ერთხელაც, ვინმე თუ მკითხავს, სპორტული დირექტორის ამპლუაში ხომ არ მოგისინჯავს ძალებიო, ვუპასუხებ, ასეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში იყო-თქო. 2002 წლის 23 აპრილს, წმინდა ჟორდის დღესასწაულის საფინალო აკორდად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” გამართული პირველი შეხვედრა იქცა.
ევროასპარეზი ჩვენი უკანასკნელი შანსი იყო იმისათვის, რომ ნერვული და არასტაბილური სეზონის შემდეგ, გულშემატკივართა თვალში რეაბილიტირება მოგვეხდინა. ამ მატჩს ყველა წინაპირობა ჰქონდა საიმისოდ, რომ ისტორიაში შესულიყო – ბლაუგრანას მოწინააღმდეგე “რეალი” იყო, რომელსაც შიშისზარდამცემი ზიდანი მოუძღოდა წინ. იძულებული ვიყავი კულეების მრავალრიცხოვან არმიას შევერთებოდი ტრიბუნებზე, რადგან საბერძნეთში “პანათინაიკოსთან” ორთაბრძოლაში, ყვითელი ბარათი მივიღე, რაც დისკვალიფიკაციად დამიჯდა.
როდესაც მსაჯმა ცხვირწინ “ტარხეტა” ამიფრიალა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, რადგან მშვენივრად ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა. თანაც, გაფრთხილება პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მივიღე და დღემდე ვერ გამიგია რისთვის.
მოდით, მატჩს დავუბრუნდეთ. ორი ბილეთი მიშოვეს ლოჟაში. სტადიონზე მეგობართან, ხუსტრინთან ერთად წავედი, რომლის შესახებაც წინა თავებში მოგიყევით. კუთვნილი ადგილები დავიკავეთ და ვხედავ, რომ გვერდითა სავარძელი თავისუფალია. თამაში დაიწყო, მაგრამ არავინ მოდის. საოცარია, ვეუბნები ხუსტრის, კარგი ადგილია და ასეთი შეხვედრის დროს ცარიელია. წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ჩემს მეზობლად ლუი ვან გაალი მოკალათდა. გაოცებული ვუყურებდი. ბოლოს, 2000 წელს მყავდა ნანახი, როდესაც სანაკრებო დებიუტი მქონდა – ჰოლანდიას შევეტოქეთ. მას შემდეგ მთელი სამი წელი იყო გასული.
მომესალმა და ეგრევე თამაშის განხილვა დაიწყო, პარალელურად კითხვებს მისმევდა: როშემბაკი როგორ არის? კრისტანვალი? სავიოლა?. ვიფიქრე, ყოფილი გუნდის ასპარეზობას თვალყურს ადევნებს და ეს ყველაფერი ამიტომ აინტერესებს-თქო. მოკლედ ვპასუხობდი, აღარ ჩავეძიე. უცებ, გაჩუმდა, შემომხედა და მითხრა, მომავალ სეზონში “ბარსელონაში” ჩემს დაბრუნებაზე რას ფიქრობო. შოკში ვიყავი, თვალებში ვუყურებდი. სიმართლე გითხრათ, არამგონია კარგი იდეა იყოს. ვფიქრობ ასეთი ნაბიჯი არც თქვენ მოგიტანთ სარგებელს და არც კლუბს – ვუპასუხე მისტერს. ჩაფიქრებულმა შემომხედა და მატჩის დასრულებამდე კრინტი არ დაუძრავს. სალაპარაკო არც არაფერი იყო, რადგან 0:2-ს ვაგებდით. ზიდანმა მორიგი შოუ დადგა.

ერთი კვირა არ იყო გასული ამ შეხვედრიდან, რომ ვან გაალთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გავრცელდა ცნობები. “ღმერთო! იმედია, ცუდად არ დაამახსოვრდება ის, რაც ვუთხარი” – ვფიქრობდა იმ მომენტში. ჰოლანდიელს ჩემი ნალაპარაკებისთვის მართლაც არ მიუქცევია ყურადღება. პირიქით, კოკუსთან ერთად ნახევარდაცვის საკვანძო ფეხბურთელად მაქცია. მალე მენდიეტაც შემოგვიერთდა, რომელიც მოტასთან ერთად სასტარტო თერთმეტეულის წევრად იქცა. ლუის ენრიკე კაპიტანი იყო, ხოლო კლუივერტი ძირითადი თავდამსხმელი.
გასახდელში ვან გაალი ჩვეულებას არ ღალატობდა: მკაცრი, სამართლიანი და მომთხოვნი გახლდათ. მოედანს მიღმა უფრო ფრთხილი გახდა. ყოველ სიტყვას აკონტროლებდა, რათა შემდეგ ზურგში დანა არ ჩაერტყათ. შესაძლოა, ამაში ახალი თანაშემწე, ანდრეის იონკერი დაეხმარა. ძალზედ მშვიდი ადამიანი იყო, რომელსაც დაძაბულობის განმუხტვა კარგად გამოსდიოდა. მომეჩვენა, რომ ვან გაალი კლუბის სპეცეფიკას ჩასწვდა.
ინტენსიური მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გვიწევდა ასპარეზობა – ჩვენი მეტოქე კრაკოვის “ვისლა” იყო. პირველივე თამაშში მივხვდი, რომ ახალ სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიქნებოდი. ვარჯიშებზე მისტერი მუდმივად მაძლევდა მითითებებს და ჩემდამი ნდობას გამოხატავდა. მე და პუიოლი მწვრთნელის რჩეულებად ვიქეცით. თითოეული მატჩისთვის, ტაქტიკასა და მოედანზე განლაგებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ კონსულტაციებს გვიტარებდა.
გაგრძელება იქნება…



