სეზონის დაწყების წინ, მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან დავიჩაგრე. საინტერესოა, ეს ჩემი სიდაბლის გამო მოხდა თუ ჩია აღნაგობის? თუ მწვრთნელს სულ სხვაგვარი ფეხბურთელი მიაჩნდა ნახევარმცველის იდეალად? ვერ გეტყვით. იძულებული ვიყავი ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომით მომენადირებინა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. სეზონის სტარტზე სათადარიგოთა სკამის ხეხვა მომიწია. რაიკაარდს, მოედნის ცენტრის ფაქტურული და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებით შევსება ეწადა. თავდაპირველად, კოკუსა და ხერარდს ენდობოდა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მისტერს, კარიერის დიდი ნაწილი სერია ა-ში ჰქონდა გატარებული და სწორედ ასეთი ტიპის ფეხბურთელებს ანიჭებდა უპირატესობას. თუმცა, მალე მიხვდა, რომ “ბარსელონა” სულ სხვა სათამაშო სტილის მიმდევარი იყო.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რაიკაარდის გუნდში, ჩემს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები მყარი არ ყოფილა. გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც მისტერმა სხვა თვალით შემომხედა, მეხუთე ტურში “ატლეტიკოსთან” გასვლითი მატჩი იყო. მადრიდში, “ოსასუნასთან” შეტოქების შემდეგ ჩავედით, რომელშიც ასევე არ მითამაშია 90 წუთი. პირველი წუთიდან “კალდერონზეც” არ გამოვჩენილვარ. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მოედანზე არ გავიდოდი, მაგრამ უეცრად ტიაგო მოტამ ტრავმა მიიღო. გამოდი, გამოდი, შეცვლა, შეცვლა – მაჩქარებდა რაიკაარდი, გახურების საშუალებაც კი არ მომცა.
მოედანზე თვალებანთებული შევარდი, იმის სურვილით შეპყრობილი, რომ საკუთარი მდგომარეობა შემეცვალა. და აი, მეტოქის კარის წინ უმეთვალყურეოდ მდგომი ვიღებ ბურთს, მაგრამ უეცრად, საიდანღაც სერხი ბარხუანი გამოვარდა და უკნიდან ისე ჩამარტყა ფეხებში, რომ თვალებიდან ნაპერწკლები მაყრევინა.
ფეხზე უპრობლემოდ წამოვდექი და დავინახე, რომ იდეალური პოზიცია ჯარიმის შესასრულებლად. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, ტაბლოზე ნულები ენთო და კარგად მესმოდა, რომ გოლის გატანის შემთხვეაში, გუნდში ჩემი მდგომარეობა კარდინალურად შეიცვლებოდა. ბურთთან მივედი და დავინახე, რომ საჯარიმო დარტყმის შესრულებას ვან ბრონკჰორსტი აპირებდა.
– მე დავარტყამ – მოვუჭერი ჰოლანდიელს.
– შენ?
– დიახ, მე! – ვუპასუხე ჯოვანის, რომელსაც მამისმკვლელი თვალებით ვუყურებდი.
– კარგი, დაწყნარდი, დაარტყი.

ბურთი ბალახზე დავდე, ოთხი ნაბიჯით უკან დავიხიე და მსაჯის სასტვენს დაველოდე. ხოლო როდესაც უკვე უნდა დამერტყა, ჯიო ბურთისკენ გაექანა და მეორე იარუსზე ააგდო.
მისი მოკვლა მინდოდა! ჰოლანდიელისკენ გავექანე, რათა სიფათი შემელამაზებინა. იქამდე წყობიდან ასე არაფერს გამოვუყვანივარ. გაბრაზებული ვიყავი, მწვრთნელზე, ჯიოზე და მთელს მსოფლიოზე. ამ მომენტის შემდეგ, მოედანზე ვერაფერს ვხედავდი, ვერც ბურთს, ვერც პარტნიორებს და ვერც ვერაფერს! მახსოვს, პუიოლმა მკრა ხელი: “ტერმინატორო, ჩვენ ვთამაშობთ!”. მატჩის დასრულებამდე სამი წუთი იყო დარჩენილი. ყურადღების მოკრება და პროცესში ჩართვა ვცადე, მაგრამ თვალწინ მხოლოდ ჯარიმა და ვან ბრონკჰორსტის გაიძვერული სახე მედგა. მის საქციელს გამართლება არ ჰქონდა! ამ ბიჭმა მასხრად ამიდგო – უსაზღვროდ აღშფოთებული გახლდით.
საფინალო სასტვენიც გაისმა. ჯიო, ძუნძულით გაეშურა გასახდელისკენ, მე კი გაცოფებული უკან გავყევი. გასახდელის შესასვლელთან ეუსებიომ დამიჭირა: “ხავი ყველაფერი დამთავრდა!”. მალე პუიოლიც გამოჩნდა და ჩემს დაწყნარებას შეეცადა.
რაიკაარდი კი, ჩემს რეაქციას გაეოცებინა. იმ მომენტში, მან ჩემში მტკიცე ხასიათის ფეხბურთელი დაინახა. მოგვიანებით, მომიყვა, შენი საქციელით აღფრთოვანებული დავრჩი, რადგან მივხვდი, რომ ჯიოსთვის გინდოდა დაგენახებინა თუ ვინ იყო ამ სახლის ბატონ-პატრონიო.
სინამდვილეში, ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ. ჩემი წყობიდან გამოყვანა ძნელია, მაგრამ როდესაც უსამართლობას ვაწყდები, სისხლი ჩქეფას იწყებს ძარღვებში და ვეღარ ვაცნობიერებ იმას, რასაც იმ მომენტში ჩავდივარ. კარიერის განმავლობაში იძულებული ვიყავი გარკვეული ქცევები მომეთმინე, რომლებიც უსამართლოდ მიმაჩნდა, რადგან გუნდური იერარქიისთვის პატივი უნდა მეცა. ბლაუგრანაში ასპარეზობის ხუთწლიანი სტაჟი მქონდა, ჯიო კი სამი თვის მოსული იყო და მიუხედავად ამისა, ჩემი გადაწყვეტილება ფეხებზე დაიკიდა. სწორედ ამან აღმაშფოთა. თუმცა, არამარტო ამან. ჯერ ვითომდა მხარში ამომიდგა, მერე მასხრად ამიგდო, ბოლოს კი პირში დამცინა.
ამის შემდეგ, არაერთხელ მთხოვა პატიება. ვალში იყო ჩემთან, რაც კარგად ესმოდა. ეს მაშინ ვიგრძენი, როდესაც ფიფა-ს ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი კენჭისყრისას, როგორც ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა, ხმა მე მომცა. ეს ხუმრობით!
გაგრძელება იქნება…



