მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” აქტიურადაა დაინტერესებული მიმდინარე ზაფხულში მაღალი დონის ნახევარმცველის შეძენით და მთავარ კანდიდატად მარკო ვერატი განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ იტალიელის ტრანსფერი ჩაიშლება, კლუბი ალტერნატივად პიანიჩის ტრანსფერს განიხილავს.
მოგეხსენებათ, რომ სერბი მირალემ პიანიჩის გარდა, “ბლაუგრანა” სათადარიგო ვარიანტად სერის ტრანსფერსაც განიხილავს, რომელიც ამჟამად “ნიცას” რიგებში ირიცხება. ძალიან მრავალმხრივი, 27 წლის ქ. ტუზლაში დაბადებული ნახევარმცველი ახლა ფორმის პიკშია და მას კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი უდგას. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და “ბარსელონასთან” ორ მატჩიან დუელშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა.
პიანიჩისა და “ბარსელონას” გზები ადრეც გადაიკვეთა. ფეხბურთელი კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე, “ლიონის” ფორმით დაუპირისპირდა და კლუბის იმჟამინდელი ტექნიკური მდივანის, ჩიკი ბეგირისტაინის ინტერესიც გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. იმ დროს, პიანიჩი უფრო მეტად შემტევი ხასიათის ფეხბურთელი იყო, რასაც მისი შესანიშნავი ტექნიკა, პასი და დარტყმა ხელს უწყობდა. მას ჟუნინიოსაც კი ადარებდნენ.
“იუვეში” მასიმილიანო ალეგრის ხელში კი ის განვითარდა და გარკვეულწილად შეიცვალა კიდეც. მისი დაცვითი ფუნქციების შესამჩნევი პროგრესი კატალონიაში უყურადღებოდ არ დარჩენილა. კლაუდიო მარკიზიოსთან ან სამი ხედირასთან ერთად იგი შესანიშნავ დუეტს ქმნის და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ტექნიკა დაცვითი ფუნქციების განვითარებასთან ერთად არ დაუკარგავს – სწორედ ეს იწვევს კატალონიელთა ინტერესს მის მიმართ. აქვს ძალიან კარგი დარტყმა და წინახაზელებს ასისტებითაც საკმაოდ ამარაგებს.
ბიოგრაფია
პიანიჩი ტუზლაში დაიბადა, თუმცა პატარაობაშივე ოჯახმა, მაშინდელ იუგოსლავიაში პოლიტიკური არეულობისა და სამოქალაქო ომის გამო ქვეყანა დატოვა და ლუქსემბურგში გადაბარგდა. საფეხბურთო კარიერა “მეცში” დაიწყო. 2007-2008 წლების სეზონი კი მისთვის სადებიუტო იყო, რომელშიც 32 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. პირველი მატჩი 18 აგვისტოს ჩაატარა პსჟ-ს წინააღმდეგ.
პიანიჩმა საფრანგეთში დარჩენა გადაწყვიტა და “მეცთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა 2008 წლის 6 ივნისს “ლიონმა” შეიძინა 7.5 მილიონ ევროდ.
2010 წლის 10 მარტს მან მადრიდის “რეალს” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და “ლიონი” მეოთხედფინალშიც გაიყვანა.
ამის შემდეგ, ნახევარმცველმა კარიერა “რომაში” გააგრძელა, რომელთანაც კონტრაქტი 2011 წლის 31 აგვისტოს გააფორმა. 2012/13 წლების სეზონში, კლუბთან ერთად იტალიის თასის ფინალამდე მიაღწია, თუმცა იგი რომაულ დერბიში “ლაციოსთან” 0-1 დათმო. 2013/14 წლების სეზონი კი მისთვის ძალიან კარგი იყო და შესანიშნავი თამაშით გამოირჩა მთელი ჩემპიონატის მანძილზე. მიმდინარე სეზონში მან 35 მატჩში 6 გოლი გაიტანა და კლუბთან კონტრაქტიც გაახანგრძლივა.
2016 წლის 13 ივნისს ფეხბურთლმა “იუვესთან” 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ამჟამინდელი წლიური ხელფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს. ტურინელებს აღნიშნული ტრანსფერი 38 მილიონი ევრო დაუჯდათ.


