მინდა ამ სტატიაში საკმაოდ დიდ თემაზე ვისაუბროთ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გუნდია. დავადგინოთ ამ გუნდის მთლიანი ღირებულება და გავარკვიოთ, თუ რამდენი ფეხბურთელი იქნება მასში “ბლაუგრანელი”.
სანამ დავიწყებთ, იქამდე გეტყვით, რომ ამ გუნდში შეყვანილი იქნებიან ყველაზე ძვირად შეფასებული მოთამაშეებიც და ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც საკუთარ პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები არიან. თითოეულ პოზიციაზე კი ორი ან 3 ფეხბურთელი იქნება შერჩეული.
მეკარე
ჯიჯი ბუფონი 53 მილიონი ევრო, “პარმადან” – “იუვენტუსში”
პირველი ჩვენს გუნდში, არის იტალიის უბერებელი ლეგენდა, რომელიც ყველა ამომავალი ფეხბურთელისთვის, მიუხედავად იმისა, ის მეკარეა თუ არა, მისაბაძია. ამ ფეხბურთელს კარიერაში ერთადერთი რამ არ აქვს მოგებული და ეს ჩემპიონთა ლიგაა.
ასევე არის გასათვალისწინებელი ამ ფეხბურთელის უდიდესი მოთმინების უნარი. ამით კი იმაზე მივანიშნებ, რომ როდესაც კლუბს ფაქტიურად 0-დან მოუწია დაწყება სერია ბ-ში გავარდნის გამო, კლუბი ბევრმა დატოვა, რომელთა სიაშიც იბრაჰიმოვიჩიც შედის, თუმცა ბუფონმა საკუთარ გუნდს არ უღალატა, ის სერია ბ-შიც კი იმის მოლოდინით თამაშობდა, რომ მიაღწევდა წარმატებას და უმაღლესს პიკს, რომლის გაკეთებაც ნამდვილად შეძლო და ის ახლა იტალიაში საუკეთესო კლუბის კაპიტანია.
მანუელ ნოიერი, შეფასებულია 45 მილიონ ევროდ
გადავიდეთ ფაქტობრივად ბოლო წლების სენსაციაზე და იმ მეკარეზე, რომელმაც საკუთარი თამაშითა და მოულოდნელობით ბევრის გაოცება მოახერხა. მართალია, ამ ფეხბურთელმა კარგად არ იცის ვინ არის ნამდვილი “ბოსი” და ეს ერთმა კონკრეტულმა არგენტინელმა მოთამაშემ აჩვენა კიდევაც, თუმცა აქ მის თამაშს ვაფასებთ და არა ხასიათს.
გასათვალისწინებელია მისი განსაკუთრებული თამაშის სტილი, რომლის გამოც, ბევრმა მას “ბოლო მცველი” შეარქვა. აქედან გამომდინარეობს, რომ მისი ღირებულება, რომელიც 45 მილიონი ევროა, დაუმსახურებლად არ არის დაწერილი.
მარცხენა მცველი
ფაბიუ კოენტრაუ, 30 მილიონი ევრო, “ბენფიკადან” – “რეალში”
პირველი ამ სიაში არის ფაბიუ კოენტრაუ, ანუ ადამიანი, რომელიც ბევრის აზრით “რეალის” ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერის ნაწილად ითვლება. ამ ფეხბურთელმა 30 მილიონი ევრო, ანუ ის თანხა, რომელიც მის სანაცვლოდ გადაიხადეს, საერთოდ ვერ “ამოიღო” და რამდენიმე სეზონის შემდეგ, კლუბიდან გაუშვეს იჯარის წესით.
კოენტრაო ისეთი მოთამაშეების სიაში შედის, რომლებმაც მასზე დაკისრებული მოლოდინი ნამდვილად ვერ გაამართლეს.
დავიდ ალაბა – შეფასებულია 45 მილიონი ევროდ
გადავიდეთ “ბაიერნის” უნივერსალზე, რომელსაც ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მართალია მისი ძირითადი პოზიცია მარცხენა მცველია, ის საჭიროების შემთხვევაში, ჩამშლელადაც და შემტევ ნახევარმცველადაც თამაშობს.
