელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და თასი აღმართეს. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, დღეს გუნდები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ამჯერად თამაში მადრიდში გაიმართება. კატალონიელები და მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალისტობისთვის იბრძოლებენ.
მოახლოვებულ ”კლასიკოსთან” ერთად დაძაბულობამ პიკს მიაღწია. გუნდებზე ზეწოლა მატულობს. როგორც ცნობილი გახდა დღევანდელ მატჩს მსოფლიოს 37 ქვეყანაში იხილავენ.
ჟოზე მოურინიო: ”არ ვიცი, თუ რას გრძნობს ამ მომენტში ”ბარსელონა”, მაგრამ ვიცი რას ვგრძნობთ ჩვენ. ჩვენ იგივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომ წაგვეგო თასის ფინალი, როგორშიც დღეს ვართ, თუმცა ცხადია, თასის მოგება ფანტასტიკური იყო. გამარჯვების შემდეგ ჩვენ დავისვენეთ და კონცენტრაცია მოვახდინეთ ლიგის მატჩზე.
სანამ აქ მოვიდოდი ვთქვი, რომ მე იგივე მწვრთნელი ვარ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ”ბარსელონასთან” წააგო 5:0. მე არ შევცვლილვარ. მე არ ვფლობ მათი დამარცხების საიდუმლოს. იმ მარცხის შემდეგ ჩვენ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ ქვეყნის ჩემპიონატის ფარგლებში და ფრე გავაგორეთ, ხოლო ოდნავ მოგვიანებით კი თასის ფინალში მოვიპოვეთ გამარჯვება. ამჯერად კი საქმე განსხვავებულ მატჩს ეხება.
ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში ფავორიტი არ არსებობს. ჩვენ ვართ მეტოქეები, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ. ორი მეტოქე, რომელსაც დიდი ისტორია აკავშირებთ. ორივე ჩვენთაგანს ყავს ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, თუ როგორ ითამაშონ მნიშვნელოვან თამაშებში და მიაღწიონ წარმატებას.
მე ჩვეულებრივი მოტივატორი ვარ. როგორც ყველას, პირველ რიგში საკუთარი თავის მოტივაცია მჭირდება.
კოპა დელ რეის ფინალამდე მე ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ იყო ასეთი ადამიანი ალბერტი – ალბერტ აინშტაინი, რომელმაც თქვა, რომ არსებობს ელექტროობაზე და ატომურ ენერგიაზე ძლიერი რამ: სურვილი. ალბერტი სულელი არ ყოფილა.
თუ ჩვენ ვითამაშებთ კარგად, შევქმნით მომენტებს, ვიქნებით უკეთესი გუნდი და მივაღწევთ ფრეს, მე ვიქნები ბედნიერი. თუ ყველაფერ ამას ისინი გააკეთებენ და ჩვენ მაინც მივაღწევთ ფრეს, მე კვლავ ბედნიერი ვიქნები.”
პეპ გვარდიოლა: ”მოედანზე მოსაგებად გავალთ. მე მივულოცე მადრიდის ”რეალს” კოპა დელ რეის ფინალში გამარჯვება, რომელიც მათ დამსახურებულად მოიპოვეს. თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს ანდრეს ინიესტა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის მზად იქნება საპასუხო მატჩისთვის. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ. თუ ჩვენ მოვიგებთ, მაშინ ჩვენ უკეთესები ვიქნებით. ამ მოსაზრებას დავიცავთ ბოლომდე.
ჩვენ ვუპირისპირდებით გუნდს, რომელიც სეზონის საუკეთესო ფორმაშია. ჩვენ ვართ ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში და ვუპირისპირდებით მადრიდის ”რეალს” – ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გუნდს. ეს უდიდესი გამოწვევაა, ვინაიდან მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ”უემბლის”. შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ დავამარცხოთ გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ცხრაჯერ აქვს მოგებული.
უაღრესად კმაყოფილი ვარ, რომ გათამაშების ამ ეტაპზე ვიმყოფებით, ეს წარმატებაა. თუ დაცვაში ჩადგები, ისინი გადაგირბენენ, ვინაიდან მოედანი არის ფართე და მათ ყავთ ძალიან კარგი ფეხბურთელები. ”
მადრიდელებს ორი ტრავმირებული ყავთ გუნდში – სამი ხედირა და ფერნანდო გაგო. გამოჯანმრთელდნენ ლასანა დიარა, ემანუელ ადებაიორი და ანხელ დი მარია.
”ბარსელონას” უფრო დიდი დანაკლისი აქვს. გუნდს ვერ დაეხმარებიან ანდრეს ინიესტა, მაქსველი, ადრიანო, ბოიანი და აბიდალი.
ბოლო შეხვედრა ”რეალმა” ”ვალენსიას” წინააღდეგ ჩაატარა და დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო (3:6).
”ბარსელონამ” უკანასკნელი მატჩი ”ოსასუნას” წინააღმდეგ გამართა და მოიგო ანგარიშით 2:0. გოლები გაიტანეს დავიდ ვილიამ და ლიონელ ანდრეს მესიმ.