წინა სეზონში ნაჩვენები თამაშისა და მოგებული ტიტულების შემდეგ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ “ბარსელონას” გაძლიერება სჭირდებოდა. შემადგენლობაში იყო 2 პოზიცია, რომელიც გუნდში თითქმის არავის ეკავა. მთავარ მარჯვენა მცველად ლუის ენრიკე ამპლუით ნახევარმცველ სერჟი რობერტოს მოიაზრებდა. შემდეგ შანსი ალეიშ ვიდალსაც მიეცა და ფეხბურთელმა აშკარად იმედი ჩაუსახა ქომაგებს. თუმცა, მას დიდხანს თამაში არ დასცალდა და “ალავესთან” გასვლით ტურში, 86-ე წუთზე, როცა ანგარიში 0-6 იყო, საკუთარი ნახევრის აუტის ხაზთან ტეო ერნანდესთან ორთაბრძოლაში ფეხი მოიტეხა. შესაბამისად, მისთვის სეზონი დასრულებული იყო და კატალონიელებსაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე მხოლოდ ახალგაზრდა ნახევარმცველი შერჩათ.
გარდა ამისა, ნათელი იყო ისიც, რომ ნახევარდაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. გუნდის ახალწვეულებმა იმედები აშკარად ვერ გაამართლეს და სიტუაცია არ შეიცვალა – ჩავის წასვლისა და ინიესტას დაბერების შემდეგ, ბურთის ამოტანა, განაწილება, მომენტის შექმნა და მისი დასრულება უმეტესწილად ლეო მესის კისერზე გადავიდა. თანამედროვე ფეხბურთში კი უბრალოდ შეუძლებელია წარმატებას ასე მიაღწიო.
საზოგადოდ, სატრანსფერო ჭორები ფეხბურთის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. თუმცა გარკვეულ სიამოვნებას იწვევს მათი კითხვა, როცა 1 სეწტემბრამდე ჭორი ოფიციალურ განცხადებად იქცევა. სამწუხაროდ, “ბლაუგრანას” ქომაგებს ასე არ გაგვიმართლა და ბოლო წუთებში მხოლოდ პიცა გავიფორმეთ.
სატრანსფერო ფანჯრის დაწყებისთანავე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია კატალონიელთა სატრანსფერო მიზნების შესახებ. ველოდით, რომ ასეთი დონის გუნდი შეძლებდა ერთხელ 250 მილიონი ევროს გამოყოფას, რათა შემადგენლობა დაეხვეწა და უნაკლო გუნდი შეექმნა. მალევე დაიწყო მითქმა-მოთქმა ექტორ ბელერინის, მარკო ვერატისა და უსმან დემბელეს ტრანსფერების შესახებ. თუმცა შემდეგ გავიგეთ, რომ კლუბს გამოყოფილი 60 მილიონი ევრო ჰქონდა – ახლა ვხედავთ, რომ ფეხბურთელების გაყიდვაც კი ძალზე გაჭიანურდა. საკითხავია, როგორ აპირებდა ხოსეპ მარია ბართომეუს გუნდი 60 მილიონად ბელერინისა და ვერატის შეძენას. ამ თანხაზე არც თუ ისე ბევრით ნაკლებს მას ესპანელ მცველში “არსენალი” სთხოვდა.
მთავარი აურზაური ახალგაზრდა იტალიელზე ატყდა. ფეხბურთელი აშკარად გამოთქვამდა კატალონიაში გადაბარგების სურვილს, თუმცა პსჟ აქაც გადაულახავ ბარიერად იქცა. რამდენიმე დღის წინ კი, ჟურნალისტებმა გაარჩიეს, თუ როგორ ესაუბრებოდა უნაი ემერი ერნესტო ვალვერდეს ვერატის საგაზე. მისი თქმით, მარკოს ძალიან სურდა “ბარსას” მაისურის მორგება, მაგრამ კლუბს მისი შეძენა არც კი უცდია. ამას დავამატოთ ის, რომ Sky Sports-ის ესპანელი ჟურნალისტის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებით, კატალონიელებს კოუტინიოზე მეოთხე შეთავაზება გაგზავნილიც არ ჰქონდათ და მოლაპარაკებებიც არ მიმდინარეობდა. საინტერესოა, რას ცდილობდნენ ჟოზეპ მარია ბართომეუ, რობერტ ფერნანდესი, პეპ სეგურა და სხვები? იმ ხალხს, რომელიც გვპირდებოდა და გვამშვიდებდა, რომ მომდევნო სეზონში კლუბს ყველა ტურნირისთვის მებრძოლი შემადგენლობა ეყოლებოდა, აღმოჩნდა, რომ მთავარ პრიორიტეტზე საერთოდ არ უმუშავია და ბრაზილიელის ტრანსფერიც სასწაულის მოლოდინში იყო.
როგორც უკვე ვახსენე, ბართომეუმ განაცხადა, რომ გულშემატკივრები მშვიდად ვყოფილიყავით, რადგან მომავალ წელს გუნდი უძლიერესი ფეხბურთელებით დაკომპლექტდებოდა.