ასევე უნდა დავუკვირდეთ იმას, რომ ამ ფეხბურთელს ჯერ კიდევ მთელი კარიერა წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის მისი შორეული დარტყმებითა და გონივრული ტაქტიკური თამაშით, რომლის გამოც მას ყველა აქებს, შეძლებს წარმატების მიღწევას.
ხორდი ალბა – შეფასებულია 35 მილიონ ევროდ
ამ ფეხბურთელს ყველა კულე კარგად იცნობს და ყველამ კარგად იცისთუ რა შეუძლია მას. მართალია, ბოლო სეზონების განმავლობაში ცოტათი, თუმცა მაინც მოუკლო, ის საკუთარი სისწრაფითა და გონივრული თამაშით შეტევაში, დღესაც კი ახერხებს ჩვენს გაოცებას.
ალბა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ შემტევთან ერთად შეწყობა და რომელიც, მე თუ მკითხავთ, შეტევის მარცხენა ფლანგზეც კი კარგად ითამაშებს.
ის “ვალენსიიდან” არის კატალონიურ კლუბში გადმოსული და მისი მთავარი დავალება, აბიდალის შეცვლა იყო, რასაც ბევრის აზრით, ის საკმაოდ კარგად აკეთებს.
ცენტრალური მცველი
ჯონ სტოუნსი, 55 მილიონი ევრო, “ევერტონიდან” – “სიტიში”
ჯონ სტოუნსზე საუბრისას, ბევრი რამის თქმა არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველია მსოფლიოში. ახალგაზრდა ინგლისელი, ბევრის აზრით, მალე მსოფლიო ფეხბურთს დაიპყრობს და საუკეთესო გახდება საკუთარ პოზიციაზე, თუმცა ამისთვის მას, გვარდიოლას გუნდში მოუწევს შესაძლებლობების დამტკიცება.
ჯერომ ბოატენგი, შეფასებულია 45 მილიონ ევროდ
ბოატენგი არის ცენტრალური მცველი, რომელსაც დაცვაში ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მას არ უჭირს დაზღვევაზე გადასვლა, შემტევთან მარტოს გამკლავება, კარის გადარჩენა და ყველაფერი სხვა, თუმცა ერთადერთი რაც მას აწუხებს, ტრავმიანობაა.
გერმანელს კარიერაში, ერთი შავი წერტილი აქვს, რომელიც მესიმ ჩაუწერა 2 სეზონის წინ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში.
ბოატენგი შეტევაშიც საკმაოდ კარგად თამაშობს და მისი მთავარი პლიუსი მაინც, მეორე სართულზე ბრძოლაა, მას ყველაფერთან ერთად, დაცვაშიც შეუძლია იგივეს გაკეთება, რითაც არ აძლევს შემტევს ჰაერში ბურთის მოპოვების საშუალებას.
დიეგო გოდინი, შეფასებულია 40 მილიონ ევროდ
მოდით ამ ფეხბურთელის ნიჭზე და დაცვით შესაძლებლობებზე ნუ ვიდავებთ, ის არის ნამდვილი მცველი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია და რომლისთვისაც არ არსებობს ისერთი რამ, რომლის გაკეთებაც დაცვაში არ შეუძლია.
ურუგვაელი ასევე საკმაოდ კარგად თამაშობს მეორე სართულზე და ამას შეტევაშიც ამტკიცებს. არაერთი გოლი გვინახავს, რომელიც მას ურუგვაის ან თუნდაც “ატლეტიკოს” რიგებში, თავით აქვს გატანილი.
ხერარდ პიკე, შეფასებულია 40 მილიონ ევროდ
უკვე გადავიდეთ იმ ფეხბურთელზე, რომელიც ყველა კულეს გულში, კარიერის დასრულების შემდეგაც კი იარსებებს. ყველას გვიყვარს ესპანელი ხუმარა, რომელიც საკუთარი გუნდის ერთგულების დასამტკიცებლად, არაფერს არ დაიშურებს.
