ბავშვი, რომელმაც დედას წაართვა ბურთი და ეზოში სათამაშოდ წავიდა, დიდი ხნის შემდეგ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მინდა გესაუბროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ლიონელ მესის წარმატებული კარიერის მთავარ შემოქმედებად შეიძლება ჩავთვალოთ.

გასული საუკუნის 80-იანი წლები არის პერიოდი, როდესაც არგენტინა ხორხე რაფაელ ვიდელის დიქტატურისგან გათავისუფლებას ცდილობდა და ფოლკლენდის სისხლიან ომში დაღუპულ ხალხს გლოვობდა. მარადონას შემცვლელი სამყაროს იმ დღეს მოევლინა, როცა როსარიომ რამდენიმე აფეთქება გადაიტანა. ეს იყო ქვეყნის რეაქცია “აუცილებელი დაქვემდებარების” კანონზე, რასაც უამრავი პროტესტი და ეკონომიკური კრიზისი მოყვა.
მძიმე მომენტებით აღსავსე “პრე-ისტორიების” მიუხედავად, მესის ოჯახს ყოველთვის უყვარდა ფეხბურთი. მისი მშობლები 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიდმინარეობის პერიოდში დაქორწინდნენ. არგენტინა-ბრაზილიის მატჩის გამო მათ თაფლობის თვეზეც კი თქვეს უარი.
ხორხე და სელია მესის გაუჩნდათ ვაჟი, სახელად ლეო. ბიძიასა და დეიდასგან მან “ნიუელს ოლდ ბოისის” მაისური მიიღო, 3 წლის შემდეგ კი მშობლებმა მას ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – ფეხბურთის ბურთი მიართვეს.
სპორტულმა ტრადიციებმა და თემატურმა საჩუქრებმა მესი ფეხბურთთან კიდევ უფრო დაახლოვა, მაგრამ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, საყვარელი ხალხი რომ არა.
დედა – სელია მარია მესი

სელია მესი ყოველთვის ყიდულობს ნეაპოლური შნიცელის დამზადებისთვის საჭირო პროდუქტებს. ეს მისი უმცროსი ვაჟის საყვარელი კერძია. სიტუაციის ასეთი განვითარება მარტივად შეიძლება ავხსნათ. მე-19 საუკუნის მიწურულს ლიონელის დიდი ბაბუა ოჯახთან ერთად ანკონადან არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად. ქალაქი ნეაპოლისგან მოშორებითაა, მაგრამ მათ სამზარეულოს ტრადიციები აერთიანებთ. ასე რომ, მესის წარმატება არა მხოლოდ მშობლიური და კატალონიური, არამედ იტალიური რეცეპტების დამსახურებაცაა.
სელია მარია შვილს შნიცელს კვირაში რამდენიმეჯერ უმზადებს, სურს, რომ ლეო ხშირად დატკბეს ოჯახური კერძებით. “ჩემი ნეაპოლური შნიცელის დამსახურებით გაგაქვს ამდენი გოლი.”– ეუბნებოდა დედა “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირს.
სელიას ფეხბურთი მესის დაბადებამდე უყვარდა, როგორც თავად ამბობს, მარადონას იგივე “უპრინციპო ეშმაკის” გულშემატკივარი იყო.
როცა მარიამ დიეგო გაიცნო უთხრა: “ვიმედოვნებ, ოდესმე ჩემი შვილი დიდებული ფეხბურთელი გახდება და თქვენ მას გაწვრთნით.”– ასეც მოხდა.
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონამ “ღმერთის ხელით” აიღო ინგლისის ნაკრების კარი. ამით მან უკვდავყო თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში. მიუხედავად ამისა სელიას თავისი ვაჟისთვის დიეგო არ დაურქმევია.
მარიამ შვილს ლიონელი ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ლიონელ რიჩის საპატივცემულოდ დაარქვა.
მას შემდეგ რაც ლეო ესპანეთში გაფრინდა, სენიორა მესიმ დამლაგებლობას თავი დაანება და ოჯახზე მოახდინა კონცენტრაცია. სელია კვლავ როსარიოში ცხოვრობს. ლეოს მისი პორტრეტი მარცხენა ბეჭზე აქვს ამოსვირინგებული.
მამა – ხორხე მესი

