გუშინ, ღამის პირველ საათზე, როდესაც მზე უკვე კარგა ხნის ჩასული გახლდათ და ცაზე დომინანტის სახით მხოლოდ და მხოლოდ მთვარე გვევლინებოდა, “ბენიტო ვილიამარინზე” მთვარეს კონკურენტი გამოუჩნდა. კონკურენტი “რეალ ბეტისის” სახით. მართალია სევილიელმა ფეხბურთელებმა დომინანტობა ჯერ მხოლოდ საკუთარ მოედანზე იკისრეს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ძალიან მალე მთვარის ადგილიც დაიკავონ და ღამით დედამიწა მწვანე–თეთრ ფერებში მორთონ…
ამის თქმის საფუძველს კი ის გვაძლევს, რომ “ბეტისის” ფეხბურთელებმა, მილიტოს, პინტოს და კიდევ რამდენიმე კატალონიელი ფეხბურთელის დახმარებით, “ბარსა” ანგარიშით, 3–1 დაამარცხეს. აგერ უკვე 28 თამაში იყო, რაც პეპის შეგირდებს შეხვედრა არ ქონდათ წაგებული და როგორც იქნა, “ბეტისმა” კატალონიელები შეაჩერა! მართალია “ბარსას” შემადგენლობაში თითზე ჩამოსათვლელად იყვნენ ძირითადი გუნდის ფეხბურთელები, მაგრამ ესეც ხომ საქმეა? მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში “ბენიტო ვილიამარინის” დომინანტებმა “ნოუ კამპზე” ანგარიშით, 5–0 წააგეს. მათ ხომ საკუთარი გუნდის ღირსება დაიცვეს და “ვიღაც” კატალონიელებს საკუთარ კედლებში თავი არ დააჩაგვრინეს. მართალია საკუთარ კედლებში თავი “ვიღაც” კატალონიელებს არ დააჩაგვრინეს, მაგრამ რადგანაც სხვის კედლებში დაიჩაგრნენ და დაიმორცხვნენ ამიტომ შემდეგ ეტაპზე “ბარსელონა” გავიდა.
“ბარსელონას” 28 მატჩანი წაუგებელი სერია დასრულდა და “რეალ ბეტისს” ქომაგები საქართველოშიც გამოუჩნდნენ, როგორც ეს ჩვეულებრივ, “ბარსას” წარუმატებელი თამაშის შემდეგ ხდება ხოლმე. ამ ქომაგთა ჯგუფში კი რაღა თქმა უნდა ჭარბობენ “რეალ მადრიდის” გულშემატკივრები, მაგრამ მოდით ამაზე ბევრი აღარ ვისაუბროთ … თუმცა, მაინც მოგვიწევს საუბარი, რადგანაც ნახევარ–ფინალში კატალონიური კლუბი “ალმერიას” დამარცხებასა და “რეალ მადრიდისა”, და ახლა უკვე “რეალ ბეტისის”, გულშემატკივრების გულების გახარებას შეეცდება. ალბათ ყველას მოგეხსენებათ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს “ალმერიასა” და “რეალ მადრიდს” ერთმანეთთან. აქვე გეტყვით, რომ ალმერიელ “გმირებს” მეოთხედ–ფინალში “დეპორის” დამარცხება მოუწიათ. პირველი შეხვედრა მათ საკუთარ მოედანზე, ანგარიშით, 1–0 გაიმარჯვეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში “ბარსას” მსგავსად, “რიასორი” დაამწუხრეს და კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად განსხვავებული ანგარიშით (2–3) შეძლეს “დეპორტივოს” დამარცხება.
გუშინდელი შეხვედრის მთავარი მსაჯი კლოს გომესი გახლდათ და სწორედ მისი სასტვენიდან 1 წუთში, მოლინამ პირველი გოლის გატანა შეძლო. მოლინა ჯერ კიდევ ამ პირველ გოლს აღნიშნავდა, როდესაც ეზეკიელმა სწორედ მას შესანიშნავი პასი გაუკეთა და მოლინამაც პირველი გოლი მეორე გოლით აღნიშნა. ეს უკანასკნელი კი მეშვიდე წუთზე მოხდა. 7 წუთში “ბარსას” 2 გოლი გაუტანო ეს სახუმარო ნამდვილად არ გახლავთ. მასპინძლები ამის შემდეგაც არ გაჩერებულან, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მათ მაგივრად ბურთი ბადეში 38–ე წუთზე, ლეო მესიმ გაახვია. ალბათ ყველას ეგონა, რომ გუნდები შესვენებაზე სწორედ ამ ანგარიშით გავიდოდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროს გოლი არსუმ გაიატანა. ამ მომენტში “ბარსას” კიპერისთვის, ხოსე მანუელ პინტოსთვის ალბათ 2 ბურთი არსებობდა. ერთი – ნამდვილი, ხოლო მეორე – წარმოსახვითი. მას ალბათ მათი გარჩევა გაუჭირდა და იქით გადახტა საითაც გულმა უგრძნო – წარმოსახვითი ბურთისკენ. წარმოსახვითი ბურთის მაგივრად კი იქ მილიტო აღმოჩნდა, რის შედეგადაც იგი არგენტინელ მცველს დაეჯახა, ხოლო არსუმ ბურთი მის ბადეში მესამედ გაახვია.
მეორე ტაიმი კატალონიელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და 52–ე წუთზე ლეომ პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვა, მაგრამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შესრულებული დარტყმა კასტოს კარს ზემოთ აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ კი ფაქტობრივად 100%–იანი შანსი მას აღარ შექმნია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა “ბარსელონას” ახალწვეული, იბრაჰიმ აფელაი, რომელმაც მთელი 80 წუთი მოედანზე დაჰყო და “ბარსას” მხრიდან ის საუკეთესო თუ არა, ერთ–ერთი საუკეთესო მაინც გახლდათ. ძალიან აქტიური იყო იბი, რასაც ვერ ვიტყვით ბოიან კრკიჩზე, რომელიც თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთის გარეშე დარბოდა. როდესაც მას ვუყურებდი მეგონა, რომ ის უბრალოდ იმიტომ “თამაშობდა”, რომ კატალონიელებს შეხვედრის დასაწყებად ერთი ფეხბურთელი დააკლდათ და გუნდში პირველივე შემხვედრი აიყვანეს. ბოიანთან ერთად კი კიდევ ბევრი კატალონიელი იყო მოედანზე, რომლებმაც შეხვედრა ძალიან დაბალ დონეზე ჩაატარეს. კრკიჩის კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩის მიუხედავად, არ ვკარგავ იმის იმედს, რომ ახალგაზრდა ფორვარდი მალე ნამდვილ, პროფესიონალ ფორვარდად ჩამოყალიბდება და “ბარსას” კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება.
მე მინდა გულრწფელად მივულოცო პეპე მელის შეგირდებს ამ უდიდესი წარმატების მიღწევა და გავიმეორო ის, რომ ეს გუნდი “პრიმერა დივიზიონში” ასპარეზობას ნამდვილად იმსახურებს, ხოლო “რეალ ბეტისის” “ახალგამოჩეკილ” და დროებით გულშემატკივრებს … არაფერს ვეტყვი…
