ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს ჩვენ გვსურს და შესაბამისად ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს პეპ გვარდიოლას, “ბარსას” დაცვის ხაზს, ან ვიქტორ ვალდესს სურს. 8 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, როდესაც “ნოუ კამპზე” შეკრებილი პუბლიკა “ბარსას” ფეხბურთელებს ოვაციებით შეეგებება და “არსენალის” დასამარცხებლად მთელი შეხვედრის განმავლობაში საკუთარ ხმასაც კი არ მოუფრთხილდება და თავის საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს 90, ან 120 წუთის მანძილზე უგულშემატკივრებს, მწვანე მინდორზე ვერც გუნდის კაპიტანი და ცენტრალური მცველი, კარლეს პუიოლი და ვერც ასევე ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე ვერ გამოჩნდება…
საქმე იმაში გახლავთ, რომ ხერარდი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ხოლო კარლესს უფრო სერიოზული მიზეზი აქვს. მას ტრავმა აწუხებს, რომელიც ბოლომდე ვერა და ვერ მოიშუშა. არადა კაპიტანი ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. რას ვიზამთ, მართლაც რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს ჩვენ გვსურს და ამიტომაც პეპს უკიდურესი ფორმებისთვის მოუწევს მიმართვა. მის განკარგულებაში ერიკ აბიდალი, მილიტო და ბუსკეტსია. პირველი გუნდის ფეხბურთელების გარდა, მას “ბარსა ბ”–დან ფონტასისა და ბარტრას დახმარება შეუძლია.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ეს სიტუაცია პეპისთვის ახალი არ გახლავთ. შარშან 6 აპრილს, როდესაც კატალონიელებმა “მეთოფეები” ლეო მესის პოკერის წყალობით ანგარიშით, 4–1 დაამარცხეს, პეპის “ბარსას” დაცვის ცენტრის გამაგრება მილიტოსა და მარკესის კისერზე იყო. ამისდა მიუხედავად კი რაც მოხდა და როგორც მოხდა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.
მოდით, ერიკ აბიდალით დავიწყოთ. აბიდალი ალბათ ცენტრის გამაგრების ყველაზე კარგი და ყველაზე მეტად სავარაუდო კანდიდატია. მან წელს არაერთი მატჩი გამართა ცენტრალური მცველის პოზიციაზე და უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ამიტომაც მისი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში ყველაზე მეტად სავარაუდოა.
აბიდალის არ იყოს და სერხიო ბუსკეტსაც რამდენჯერმე უკვე მოუწია მცველის ფუნქციების ათვისება. მისი შესაძლებლობების შემყურე კი შესაძლოა მოედანზე მაშერანო ვიხილოთ. შესაბამისად ბუსკეტსი მცველის პოზიციაზე დადგება. პირველ გუნდში მესამე ვარიანტად გაბრიელე მილიტო განიხილება. მან “რეალ სარაგოსასთან” 90 წუთის მანძილზე ითამაშა და ტრავმების შემდეგ ნელ–ნელა ფორმასაც იღდგენს. ამიტომაც რვაში მისი მოედანზე ხილვა არ უნდა გაგვიკვირდეს.
ახლა კი რაც შეეხებათ ლუის ენრიკეს შეგირდებს. ლუისის ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდიდან 2 მთავარი კანდიდატია იმისა, რომ “ჩემპიონთა ლიგის” 1/8–ური შეხვედრის განმეორებით შეხვედრაში სათადარიგოთა სკამებზე მაინც ვიხილოთ. ეს ფეხბურთელები ანდრეუ ფონტასი და მარკ ბარტრა გახლავთ. მათ პირველ გუნდში თამაშის საკმაო გამოცდილება გააჩნიათ და ამიტომაც პეპი მათ შესაძლოა თავისუფლად ენდოს.