ახალგაზრდა ხორხე მესი “ნიუელს ოლდ ბოისის” ღირსებას იცავდა, ნახევარმცველის პოზიციაზე. პროფესიონალურ ფეხბურთზე თავის დანებება არმიის გამო მოუწია. 2000 წლის 17 სექტემბერს მან პატარა ლეო ბარსელონაში გააცილა, სადაც მთელი ოჯახის ახალი ცხოვრება დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ლიონელს 14 წელი შეუსრულდა, ხორხემ ფოლადის კომპანიის უფროსის თანამდებობა დათმო და ვაჟის კარიერაზე ზრუნვა დაიწყო.
2013 წელს ხორხეზე საქმე აღიძრა. ბრალი გადასახადების დაფარვაში ედებოდა. 2016 წელს მას და თავის ვაჟს 21 თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. “ხელს ვაწერდი იმ დოკუმენტებს, რასაც მამაჩემი მაწვდიდა.” – თქვა მესიმ სასამართლოზე. “ჩემი იურისტები ადასტურებენ, რომ შემეძლო ამის გაკეთება”. ოჯახისთვის ეს არასასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ ხორხე მაინც საყვარელ მამად და ლეოს უცვლელ აგენტად რჩება.
ლეო მამას და უფროს ძმას როდრიგოს გამორჩეულ პატივს სცემს. “ისინი ყოველთვის მაძლევდნენ რჩევებს და რითიც შეეძლოთ მეხმარებოდნენ”. სწორედ ამის გამო თავისი პირველი გოლი ნაკრებში, არგენტინის ტერიტორიაზე მან ხორხე მესის მიუძღვნა.
“მამაჩემი ჩემი მეგობარია, მაგრამ ხანდახან მიზერულ რაღაცეებზე ნერვიულობს, რის გამოც ძალიან მაღიზიანებს.” – ამბობს მესი მამაზე.
უფროსი ძმა – როდრიგო

ლეო დედის მომზადებული კერძების მოყვარულია, მაგრამ უფროსი ძმის პროფესიონალიზმს ეჭვის ქვეშ არასოდეს აყენებს.
როდრიგო მესი იმ რესტორანის შეფ-მზარეულია, რომლებიც ძმებმა ბარსელონას ცენტრში გახსნეს. “ბლაუგრანას” ვარსკვლავი რთულ გასტრონომიას უბრალოდ არგენტინულ ნამცხვარს, “ალფახორესს” ამჯობინებს.
ბავშვობაში მესის ეკითხებოდნენ, თუ ვინ იყო მისი საყვარელი ფეხბურთელი, ლეო კი პასუხობბდა: “ჩემი ძმა როდრიგო და დეიდაშვილი მაქსი”.
პატარა როდრი ვარჯიშებზე დადიოდა, მაგრამ საფეხბურთო კარიერაზე არასოდეს უფიქრია. ახლა ის სამი შვილის მამაა (აუგუსტო, მორენა და ბენჯამინი) და როგორც უკვე გითხარით, რესტორანის შეფ-მზარეულია.
“13 წლის ასაკში, ლეო დამპირდა, რომ ოდესმე “ოქროს ბურთს” მოიგებდა. მახსოვს, დაბადების დღეზე საჩუქრად მხოლოდ ახალი ბურთი უნდოდა. თუ ვინმე რაიმე სხვას აჩუქებდა ცოტათი ბრაზდებოდა. ლიონელი და მისი წარმატებები მთავარი თემაა ოჯახში. მე ეს ძალიან მახარებს. სახლში სადილობისას მის უკიდეგანო ტალანტზე ვსაუბრობთ.” – ამბობს როდრიგო.
შუათანა ძმა — მატიასი
ლიონელმა მატიასი თავის ორიენტირებს შორის სპეციალურად არ მოიხსენია. რამდენიმე დღის წინ ის ხელმეორედ გაასამართლეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის.
მატიასი 1 წლის განმავლობაში როსარიოს სკოლაში ფეხბურთის მასწავლებელი იქნება.
მატიასი ვალდებულია მოერიდოს სპირტიან სასმელებსა და ნარკოტიკს, ასევე ჯარიმის სახით 530 დოლარი გადაიხადოს. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შესრულდეს მისივე მომავლის კეთილდღეობისთვის. გასაკვირი არაა, რომ ლიონელი შუათანა ძმას მისაბაძ მაგალითად არ თვლის.
დედასთან ერთად მატიასი საქველმოქმედო ფონდს, “Leo Messi Foundation”-ს ხელმძღვანელობს და ხშირად სელია მარიას ძმის შვილის გაზრდაში ეხმარება, რომელიც ბიძია ლეოს ძალიან ჰგავს.
მატიასს მხარზე არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურში გამოწყობილი ლიონელ მესი ჰყავს ამოსვირინგებული. ამ “ტატუს” ის სხვადასხვა ფორუმებსა და საფეხბურთო შეხვედრებზე აჩვენებს პუბლიკას. ცდილობს ყველანაირად მოუფრთხილდეს ოჯახის საგანძურს და სიტუაცია განავითაროს ისე, რომ ლეო მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდეს.
მატიასი ამას ხშირად ვერ უმკლავდება, რადგან მისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ჩვენ ფილოსოფიური ციტატებისა და უმცროს ძმასთან გადაღებული სურათების გარდა, მადრიდის “რეალის” ფანებთან ხშირ დაპირისპირებასაც შევხვდებით.
მატიასი “მადრიდისტებთან” კონფლიქტით არის ცნობილი. ერთხელ მან გამოაქვეყნა ფოტოსურათი სადაც, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის “ესპანური” კარიერის, სტატისტიკური შედარებაა ასახული.
ფოტოსურათის აღწერაში შემდეგი სიტყვები ეწერა: “ამ ფოტოთი გემშვიდობებით. ძალიან მოგეწონებათ. პირადად მე ის მხიბლავს”.
როცა არგენტინის ეროვნული ნაკრები ჩილესთან დამარცხდა, მატიასმა თავისი კომენტარით ჟურნალისტებს ძალიან კარგი განსახილველი მასალა მისცა. “პრობლემა იმაშია, რომ მესი არგენტინელია”.
უსიამოვნო ისტორიებით მესის ოჯახში მხოლოდ მატიასი არ არის განთქმული. როდრიგოსაც უკავშირდება საკმაოდ “სერიოზული” დანაშაული, სადაც იარაღი ფიგურირებს. ავტოგასამართ სადგურზე, მის ახალთახალ AUDI Q7-ს ველოსიპედისტი დაეჯახა. გაბრაზებული როდრიგო მას იარაღით ემუქრებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სათამაშო პისტოლეტი. სასამართლოზე უფროსი მესი სასჯელის გარეშე დარჩა, მაგრამ საცოდავი ველოსიპედისტი ალბათ ახლაც ძალიან შეშინებულია.
უმცროსი და – მარია სოლი

მარია სოლს იცნობენ, როგორც ხუთგზის “ოქროს ბურთის” ლაურეატის დას. ოჯახი ლეოსთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა, მაგრამ სელიას ქალიშვილთან ერთად როსარიოში დაბრუნება მოუწია. “ჩემი დაიკო არგენტინაში დაბრუნდა, რადგან სკოლაში ყველა კატალონიურად საუბრობს, მას კი აქაური ენა არ ესმის და ამის გამო ხშირად ტირის”. – ამბობდა ლეო, რომელიც დიდი ხანია ჟერარ პიკეს “კატალას” შეეჩვია.
ახლა ტირილი ლუის სუარესსა და ივან რაკიტიჩს მოუწევთ, რადგან კონტრაქტში წერია, რომ ფეხბურთელებმა კატალონიური უნდა ისწავლონ, როგორც საკომუნიკაციო ენა გუნდში.
მესის ოჯახში საზოგადოებასთან ყველაზე ხშირი კონტაქტი მარია სოლს აქვს, რომელსაც ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს. ეს ლიონელის ოფიციალურ საიტზე თავშეყრილი აუდიტორიის დამსახურებაა.
მარია მესის ოჯახის “პრეს-ატაშედაც” შეიძლება მოვიხსენიოთ. ის სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქვეყნებს წარწერებით. ამ პუბლიკაციებზე დაყრდნობით მედია დასკვნებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ლეოს ოჯახური სიტუაცია დალაგებულია.
ფეხბურთელმა თქვა, რომ ჟურნალისტებმა პირველი შვილის დაბადების ამბავი მარისოლის გვერდების წყალობით გაიგეს.
მესის ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი დედასთან ერთად როსარიოში ცხოვრობს და თავისუფალ დროს მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად ატარებს. ყველაზე მეტად მას როდრიგოს შვილებთან ერთად ყოფნა უყვარს.
რთულ მომენტებში მარისოლი ლეოს ყოველთვის მხარში უდგას: “როცა რაიმე პრობლემა აქვს, მასთან მივდივარ, ხელს ვკიდებ და შემდეგ დიდი ხანი ერთად წყნარად ვსხედვართ”.
ბაბუა – ანტონიო კუჩიტინი
მესის ბაბუას ძალიან უყვარს შვილიშვილის შესახებ კომენტარების გაკეთება. კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ ტონიმ ლეოს “ზარმაცი” უწოდა და თქვა, რომ ნაკრებში მას პარტნიორები აიგნორებენ.
ზოგადად უფროსი კუჩიტინის კომენტარები ლოგიკური და რეალურია (“ლეომ “ბარსელონაში” დიდ წარმატებას მიაღწია, არგენტინაში კი ვერა”.) ამის გამო ის ჟურნალისტებს ძალიან უყვართ. სწორედ ანტონიო იყო ადამიანი, რომელმაც გასულ წელს მესის ნაკრებიდან წასვლა ივარაუდა.
ეს იყო პირველი ნაწილის დასასრული. გაგრძელებას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
სპეციალურად Barcamania.ge-სთვის.
მეორე ნაწილს ველოდები დარწმუნებულივარ ბებიამისზეც ისაუბრებთ
მთელი ოჯახის ისტორია რომ მოყევი მთავარი როლი ბებიამისმა ითამაშა მის კარიერაში ამან კიდე მთელი პაპიდაშვილ მამიდაშვილ და მეზობლობა მოიკითხა. ისე ასეთი ძმა უნდა გყავდეს კაცს რა
გარძელება იქნებაო
საღოლ ავტორ