დორმუნდის “ბორუსია” უსმან დემბელეს ტრანსფერის თაობაზე მიღებულ წინადადებებს 26 აგვისტომდე განიხილავს, იტყობინება Mundo Deportivo.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გერმანული გუნდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის აგენტსა და “ბარსელონას” ამცნო, რომელიც მოცემულ მომენტში უსმანით დაინტერესებული ერთადერთი კლუბია. თუ 10 დღეში დემბელეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება არ შედგება, ფრანგი “ბორუსიაში” დარჩება.
როგორც ცნობილია, “ბორუსია” და “ბარსელონა” მოლაპარაკებას განაგრძობენ, მაგრამ ისინი ფასზე ვერ თანხმდებიან. კატალონიელები გერმანელებს 100 მილიონ ევროს სთავაზობენ, მაგრამ უთანხმოებას იწვევს უსმანის კატალონიურ გრანდში ასპარეზობის სანაცვლოდ დაპირებული ბონუსების სისტემა.
ამავდროულად, დემბელეს გარემოცვა არ გამორიცხავს მოლაპარაკების ჩავარდნას, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელს “ბორუსიასთან” მიმართებაში საკუთარი პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდებენ. გერმანული გუნდი, ვარჯიშების გამოტოვების გამო, უსმანისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს.
თავად უსმანი არაფრის შეცვლას არ გეგმავს იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ კონტრაქტის გაფორმების პერიოდში, სოლიდური წინადადების მიღების შემთხვევაში, დორტმუნდელები მას სხვა კლუბში გაშვებას დაჰპირდნენ.
