“ბარსელონას” სტაჟიან გულშემატკივრებს იმ ფეხბურთელების წარდგენა ნამდვილად არ ჭირდებათ, რომლებმაც 25 წლის წინ, 1992 წლის 20 მაისს, “უემბლიზე” გამართულ ლეგენდარულ ფინალში მიიღეს მონაწილეობა. მათი ნაწილი ახალგაზრდა გულშემატკივრებისთვისაც ნაცნობია, თუმცა, მოდით, მაინც გავიხსენოთ, თუ ვინ მოაგებინა კატალონიურ გუნდს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი.
1. ანდონი სუბისარეტა
![]()
სუბისარეტა “ბარსელონაში” “ბილბაოდან”, იმ დროს მეკარეებისთვის სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გადავიდა. ის ერთ-ერთი იყო იმ მრავალ ბასკ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში “ბარსელონაში” ითამაშეს.
გულშემატკივრებისთვის უფრო მეტად ცნობილი მეტსახელით “სუბი”, რომელსაც მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები, “უემბლის” ფინალზე გუნდის კაპიტანი იყო.
კრუიფის “ოცნების გუნდის” ერთგული წევრი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე იყო. მან გუნდი 1994 წელს დატოვა, როდესაც “ვალენსიაში” გადავიდა. 2010-2015 წლებში, სუბისარეტა “ბარსას” სპორტული დირექტორი იყო.
ამჟამად, “ბარსელონას” ლეგენდა ფრანგული “მარსელის” სპორტული დირექტორია.
2. ნანდო
![]()
მარჯვენა მცველი ფერნანდო მუნიოს გარსია, ან უბრალოდ “ნანდო”, “ბარსელონაში” 1990 წელს, “სევილიადან” გადავიდა და თავის პოზიციაზე იოჰან კრუიფის ფავორიტ ფეხბურთელად იქცა. თუმცა, კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, “სევილიას” მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდა და ანდალუსიელებმა ეს უფლება 1992 წლის ფინალის შემდეგ გამოიყენეს.
ნანდო “ბარსელონაში” არასდროს დაბრუნებულა და მეტიც, “სევილიაში” დაბრუნებულმა ფეხბურთლმა მაშინვე მადრიდის “რეალს” მიაშურა.
3. ალბერტ ფერერი
![]()
“ოცნების გუნდის” მთავარი მარჯვენა მცველი “ბარსელონას” პირველ გუნდს ლა მასიადან შეუერთდა. ის სწრაფი მოთამაშე იყო და ბრიტანული საფეხბურთო შოუების მაყურებლები დაგვეთანხმებიან, ფეხბურთის გარჩევაშიც არ მოიკოჭლებს.
ფერერმა “ბარსა” 1998 წელს დატოვა. ის “ჩელსიში” გადავიდა. ტრავმებით დატანჯულმა ფეხბურთელმა, კარიერა 2003 წელს დაასრულა.
4. რონალდ კუმანი
![]()
ცოტა ხნის წინ, ლეო მესიმ მისი რეკორდი გააუმჯობესა. ჰოლანდიელი, აქამდე, “ბარსას” ისტორიაში ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი იყო. თუმცა, კუმანი მაინც რჩება კატალონიური კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიან მცველად. სავარაუდოდ, მას ამ წოდებაში ვერასდროს შეეცილებიან. სწორედ მისმა გოლმა გადაწყვიტა 1992 წლის ფინალის ბედიც.
“უემბლის” ფინალის დროს, კუმანი “ბარსას” ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ჩემპიონთა თასი მანამდე მოგებული ჰქონდა. 1998 წელს, მან “ბენფიკა” პსვ-სთან ერთად დაამარცხა.
კუმანი, ამჟამად, ინგლისში მუშაობს. “საუთჰემპტონში” წარმატებით მწვრთნელობის შემდეგ, ის “ევერტონში” მიიწვიეს.
კუმანს ერთი საინტერესო მიღწევაც ეკუთვნის – ის, ჰოლანდიის დიდი ტრიადის (“აიაქსი”, პსვ, “ფეიენორდი”) ფეხბურთელიც იყო და მწვრთნელიც.
5. ხუან კარლოსი
![]()
ისევე, როგორც ესპანელი ფეხბურთელების უმრავლესობა, ხუან კარლოს როდრიგეს მორენოც ჩვენთვის პირველი სახელითაა ცნობილი. ძლიერი მარცხენა მცველი, რომელიც თავის საქმეს ზედმეტი ხმაურის გარეშე აკეთებდა. ის ისეთი ფეხბურთელი იყო, როგორებიც იოჰან კრუიფს უყვარდა.
ხუან კარლოსი “ბარსელონაში” 1991 წელს, “ატლეტიკოდან” გადავიდა, 1994 წელს კი, მან “ვალენსიას” მიაშურა.
ამჟამად, კარლოსი მშობლიური გუნდის, “ვალიადოლიდის” ახალგაზრდულ სისტემაში მწვრთნელად მუშაობს.
6. ხოსე მარი ბაკერო
![]()
ბასკი ფეხბურთელი “ბარსამ” 1988 წელს, “სოსიედადიდან” შეიძინა. ბაკერო თავდამსხმელი იყო, რომელიც კრუიფმა ნახევარმცველად გარდაქმნა. ბაკეროსთვის გოლების გატანა უცხო არ ყოფილა, თუმცა თავისი მეტსახელი “სუპერ მარიო” მან იმის წყალობით მიიღო, რომ მცირე სიმაღლის მიუხედავად, მაღალ ფეხბურთელებს ის მეორე სართულზე კონკურენციას უწევდა.
რომ არა ბაკეროს მიერ “კაიზერსლაუტერნის” კარში ბოლო წამებზე გატანილი გოლი, “ბარსელონა” 1992 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში ვერ გავიდოდა.
1997 წელს, ბაკერომ კარიერა დაასრულა, რის შემდეგაც ის პერუსა და პოლონეთის ნაკრებებს წვრთნიდა. მან, ცოტა ხნის წინ, “ბარსელონას” ლეგენდების გუნდში ითამაშა, რომელმაც, ბეირუთში, “რეალი” დაამარცხა.
7. ხულიო სალინასი
![]()
კიდევ ერთი ბასკი ფეხბურთელი. ის “ბილბაოს” სკოლის აღზრდილია.
“ბარსელონაში” თავის პირველივე სეზონში, ლა ლიგაში, მან 20 გოლი გაიტანა.
შეტევის ხაზში დიდი კონკურენციის გამო, კრუიფმა სალინასს ადგილი სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა, მაგრამ ის “სუპერ-შემცვლელად” ჩამოყალიბდა და გუნდს არაერთი მნიშვნელოვანი გოლით დაეხმარა.
კარიერის დასრულების შემდეგ, სალინასი საფეხბურთო მიმომხილველად იქცა.
8. ხრისტო სტოიჩკოვი
![]()
“ხრისტო ვინ?” – იკითხეს “ბარსელონას” გულშემატკივრებმა, როდესაც 1990 წელს, კრუიფმა ის სოფიის ცსკა-დან შეიძინა. თუმცა, ისინი მალევე მიხვდნენ, თუ რა დონის ფეხბურთელი დაიმატეს. “ელ პისტოლერო”, როგორც მას უწოდებდნენ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟი იყო. ის მოედანზე აგრესიით გამოირჩეოდა და თავისი სათქმელის თქმას არასდროს ერიდებოდა.
მე-20 საუკუნის ბულგარეთის უდავოდ ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იმ წელს, მან “ოქროს ბურთიც” მოიგო. “ბარსელონაში” ის 2-ჯერ, 1990-95 და 1996-98 წლებში თამაშობდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სტოიჩკოვმა მწვრთნელობა რამდენჯერმე სცადა. ამჟამად, ის სამხრეთ ამერიკაში, საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს.
9. მიკაელ ლაუდრუპი
![]()
დანიურ ფეხბურთს რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყოლია, მაგრამ მიკაელ ლაუდრუპი მათ შორის საუკეთესოა. ელეგანტური გამთამაშებელი, რომელიც დღემდე “ბარსას” ლეგენდად მიიჩნევა, იმის მიუხედავად, რომ 1994 წელს, ის მადრიდის “რეალში” გადავიდა.
