გამოცემა AS-მა ჩაატარა გამოკითხვა და გაარკვია, თუ ვის მიიჩნევდნენ “ბარსელონას” ფანები ნეიმარის საუკეთესო შემცვლელად.
გამოკითხვაში მონაწილეობა 40 ათასმა ადამიანმა მიიღო და ყველაზე მეტი ხმა “იუვენტუსის” ფორვარდმა, არგენტინელმა პაულო დიბალამ დააგროვა. მას მხარი 13 ათასმა ადამიანმა დაუჭირა, რაც გამოკითხულთა 37%-ია.
შემდეგ მოდის მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი, რომელმაც 10 ათასი ხმა (27%) მიიღო, თუმცა მისი შეძენა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გრიზმანის ფასი მომავალ წელს 100 მილიონამდე დაიწევს და მისი შეძენა უფრო იოლი გახდება.
მესამე ადგილს კილიან მბაპე იკავებს, რომელმაც, უკვე განაცხადა, რომ “მონაკოს” დატოვება სურს.
მეოთხე ადგილზე გავიდა ფილიპე კოუტინიო, თუმცა ამ ტრანსფერზე “ბარსელონა” უკვე დიდი ხანია მუშაობს და ჯერჯერობით ვერავითარ შედეგს ვერ აღწევს.
თავად “ბარსელონაში” კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ: ისინი უპირატესობას დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელს, უსმან დემბელეს ანიჭებენ, რომელსაც ნეიმარის დონემდე საკმაოდ ბევრი უკლია, თუმცა მისი სათამაშო სტილი თითქმის იგივეა და ბრაზილიელის ურიგო შემცვლელი ის არ უნდა გამოდგეს. მაგრამ, თვითონ ფრანგი აცხადებს, რომ “დორტმუნდში” თავს კარგად გრძნობს და აქედან წასვლა არ უნდა. ასე რომ, კატალონიელებს მიღებული 222 მილიონი ევროდან საკმაოდ დიდი ნაწილის დახარჯვა მოუწევთ დემბელეს ტრანსფერში.



