“რეალ ბეტისი” – დიახ, მორიგი 5–იანი!

“რეალ ბეტისი” – დიახ, მორიგი 5–იანი!

დღეს, 13 იანვრის დილის პირველ საათზე, მეორენაირად კი 12 იანვრის ღამის პირველ საათზე, “ნოუ კამპზე” შეკრებილი პუბლიკის შეძახილების ფონზე, კარლოს ველასკოს სასტვენის ხმა გაისმა, რაც იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ “სამეფო თასის” მეოთხედ–ფინალის შეხვედრა, “ბარსელონასა” და “რეალ ბეტისს” შორის დაიწყო. დაიწყო შეხვედრა და დაიწყო “ბეტისის” გამოცდა. გამოცდა, რომლისთვისაც “სეგუნდა დივიზიონის” ლიდერი გუნდი მზად არ აღმოჩენილა…

სანამ მატჩში ფეხბურთელები ბურთს შეიყვანდნენ, 1–2 საყურადღებო ფაქტი მოხდა. არგენტინელი ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლეო მესი, ციურიხში მიღებული “ოქროს ბურთით” სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას შეხვდა, რის შემდეგაც მან კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) ყველას დაანახა ის, რომ იგი ამ პრიზს ნამდვილად იმსახურებდა. მას კი მხარი პედრომ და სეიდუ კეიტამ აუბეს და შეხვედრაც მასპინძელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

“ოქროს ბურთის” წარდგენის შემდეგ, ფეხბურთელებმა და საერთოდ, მთელმა “ნოუ კამპმა” პატივი წინა შაბათს გარდაცვლილ ყოფილ ფეხბურთელს, ანხელ პედრასას მიაგო. პედრასა “ბარსაში” 80–იან წლებში გამოდიოდა. იგი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. წუთიერი დუმილის შემდეგ კი 2010 წლის იდეალური 11–ეულის 6 ფეხბურთელი და სხვა მოთამაშეები თავიანთ კუთვნილ ადგილებს დაუბრუნდნენ, რათა შეხვედრა დაწყებულიყო.

“ბარსამ” შეხვედრა საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყო, რაც ალბათ ყველა გულშემატკივრისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა. ამ სწრაფის ტემპის გამო კი “რეალ ბეტისის” გოლკიპერს, კასტოს ბევრჯერ მოუწია მატჩში ჩართვა. პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება კი მას დავიდ ვილიას დარტყმის შემდეგ მოუწია. ამის შემდეგ მომენტები “თვით” ხოსე მანუელ პინტოს კართანაც შეიქმნა, მაგრამ პუიოლი–პიკეს გადამკიდე სახიფათო მომენტები კატალონიელების კართან იშვიათად იქმნებოდა. სამაგიეროდ ვილია–მესი–პედრო მაყურებელს ხათრს ვერ უტეხდნენ და ცდიდნენ და ცდიდნენ 38 წლის მეკარეს. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მატჩის 43–ე წუთზე მეკარემ გამოცდა ვეღარ ჩააბარა და ლეო მესიმ მას და სრულიად მთელ მსოფლიოს ერთი ლამაზი გოლი აჩუქა, რითიც ალბათ ყველაფერი საბოლოოდ დაიწყო… (ალბათ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ პირველ ტაიმში ყველაზე უკეთ ორივე გუნდის კარის დარაჯები გამოიყურებოდნენ).

მეორე ტაიმისთვის “ბეტისისგან” ყველა “რაღაცას” ელოდა, მაგრამ ის მოსალოდნელი “რაღაც” მოულოდნელი აღმოჩნდა და ისევე მოულოდნელად დარჩა. რომ არა პინტო, ვინ იცის, იქნებ 1–2 გოლი მაინც გაეტანათ, მაგრამ “თმადაწნული” ხოსე შეუდრეკელი აღმოჩნდა და საკუთარი კარი 90–ე წუთამდე მშრალად შეინახა. კასტო კი რის კასტო იქნებოდა თავის კარში კიდევ 4 გოლი, რომ არ გაეშვა? მეორე გოლი მან 62–ე წუთზე გაუშვა. მართალია პირველ ჯერზე მესის აჯობა, მაგრამ მეორედ არგენტინელმა უკვე ესპანელს აღარ აპატია და დუბლი შეუსრულა. კასტოს მსგავსად, გაჩერებას არ აპიურებდა მესი, რომელმაც ჰეტ–ტრიკის შესრულება უკვე სამოცდამეცამეტე წუთზე მოახერხა. მესის გოლს კი 3 წუთში ალვეშის წარუმატებელი დარტყმა მოყვა, წარუმატებელ დარტყმას ასევე დანის, ამჯერად წარმატებული პასი, დანის პასს კი პედროს გოლი. გოლი, რომელიც ინიესტას მიერ გაკეთებული პასამდე მეოთხე იყო. ამ გოლიდან რამდენიმე წუთში კი გოლი სეიდუმ გაიტანა. დიახ, მალელმა სეიდუმ, სეიდუ კეიტამ, მაგრამ როგორ გაიტანა? გაიტანა პასით, პასით, რომელიც ანდრეს ინიესტამ გააკეთა. სიმართლე გითხრათ პირადად ჩემთვის, ეს პასი იმ სამ გოლს უდრიდა, რომლის გატანაც ლეომ შეძლო. სასაცილოა, არა? ისევ ხუთიანი!

…და დასრულდა შეხვედრაც. შეხვედრა, რომლის დასრულებასაც “რეალ ბეტისი” ასე ძალიან ელოდა. მოკლედ, დასრულდა კიდევ ერთი “რეალის” გაწბილება და განადგურება.

P.S. “რეალ ბეტისი” – დიახ, მორიგი 5–იანი!

“რეალ მადრიდი” (5), “რეალ სოსიედადი” (5), “რეალ ბეტისი” (5) – რიგში კიდევ ბევრი “რეალია”…

ვიდეომასალა

მიმოხილვა

[media=http://www.youtube.com/watch?v=qKOKf-oAxR4]

დანი & პიკე

[media=http://www.youtube.com/watch?v=U1mWmIzD93Y]

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward