“სანტანდერელები “ბეტისის” მსგავსად თამაშობენ” – ეს სიტყვები “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელსა და ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ, მეორენაირად კი პეპ, გვარდიოლას ეკუთვნის. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა მსგავსებას ხედავს პეპი ამ ორ გუნდს შორის, რადგანაც მათ თამაშებს მხოლოდ მაშინ ვადევნებ თვალ–ყურს, როდესაც კატალონიელების წინააღდეგ გამოდიან, ან ტელევიზორში შემთხვევით მხვდება ხოლმე, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ წელს, “ბარსამ” ორივე გუნდი მუხლებზე დააჩოქა და ორივე გუნდის ფორმასა და ემბლემაში მწვანე ფერი ურევია. რა შუაში არიან სანტანდერელები? ეს კითხვა ალბათ უმრავლესობა თქვენგანს არც დაებადებოდა, რადგანაც თითქმის ყველამ იცის, რომ გუშინ, კატალონიელებმა სანტანდერის “რასინგი” საკუთარ მოედანზე, “პრიმერა დივიზიონის” მეორე წრის პირველ შეხვედრაში, პირველი წრის პირველი შეხვედრის მსგავსად ანგარიშით, 3–0 დაამარცხეს…
ახლა, “ბარსა” უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს, რადგანაც უახლოეს მდევარს, ანუ “რეალ მადრიდს” ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. ეს სხვაობა კი 22 საათზე აღდგება. მაგრამ ჩნდება კითხვა: რა სხვაობა აღდგება დღეს, 22 საათზე? ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ქულათა სხვაობაზე მქონდა საუბარი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულაც არა. საუბარი მატჩების რაოდენობაზეა, რომელიც უკვე 100%–ით გათანაბრდება. აი ქულებზე კი დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, რადგანაც მადრიდელები “მალიორკას” წინააღდეგ გამოდიან. იმ “მალიორკას” წინააღმდეგ, რომელმაც წელს, “ბარსასთანაც” და “მადრიდთანაც” ფრედ დაასრულა შეხვედრები, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მალიორკელებს ადვილი გასეირნება არ უნდა ელოდეთ, რადგანაც პერესი, ვალდანო, ჟოზე, თუ ჟოზეს შეგირდები ძალზედ მოტივირებულები არიან. როგორც მათ განაცხადეს, ახლა ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია. ასე, რომ მალიორკელები ძალიან არ უნდა გათამამდნენ.
ახლა კი უშუალოდ იმ შეხვედრაზე გადავიდეთ, რომელიც კატალონიურმა კლუბმა გუშინ, 23 საათზე გამართა. ჯერ სკამზე კარგად არ ვიყავი მოკალათებული, როდესაც წამოხტომა და ოთხასოიანი სიტყვის, სამასოიან სიტყვად ქცევა (გოლი – გოლ) მომიწია. გარშემო მყოფთ კი არაფერი გაკვირვებიათ, თუმცა, რა გაუკვირდებოდათ, ამის მოსმენა ხომ კვირაში რამდენჯერმე უწევთ … ამ ყველაფრის მიზეზი კი პედროს გოლი გახლდათ. პედროს გოლი, რომელიც ჩავი–მესი–ვილიას კომბინაციას მოყვა. “ნოუ კამპი” კი ორჯერ მეტად ახმაურდა და ამის შემდეგ განხორციელებულ შეტევებთან ერთად, უფრო და უფრო ხმაურდებოდა. პიკმა კი 33–ე წუთზე მიაღწია, როდესაც საჯარიმოში შესული ვილია “რასინგის” ფეხბურთელმა, ენრიკემ წესების დარღვევით შეაჩერა. ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე პირველი გოლის საგოლე პასის ავტორმა მოათავსა და თავადვე შეასრულა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით კი ყველაფერი 5–იანზე იქნა შესრულებული და ანგარიშიც გაიზარდა. ამ 5–იანზე გაზრდილ ანგარიშს კი ლეოს მაისურზე შემდეგი წარწერა მოჰყვა: “Feliz Cumple Mami !” ამ ფრაზის მნიშვნელობა კი ალბათ უკვე ყველა თქვენგანმა იცის. სხვათაშორის, ამის გამო არგენტინელს შესაძლოა რაიმე სანქცია დაეკისროს, რის გამოც ჩემგან და კიდევ მრავალი ადამიანისა, თუ არაადამიანისგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ტკბილი, მწარე, თუ მჟავე სიტყვა არ ასცდება. ამ ორი გოლისა და შეტევების გარდა, პირველ ტაიმში, შეხვედრაში ჩართვა ვიქრორ ვალდესსაც მოუწია და ეს ჩართვა ძალიან კარგი სეივით გამოიხატა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმი კატალონიელებმა კაპიტნის, კარლეს პუიოლის გარეშე დაიწყეს, რადგანაც მას ტრავმამ შეაწუხა. სამაგიეროდ მის მაგივრად მოედანზე ხერარდ პიკე გამოვიდა, რომელმაც კაპიტანზე არანაკლებ კარგად ითამაშა. რაკი დაცვაზე მივიდა საუბარი, უნდა აღვნიშნო ერიკ აბიდალის თამაში, რომელმაც თავისთვის არც ისე მოსახერხებელ პოზიციაზე, მთელი შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. მარჯვენა ფლანგი ალვეშის ტრავმის გამო, ადრიანო კორეიას ეკავა, ხოლო მარცხენა შესაბამისად მაქსველს.
56–ე წუთი იდგა, როდესაც კატალონიელების ძალიან ლამაზი შეტევა როგორც იქნა გოლით დაგვირგვინდა. გოლის ავტორი ანდრეს ინიესტა გახლდათ, ხოლო საგოლე პასის ავტორი პირველი გოლის ავტორი აღმოჩნდა. ამ ლამაზი კომბინაციის შემდეგ ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი ლამაზი კომბინაცია, თუ დარტყმა ვიხილეთ, მაგრამ ხან საქმე ტონიოს თამაშის მაღალ დონესთან, ხან უიღბლობასთან და ხანაც უზუსტობასთან გვქონდა. გოლის გატანის უამრავი მცდელობის მიუხედავად, მეტი გოლი აღარ გასულა. სამაგიეროდ ვიქტორ ვალდესმა კიდევ რამდენჯერმე მოახერხა და შესანიშნავი სეივები გაახორციელა, რაც ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ იგი ამ დროისთვის ძალზედ კარგ ფორმაში იმყოფება. “ბარსამ” კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. გაიმარჯვა ანგარიშით, 3–0 და კიდევ ერთხელ და არასაბოლოოდ, დაანახა ყველას, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.
მატჩის შემდეგ, სანტანდერელთა დამრიგებელმა, პორტუგალმა განაცხადა, რომ “იმისათვის, რომ “ბარსელონა” მთელი თამაშის განმავლობაში არ ფლობდეს უპირატესობას, საჭიროა პრესინგი და ბურთის ხშირად ართმევა. არ უნდა დაელოდო თამაშის გართულებას და უნდა შეზღუდო მოწინააღმდეგე. ამ ყველაფრისათვის კი საჭიროა საწინააღმეგო მოქმედებები.” დავიჯერო აქამდე ვერ ხვდებოდა ამას ბატონი პორტუგალი?..
[media=http://www.youtube.com/watch?v=h6gwFKIQbIw]