რამდენიმე საათის წინ დასრულდა “ბარსელონას” ახალწვეულის, ნელსონ სემედუს წარდგენა. დრო იხელთა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა.
“ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და სემედუს წარმატებებს ვუსურვებთ. თავის მხრივ, ისიც ძალიან აღტაცებულია და მუშაობის რაც შეიძლება მალე დაწყება სურს.”
“პრეზენტაციის გამართვა უფრო ადრე გვინდოდა, თუმცა ყველამ იცის, რომ როდესაც უცხოელ ფეხბურთელს იმატებ, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირია. ვიცოდით, რომ შეთანხმებას მივაღწევდით და მხოლოდ ფურცელზე შესასრულებელი ფორმალობები იყო დარჩენილი.”
“როცა კლუბის გაძლიერებაზე ვფიქრობდით, არანაირი პირველი და არანაირი ალტერნატიული არჩევანი არ არსებობდა. ნელსონი ყოველთვის იყო კლუბის გაძლიერების შესაძლო ვარიანტების სიაში და მისი ფიზიკური კონდიციებისა და თამაშის ხარისხის გამო არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერეთ და დარწმუნებული ვარ, ადაპტაციის გავლა არ გაუჭირდება.”
რატომ სემედუ?
“ყველას მისი მსგავსი პროფილი არ ქონია. რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლო ვარიანტი იყო, თუმცა ყოველთვის ვიცოდით, როგორი ტიპის ფეხბურთელი გვინდოდა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და მასზე დაკვირვებამ ჩვენთვის ნათელი გახადა, რომ სემედუ ჩვენს შემადგენლობას გააძლიერებდა.”
“სარეზერვო გუნდში მოვლენათა განვითარებით კმაყოფილები ვართ. ახალგაზრდა ფეხბურთელები შესანიშნავ დონეზე არიან და რამდენიმე მათგანი მთავარ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს. ვიმედოვნებ, ისინი თავის დამკვიდრებას მოახერხებენ.”
“სიჩქარე არ მიყვარს. ჩვენ წინ კიდევ უამრავი დრო გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია დიდი ოპერაცია, რომელიც კლუბის გასაძლიერებლად აუცილებელია. წინა სეზონში ბევრმა სირთულემ იჩინა თავი, თუმცა შესანიშნავი გუნდი გვყავს და ვფიქრობ 3-4 ახალწვეული მათ საუკეთესო შემადგენლობად აქცევს.”
“ვერატი? ჩვენ წინ მისი კონტრაქტი გვეღობება. თუკი ფეხბურთელის გაფორმება გსურს, ჯერ მის კლუბთან უნდა შეათანხმო ყველაფერი.”
“რაც შეეხება ჩინური სატრანსფერო ფანჯრის დახურვას, ეს ჩვენ სირთულეებს არ შეგვიქმნის. ყურადღებით უნდა ვიყოთ. როცა ფეხბურთელს ვაკვირდებით ნებისმიერი ლიგიდან, ვიცით რა იქნება საჭირო მის გადმოსაბირებლად, ფეხბურთელთან თუ კლუბთან საუბარი და თუ შესაძლებელია, ყველაფერი კარგად სრულდება.”