“ბარსელონას” ხელმძღვანელობა სერიოზულადაა განწყობილი, რომ ლუის სუარესის წითელი ბარათი გაასაჩივროს, რომელიც ურუგვაელმა “ატლეტიკოსთან”, კოპა დელ რეის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში (1:1) მიიღო.
კატალონიელთა ცხრიანი 90 წუთზე, ბურთისთვის ბრძოლაში მეტოქეზე ხელით შეხების გამო გააძევეს. თავად სუარესი და კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქმედება გამიზნული არ იყო.
თავდაპირველად, “ბარსელონა” შეეცდება ფეხბურთელის გაძევება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში (RFEF) გააპროტესტოს. თუ მცდელობა წარუმატებლად დასრულდება, მაშინ კატალონიური კლუბი RFEF-ში აპელაციას შეიტანს. წარუმატებლობის განმეორების შემთხვევაში, “ბარსელონა” ლოზანაში, სპორტულ საარბიტაჟრო სასამართლოს (CAS) დაუკავშირდება, იტყობინება კატალონიური გამოცემა, Diari Ara.
