workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2011 წელს განსაახლებელი კონტრაქტები

2011 წელს განსაახლებელი კონტრაქტები

2011 წელი ახლოვდება და გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ 6 კონტრაქტს, რომლის განახლებაზეც უნდა იზრუნოს ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ.

1. ხოსეპ გვარდიოლა – პრიორიტეტული კონტრაქტი

რა თქმა უნდა, ყველა კონტრაქტი მნიშნველოვანია, თუმცა ერთ-ერთ მათგანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე კლუბის ხელმძღვანელობისთვის. გუნდის მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი 2011 წლის ივნისში იწურება და ”ბარსას” ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა კონტრაქტის სწრაფად განახლებაზე. თვითონ გვარდიოლა საკმაოდ ჯანსაღად აფასებს კლუბში მის მუშაობას და არ სურს გრძელვადიან შეთანხმებაზე ხელის მოწერა. სწორედ ამიტომ, კონტრაქტის ახალი ფორმულა – 1+1, ორივე მხარისათვის მისაღები ვარიანტია. თვითონ გვარდიოლა ყოველთვის ბანზე აგდებს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან დასმულ შეკითხვებს. მიუხედავად ამისა უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელი ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს.

2. ალვეში – ყველაზე რთული მოლაპარაკებები

იანვრიდან ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას მოუწევს დანი ალვესის კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლება. 27 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი 2012 წლის ივნისში ეწურება, თუმცა გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გაუგებარია. მიუხედავად ორივე მხარის სურვილისა, ურთიერთობების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს ცალკეულად განიხილოს ალვეშის ფინანსური ინტერესები. თვითონ ფეხბურთელი კი მიიჩნევს, რომ მისი როლი საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად ხელფასის გაზრდაც საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა. მოლაპარაკებები დღესასწაულების დასრულების შემდეგ განახლდება.

3. ბუსკეტსი- კონტრაქტის 2015 წლამდე გახანგრძლივების მოლოდინში

ბუსკეტსის მიმდინარე კონტრაქტი 2013 წლის ივნისში იწურება, მაგრამ მისი როლი კლუბსა და ნაკრებში იმდენად გაიზარდა, რომ ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა აქედანვე ცდილობს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს 22 წლის ფეხბურთელს. კლუბის მენეჯმენტი უკვე დაუკავშირდა ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტს, ხოსე მარია ორობიტგს და მიაწოდა დოკუმენტების სრული პაკეტი ხელმოსაწერად. ახალი კონტრაქტი, რომლის მოქმედება 2015 წლამდე განისაზღვრა, ბუსკეტსისთვის ხელფასის მატებასაც ითვალისწინებს.

4. ტიაგო – პასუხი იანვრის ბოლომდე

აფელაის პრეზენტაციაზე სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ახალი შენაძენის გაკეთებას. აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ალკანტარას ისევ ფილიალში თამაში მოუწევს და საჭიროების შემთხვევაში გამოძახებული იქნება ძირითად შემადგენლობაში. ტიაგოს მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლის ივნისში იწურება. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი კონტრაქტის განახლებაზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ კლუბს სურს კონტრაქტი 5 წლით გაუფორმოს ახალგაზრდა ფეხბურთელს. სუბისარეტა დაინტერესებულია საკითხის სწრაფად მოგვარებაში და სურს, რომ საბოლოო პასუხი იანვარში იქნას მიღებული.

5. აბიდალი – განახლება პროდუქტიულობის ნიადაგზე

აბიდალის მიმდინარე კონტრაქტი 2012 წლის ივნისში იწურება. ფეხბურთელის მიერ მოედანზე ნაჩვენები პროდუქტიული თამაშის საფუძველზე, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა მცველს კონტრაქტი ერთი ან ორი წლით გაუხანგრძლივოს. 31 წლის ფეხბურთელმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” სურს. აქედან გამომდინარე კონტრაქტის განახლება სავარაუდოდ უპრობლემოდ ჩაივლის და მასზე ხელის მოწერა იანვარში ან თებერვალში მოხდება.

6. მილიტო – გაუგებრობის გზაზე

არგენტინელის კონტრაქტი 2012 წლის ივნისში იწურება და მისი კონტრაქტი სავარაუდოდ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება, თუმცა დღევანდელი მონაცემებით კლუბის ხელმძღვანელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი უთქვავს. გასახდელში ფეხბურთელს ძალიან აფასებენ. ის მესის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ 30 წლის მცველს აშკარად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მისი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი აქტუალურად არ განიხილება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში