“ბარსელონამ” 2017 წლისთვის არაერთი მიზანი დაისახა, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. პირველ რიგში კატალონიურმა კლუბმა გუნდის ლიდერის, ლიონელ მესისა და მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ხელშეკრულებათა საკითხი უნდა მოაგვაროს.
არგენტინელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, მთავარი მწვრთნელი კი თვლის, რომ უმჯობესია ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი სეზონის ბოლოს დაიწყოს.
ლუის ენრიკესა და ლიონელ მესის გარდა, კატალონიელებს ახალი ხელშეკრულების გაფორმება სხვა წამყვან ფეხბურთელთანაც სურთ. საუბარია: ანდრეს ინიესტაზე, ივან რაკიტიჩსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე.
საჭირო საკითხად ითვლება ახალი განაპირა მცველის შეძენა. ალეიშ ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა, “სევილიას” ექსფეხბურთელმა კატალონიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც მარჯვენა მცველის პოზიციას უმეტესად რობერტო იკავებს. “ვალენსიას” ლატერალი ჟოაუ კანსელუ განიხილება, როგორც სამომავლო სატრანსფერო პრიორიტეტი.
ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნეიმარ და სილვას საუკეთესო ფორმაში შესვლა და საინვესტიციო ფონდის, DIS-ის მიმართ, 2013 წელს “სანტოსიდან” კატალონიურ კლუბში გადასვლის დროს მომხდარ სავარაუდო თაღლითობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, რის გამოც ბრაზილიელ ფორვარდსა და მის მამას თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აგრეთვე მნიშვნელოვანია “კამპ ნოუსა” და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია 2017 წელს. კლუბმა უნდა იმუშავოს გულშემატკივრებთან, რომლებმაც არაერთხელ გამოიჩინეს თავი პოლიტიკური და რასისტური ბანერებით მატჩის მსვლელობის დროს.