უსმან დემბელეს ტრანსფერი თავიდანვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, იმიტომ, რომ ფეხბურთელმა გასულ წელს არ ისურვა მესის, სუარესისა და ნეიმარის გუნდში ყოფნა, რადგან მას მეტი სათამაშო დრო სურდა და გარდა ამისა ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სათადარიგო ფეხბურთელში ბართომეუ ამხელა თანხას გაისვრიდა.
ეს ტრანსფერი განსაკუთრებით არარეალური მას შემდეგ გახდა, რაც კლუბმა ჟერარ დეულოფეუს გამოსყიდვის უფლება გამოიყენა და იგი კლუბში 12 მილიონის სანაცვლოდ დააბრუნა.
ექტორ ბელერინის სატრანსფერო საგა საკმაოდ უიმედოდ მიმდინარეობდა. “არსენალი” არანაკლებ 50 მილიონს ითხოვდა და კატალონიელების აზრით, ეს თანხა გადაჭარბებული იყო. შემდეგ, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “ბარსელონას” მწვრთნელი და ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ბელერინის მონაცემები განიხილეს, რის შემდეგაც მასზე უარი თქვეს. რამდენიმე დღეში ისიც დაიწერა, რომ დელეგაცია, რომელსაც რობერტ ფერნანდესი მეთაურობდა, პორტუგალიაში ჩაფრინდა ნელსონ სემედუს ტრანსფერის გასაჩარხად. შეთანხმების მიღწევა კლუბის მიერ იმავე ღამით ოფიციალურად დადასტურდა.
ამის შემდეგ, კლუბს მხოლოდ ერთი ნახევარმცველი ესაჭიროებოდა. ამ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი განიხილებოდა, რომელსაც სათავეში მარკო ვერატი ედგა, თუმცა ვინ იცის, წარმოადგენდა კი იგი ოდესმე ბართომეუს სამიზნეს? განიხილებოდა ჩინეთში მოთამაშე 29 წლის პაულინიოს ტრანსფერიც.
თუმცა მალევე პრესაში ინფორმაციამ გაჟონა ნეიმარის შესაძლო წასვლაზე და კატალონიელთა კოშმარიც დაიწყო. ეს სიტუაცია ჩვენთვის უცნობი არ იყო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ასე 2016 წელსაც “გვაწამებდა”, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. მისი პსჟ-ში ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდებოდა და დამთავრდა ისე, რომ მან თავისი კონტრაქტი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა და პარიზულ კლუბს შეუერთდა. საპასუxო “ქამ ბექიც” მივიღეთ.
გუნდმა მისი შემცვლელის ძებნა აგვისტოს დასაწყისში დაიწყო. ბევრი არც უფიქრიათ, ფერნანდესის დიდი სიმპათიებით სარგებლობდა კლუბის ყოფილი სამიზნე უსმან დემბელე და ნეიმარის შემცვლელადაც ის განიხილებოდა. დორტმუნდის მოთამაშე “ბლაუგრანას” რადარზე დაბრუნდა.
არ ვიცი, რას უნდა დავაბრალო ის, რომ ნეიმარმა წასვლის გადაწყვეტილება 30 ივნისს მიიღო და კლუბმა მისი შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობა 1 თვის შემდეგ დაიწყო. თავად ჟორდი მესტრემაც აღიარა, რომ ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელებისგან განსხვავებით ეს არ იცოდა. ეს ის ჟორდი მესტრეა, რომელმაც ინფორმაციის ფლობაში “ბრძოლა” უბრალო ბრაზილიელ ჟურნალისტთან დათმო.
მე პირადად ამ მოვლენას კლუბში მანელ ესტიარტეს ადგილას მესის პირადი მცველის დანიშვნას ვაბრალებ. ესტიარტე იყო ადამიანი, რომელიც კლუბსა და ფეხბურთელებს შორის შუამავალს წარმოადგენდა. მის ადგილას ახლა მესის პირადი მცველი, პეპე კოსტაა, რომელსაც ახალგაზრდა არგენტინელი ერთ დროს თავში “უტყაპუნებდა”. ესტიარტე რომ პეპს არ “წაეყვანა”, ახლა ალვესიც აქ იქნებოდა და დემბელეს ტრანსფერზე მუშაობაც უფრო ადრე დაიწყებოდა.
აგვისტო კი ქომაგთათვის ყველაზე ცხელი თვე გამოდგა. მიუხედავად კოუტინიოსა და დემბელეს სურვილისა, “ლივერპული” ბრაზილიელის გაყიდვაზე სასტიკ უარს აცხადებდა, დორტმუნდი კი ფრანგში ასტრონომიულ თანხებს ითხოვდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე გამგზავრებული ბართომეუ კლუბს მხსნელად მოევლინა და დემბელეს ტრანსფერი “გაჩარხა”. უსმანი თავისი ოცნების კლუბს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. პლუს 40 ბონუსების სახით.
