“ბარსელონას” ფრანგი მარცხენა მცველი ლუკა დინი მიიჩნევს, რომ კატალონიურ კლუბში გატარებული პირველი სეზონი წარუმატებელი არ ყოფილა.
“სასიამოვნო იყო, რომ სეზონი ისევე დავასრულეთ, როგორც დავიწყეთ – ტიტულის მოგებით.
სეზონის სტარტზე, ესპანეთის სუპერ თასზე, “სევილიას” წინააღმდეგ ვითამაშე და ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ამ ყველაფრის ნაწილად ვიქეცი. სეზონის ბოლოს კი, ესპანეთის თასი მოვიგეთ. რა თქმა უნდა, “ბარსელონასთვის”, ეს საკმარისი არაა. უფრო მეტი ტიტული გვინდა.
სეზონი არც იმდენად ცუდი იყო, თუ ფაქტებს გავითვალისწინებთ. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდებს შორის ყველაზე მეტი გოლი გავიტანეთ. გარდა ამისა, ჩემპიონატში, საუკეთესო შეტევა და დაცვა გვყავდა. სხვაობა კი მცირე დეტალებმა შექმნა. მაგალითად, სეზონის პირველ “ელ კლასიკოში”, “რეალს” გამათანაბრებელი გოლი რომ არ გაეტანა, პრიმერას ჩვენ მოვიგებდით. თუმცა, ასეთია ფეხბურთი.
ჩემ შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი გავრცელდა, მაგრამ ყველა მათგანი ტყუილია. რა თქმა უნდა, “ბარსელონაში” ვრჩები. ჩემი ერთადერთი მიზანი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ გუნდში თამაშია.
ახალ სეზონს ველოდები. ვაპირებ, მეტი სათამაშო დროის მისაღებად ვიბრძოლო და “ბარსელონაში” ჩემი კვალი დავტოვო.” – ციტირებს ფრანგი განაპირა მცველის სიტყვებს Goal.


