სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის თასის 1/8 ფინალური მატჩი “სან მამესზე”, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “ბილბაო” და კატალონიის “ბარსელონა” უპირისპირდებოდნენ.
მატჩი ბასკების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მას შემდეგ რაც გუნდს სათავეში ლუის ენრიკე ჩაუდგა, წლის პირველი მატჩი ყოველთვის მოუგებლად სრულდებოდა და არც 2017 წელია გამონაკლისი.
2015 წელს ასტურიელი სპეციალისტის გუნდმა პირველი მატჩი 5 იანვარს გამართა, ეს იყო სან სებასტიანში, “ანოეტაზე” “სოსიედადის” წინააღმდეგ, მასპინძლებმა “ბარსელონა” მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. რაც შეეხება 2016 წელს, “ბლაუგრანასთვის” პირველი მატჩი 2 იანვარს შედგა, თანაქალაქელი “ესპანიოლის” წინააღმდეგ, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.



