დორტმუნდის “ბორუსიას” 20 წლის თავდამსხმელი, უსმან დემბელე კვლავ გახდა “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნე, იტყობინება Mundo Deportivo.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კატალონიელთა ტექნიკური მდივანი, რობერტ ფერნანდესი ამ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობდა და მას შეთავაზებაც გაუკეთა. თუმცა, დემბელემ, რომელიც იმ დროისთვის ფრანგული “რენის” ღირსებას იცავდა, “ლურჯ-ბროწეულისფერებისთვის” უარის თქმა გადაწყვიტა, რადგან “ბარსელონას” ტრიოსთან თავის კონკურენტუნარიანობაში ეჭვი შეეპარა და დორტმუნდის “ბორუსიაში” გადასვლის ვარიანტი აირჩია, სადაც ტომას ტუხელმა, რომელიც იმ მომენტისთვის გერმანულ კლუბს წვრთნიდა, მას სტაბილური სათამაშო პრაქტიკის გარანტია მისცა. მაშინ, დემბელემ რობერტ ფერნანდესს, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა და უთხრა: “ერთხელაც, მე “ბარსელონაში” ვითამაშებ. ეს მომენტი, შესაძლოა, ახლოს იყოს.”
ამ საკითხში გადამწყვეტი ფაქტორი, შესაძლოა, ტომას ტუხელის განთავისუფლება აღმოჩნდეს, მეტწილად რომლის გამოც ფრანგი ფეხბურთელი გერმანულ გუნდში აღმოჩნდა. ასევე, ამ ტრანსფერს ხელი, შესაძლოა, “ბორუსიას” თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაყიდვამ შეუწყოს, რომელიც უსმან დემბელეს ახლო მეგობარია და რომელიც ჭორების თანახმად უკვე შეუთანხმდა “პარი სენ-ჟერმენს”.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ამ ტრანსფერის დახმარებით გუნდს გააახალგაზრდავებს და ასევე მაღალი კლასის მოთამაშეების რაოდენობას გაზრდის.
გასულ სეზონში, უსმან დემბელემ “ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 49 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა. პორტალი Transfermarkt.de ფეხბურთელს 28 მილიონ ევროდ აფასებს.