რაც შეეხება კოუტინიოს სატრანსფერო საგას, მიუხედავად კატალონიელების არასათანადო აქტიურობისა, უნდა ითქვას, რომ კლუბი 150 მილიონ ევროზეც ავიდა – ამაზე მეტის გადახდა კი კოუტინიოში ფანტასტიკის სფერო იყო და თანაც, თუ “ლივერპულის” ხელმძღვანელობა ამ თანხაზე უარს იტყოდა, მაშინ რას დათანხმდებოდა? როგორ უნდა დაეყოლიებინა კლუბს FSG (“ლივერპულის” მესაკუთრე კომპანია) ამ ტრანსფერზე?
ასე რომ, აქ ბართომეუსა და მისი კოლეგების ბრალი ყველაზე ნაკლებადაა. ძნელია გუნდიდან, რომელსაც საკმაოდ პრინციპული მწვრთნელი ჰყავს, წამოიყვანო ფეხბურთელი, რომელმაც ახლახანს 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა გამოსასყიდი თანხის გარეშე. ამაზე ალბათ თავად კოუტინიოსაც უნდა ეფიქრა, რომელმაც გახანგრძლივებიდან 4 თვეში ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ამან არ გაამართლა და კოუტინიო ახლაც “ლივერპულის” მოთამაშეა.
ჩემთვის გაუგებარია ამ შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება. მერსესაიდელებმა მრავალჯერ განაცხადეს, რომ ტრანსფერი არანაირი თანხის სანსცვლოდ არ შედგებოდა, მათ კი ალტერნატივები არც განიხილეს. საინტერესოა, რისი სწამდა ბართომეუს? იმის, რომ ჰენრი ერთ დღეს 150 მილიონზე უარს იტყოდა, შემდეგ კი აწონ-დაწონიდა და მიხვდებოდა, რომ ეს თანხა საკმაოდ მიმზიდველი იყო?
ფაქტია, რომ კლუბში მომუშავე არაპროფესიონალთა ბანდამ 150 მილიონი ევრო ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა იმიტომ, რომ კოუტინიოს ტრანსფერის ალტერნატივაც კი არ განიხილეს. როგორც ჩანს, მათთვის სხვა ნახევარმცველი არ არსებობს. არ არსებობს ერიქსენი, რომლის პოზიციაც “ბარსაში” უფრო მოიძებნებოდა, ვიდრე კოუტინიოსი. არ არსებობდა არც ლემარი – ახალგაზრდა უნივერსალი…
ასე რომ, ახლა სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია. დღევანდელი გადმოსახედიდან, მთელი ზაფხული “ბარსას” წვალებას ჰგავდა. ბელერიმის ტრანსფერი, მისი უარყოფა, ვერატის “ტრანსფერი”, მისი ჩაფლავება, ნეიმარის წასვლა და ბოლო წუთებამდე გაჭიანურებული კოუტინიოს საგა.
ალბათ დადებითი, რაც ამ ფანჯარაზე მოხდა, მხოლოდ ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ორი ფეხბურთელის მოყვანა იყო – სემედუსი და დემბელესი. სხვა მხრივ, რა შეიცვალა?
კლუბმა მოაგვარა მარჯვენა მცველის პრობლემა, ნახევარდაცვა იგივე დარჩა და შეტევას უდიდესი ძალა მოაკლდა – მის მაგივრად კი ტრიო ახალგაზრდა, 20 წლის ფეხბურთელით დაკომპლექტდა.
ალბათ, ამისთვის გვამზადებდნენ ჟოზეპ მარია ბართომეუ და რობერტ ფერნანდესი. ალბათ ეს გონიათ მათ ის გუნდი, რომელიც ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანი იქნება.
რას ვიზამთ, უდავოა, რომ ეს ადამიანები განგებამ დიდი ნიჭით დააჯილდოვა. მარტივი არ არის, პრეზიდენტობის 3 წელიწადში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაანგრიო. მარტივი არ არის ახალი ფეხბურთელის პრეზენტაციაზე შეკრებილი ქომაგი “ბართომეუ გადადექი!”-ს ყვიროდეს. არა, ალბათ ამასაც თავისი ნიჭი სჭირდება. ნიჭი სჭირდება იმასაც, რომ ვერ იყენებდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გუნდში. ნიჭი სჭირდება იმას, რომ შენი უნიათობის ხარჯზე, გუნდი წარმატებას ვერ აღწევდეს.
რაც მთავარია, თავდაუზოგავი შრომის სანაცვლოდ ბართომეუმ და მისმა კოლეგებმა ალბათ გემრიელი პიცა მიირთვეს. არ ვიცი, სად განიხილავს ამ პიცას ერნესტო ვალვერდე. 6-იანის პოზიციაზე თუ 4-2-3-1 წყობაში მესისა და დემბელეს გვერდით?
ფაქტი კი ახლა ისაა, რომ კატალონია ერნესტო ვალვერდეს იმედადაა. იქნებ მან შეძლოს და სათანადოდ გახსნას ანდრე გომეში, დენის სუარესი, რაფინია ან ვინმე სხვა და გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ბართომეუსთვის კი ვიმედოვნოთ, რომ ეს ბოლო სატრანსფერო ფანჯარა იყო და ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დღემდე მოიყვანა, მალე ამ პოსტზე აღარ მოგვევლინება.