23 აპრილს გასამართ “ელ კლასიკოს”, რომელიც პრიმერას 33-ე ტურის ფარგლებში შედგება, ხესუს ხილ მანსანო განსჯის, იტყობინება Marca. ოფიციალურად ამაზე ორი კვირის შემდეგ გამოცხადდება.
თებერვალში, მანსანომ სკანდალურ მატჩში იმუშავა – “ვილიარეალი” – “რეალი” (2:3). დიდი დაპირისპირება მადრიდელების მეორე გოლმა გამოიწვია, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. პენალტი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბურთი “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ნახევარმცველს, ბრუნო სორიანოს ხელზე მოხვდა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ხელით განზრახ არ უთამაშია.
შემდეგ, “ვილიარეალის” პრეზიდენტმა, ფერნანდო როიგმა იმაზე მიანიშნა, რომ მანსანო მეტოქეს გამარჯვებაში შეგნებულად დაეხმარა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ მანსანომ და მისმა დამხმარეებმა სტადიონი “რეალის” ჩანთებით დატოვეს.



