მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა, დიეგო მილიტომ არგენტინულ გაზეთ “Ole”–სთან ინტერვიუში ისაუბრა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალზე, სადაც იტალიელები კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში კატალონიელები ანგარიშით 3-2 დაამარცხეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს. ფინალში ისინი მიუხენის “ბავარიას” დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ მატჩში დიეგო მილიტომ დუბლი გაიფორმა და მილანის “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი გახდა.
“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ “ბარსელონაზე” გამარჯვება სასწაულის ტოლფასი იყო. დააკვირდით, რა ემართებათ იმ გუნდებს, რომლებიც “ბარსას” ეთამაშებიან. კატალონიელები მათ მიწასთან ასწორებენ. თუმცა, ჩვენ შარშან ჭკვიანურად ვითამაშეთ: მილანში სამი გოლი შევაგდეთ მათ კარში, ხოლო ბარსელონაში კარგად დავიცავით თავი. ასე რომ, ჩვენ დავიმსახურეთ შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში”– განაცხადა მილიტომ.