ლაუდრუპს წარმატებული ღვინის ბიზნესი აქვს. გარდა ამისა, მან ბედი მწვრთნელობაშიც მოსინჯა. ის “ხეტაფესა” და “სუონსის” დამრიგებელი იყო. ამჟამად, ლაუდრუპი კატარულ “ალ რაიანს” თავკაცობს.
10. ხოსეპ გვარდიოლა
![]()
არ არსებობს 1992 წლის გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც უფრო ნაკლები წარდგენა ჭირდება, ვიდრე პეპია. იმ დროისთვის, ის მხოლოდ 20 წლის იყო. ლა მასიადან დაწინაურების შემდეგ, 1991/92 წლების სეზონი პირველი იყო, როდესაც ის პირველი გუნდის რეგულარულ წევრად იქცა.
“უემბლის” ფინალის დროს, გვარდიოლა უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ნახევარმცველად მიიჩნეოდა. მან მოლოდინები გაამართლა. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ისტორიაა.
როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი, გვარდიოლას სახელი “ბარსელონას” დიდებასთან ასოცირდება.
ამჟამად, გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” წვრთნის. თუმცა, ეს თქვენ ყველამ ისედაც ძალიან კარგად იცით.
11. ეუსებიო საკრისტანი
![]()
“ვალიადოლიდის” სკოლის აღზრდილი, რომელიც “ბარსელონაში” “ატლეტიკოდან” გადავიდა.
ეუსებიო ისედაც მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვინაიდან კრუიფს უფრო ელეგანტური მოთამაშე ჭირდებოდა, სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად, მას კიდევ უფრო სრულყოფა დაჭირდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, საკრისტანი “ბარსელონაში” დაბრუნდა და მან მუშაობა ფრანკ რაიკარდის სამწვრთნელო შტაბში დაიწყო. “სელტასა” და “ბარსელონა ბ”-ს გაწვრთნის შემდეგ, მან “რეალ სოსიედადი” ჩაიბარა.
16. ანდონი გოიკოეჩეა
![]()
ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონაში” “ოსასუნადან” გადავიდა, “უემბლის” ფინალში 65-ე წუთზე, ხულიო სალინასის ნაცვლად ჩაერთო.
შემტევი ნახევარმცველი ფლანგებზე გარღვევებით გამოირჩეოდა. “ბარსელონაში” გატარებული პირველი სეზონის შემდეგ, ის წლის საუკეთესო ესპანელ ფეხბურთელად დასახელდა. თუმცა, როგორც ბასკი ფეხბურთელების უმრავლესობის შემთხვევაში მოხდა, მან კრუიფის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მალევე დაკარგა.
“გოიკომ” “ბარსელონა” 1994 წელს დატოვა. მან “ბილბაოს” მიაშურა. ამჟამად, გოიკოეჩეა “ოსასუნას” სპორტული დირექტორია.
12. ხოსე რამონ ალეშანკო
![]()
1986 წლის ფინალის ერთადერთი მონაწილე, რომელიც “ბარსელონაში” 1992 წელსაც თამაშობდა. 1986 წელს, ალეშანკო ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი იყო, რომელმაც, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ბასკმა ცენტრალურმა მცველმა, “უემბლიზე”, თამაშის ბოლო 8 წუთი გაატარა. ის გუნდს, კუმანის გოლის შემდეგ, ანგარიშის შენარჩუნებაში დაეხმარა.
1993 წელს კარიერის დასრულების შემდეგ, ალეშანკო მუდმივად ფეხბურთში იყო დასაქმებული. ამჟამად, ის “ვალენსიას” სპორტული დირექტორია.
![]()
“უემბლის” ფინალის დროს “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამზე ასევე ისხდნენ კარლეს ბუსკეტსი, ჩიკი ბეგირისტაინი და მიგელ ანხელ ნადალი. გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი, გილერმო ამორი კი განაცხადში დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოხვდა.
😀 კაი სტატია იყო აი რასაც ქვია გულით წავიკითხე 😀
Bravo wreiter!
ძაან მაგარი სტადიაა. რამდენს გახსოვთ ეს ფინალი?
უბრალოდ სასწაული კლუბი გვაყვდა და საუკეთესო სულ გვყავს და გვეყოლება კიდეც!!! საღოლ Writer მაგარი ხარ!!! მაგარი დღე იყო 25 წლის წინ!!!