სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩი “რიასორიზე”, “დეპორტივოსა” და “ბარსელონას” შორის. შეხვედრა მასპინძელთა მოულოდნელი გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
ტრადიციულად, “ბარსელონამ” ბურთი გააკონტროლა, მაგრამ ეს დღევანდელ მატჩში 3 ქულის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. “დეპორტივოს” მოთამაშეებმა მწვრთნელის მიერ მითითებული დავალება წარმატებით შეასრულეს. მასპინძელმა გუნდმა რამდენიმე ეფექტური კონტრ-შეტევა შემოგვთავაზა და რომ არა ტერ შტეგენის ოსტატობა, დღეს “ტაბლოზე” სხვა ანგარიში დაფიქსირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” მიერ ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მეტოქისას ბევრად აღემატებოდა, “დეპორტივომ” უფრო მეტჯერ დაარტყა, ვიდრე კატალონიურმა გუნდმა.
“ბარსელონას” რიგებში გოლი ლუის სუარესმა გაიტანა (21-ე ლა ლიგაში), მასპინძელი გუნდის მოთამაშეებს შორის კი თავის გამოჩენა ხოსელუმ და ბერგანტინოსმა შეძლეს.
როგორც ჩანს, ლუის ენრიკეს კოლექტივმა “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩში კოლოსალურად დიდი ენერგია დახარჯა, რამაც დღეს ქულების დაკარგვა გამოიწვია. ზუსტად მოქმედებაში “ბარსელონას” მოთამაშეებს ხელი ცუდმა ამინდმაც შეუშალა, მაგრამ ამას განცდილ მარცხს ვერ დავაბრალებთ.
ამჟამად, 60 ქულით “ბლაუგრანა” სატურნირო ცხრილის ლიდერია. კატალონიურ კლუბს “რეალი” ჩამორჩება (59), რომელიც თავის შეხვედრას დღეს, 23 საათსა და 45 წუთზე, “ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს. ზინედინ ზიდანის გუნდს თადარიგში 1 შეხვედრა აქვს.
მომდევნო მატჩს “ბარსელონა” 19 მარტს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.
[media=https://www.youtube.com/watch?v=NeFut6IxwqU]