ის დაცვაში არის არაჩვეულებრივი და შეუძლია ნებისმიერ მომენტში იმის დამტკიცება, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე დავა არ ღირს მის შეტევით შესაძლებლობებზე, რადგან მას ზოგიერთ შემტევზე მეტი სურვილი აქვს ხოლმე გოლის გატანის.
გავიხსენოთ შეხვედრები, რომლების მეორე ტაიმსაც ის სუარესის პოზიციაზე იწყებდა და ცდილობდა გოლის გატანას. პიკე შესანიშნავი ლიბეროა, რომლის ღირებულებაზეც დავა არ ღირს.
მარჯვენა მცველი
დანი ალვესი, 35.5 მილიონი ევრო, “სევილიადან” – “ბარსელონაში”
გადავიდეთ იმ ფეხბურთელზე, რომლის სუბიექტურად შეფასება არც კი ღირს იმისთვის, რომ მისი შესანიშნავი თამაშის სტილი ვაჩვენოთ. ის არის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი მარჯვენა მცველი, რომლის მსგავსი შეტევითი შესაძლებლობების მცველი, ალბათ ძალიან იშვიათად იბადება.
აქედან გამომდინარეობს, რომ “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის იქნება კულეების გულებში, 35.5 მილიონი ევროს ნაცვლად, გუნდს დაეხმარა უამრავი ტიტულის მოგებაში, რომელთა ჩამოსათვლელადაც საათები არ გვეყოფა.
დანიელ კარვახალი, შეფასებულია 25 მილიონ ევროდ
ახლა უკვე “რეალის” მარჯვენა მცველზე, დანიელ კარვახალზე ვისაუბროთ. ეს ფეხბურთელი საკუთარი მონდომებითა და შრომითაა ცნობილი, თუმცა ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია ის შეტევაში კარგი მოთამაშეა, მაგრამ დაცვაში ვერ ასპარეზობს, თუ პირიქით.
ამ ფეხბურთელში ვერ გამოვარჩევთ სპეციალურ საქმიანობას მოედანზე, რომელიც მას სხვაზე განსაკუთრებით უკეთესად გამოსდის, თუმცა რაც არ უნდა ვთქვათ, კარვახალი დაცვაშიც და შეტევაშიც საკმაოდ დაბალანსებული ფეხბურთელია.
ჩამშლელი ნახევარმცველი
სერხიო ბუსკეტსი, შეფასებულია 60 მილიონ ევროდ
სერხიო ბუსკეტსი, ფეხბურთელი, რომელიც თამაშის დროს ყველაფერს აკეთებს. შესაძლოა ესპანელს “ბარსელონას” ხერხემალიც კი ვუწოდოთ, რადგან მის გარეშე მარტივად ვხედავთ, რომ არც დაცვა და არც შეტევა არ არის ისეთი ორგანიზირებული, როგორიც მოედანზე მისი ყოფნის დროსაა.
გავიხსენოთ, ვისენტე დელ ბოსკეს კომენტარი სერხიოზე: “უყურებ თამაშს და არ ჩანს ბუსკეტსი, უყურებ ბუსკეტსს და ჩანს თამაში.”
მემგონი ახლა ამ ფეხბურთელის ღირებულებაზე მეტი საუბარი აღარ გვჭირდება.
ნემანია მატიჩი, შეფასებულია 32 მილიონ ევროდ
პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი ფეხბურთელების თანხებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა და ეს ამ ფეხბურთელების კლასითაც გამოიხატება.
მართალია ნემანია მატიჩი, ჟოზე მოურინიოს ინგლისის ჩემპიონი “ჩელსის” ერთ-ერთი მთავარი საყრდენი წერტილი იყო, თუმცა ბოლო სეზონში მან ასპარეზობა ვერც მოურინიოსა და ვერც ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვერ შეძლო კარგად.
ბევრის აზრით, წინა სეზონში, მატიჩი შენელდა, ნაკლებად გახდა აქტიური როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ამიტომაც 32 მილიონი ევრო, დაახლოებით ლოგიკური ღირებულება მიისთვის.
ცენტრალური ნახევარმცველი
პოლ პოგბა, 105 მილიონი ევრო, “იუვენტუსიდან” – “იუნაიტედში”
უკვე იმ ფეხბურთელის დრო მოვიდა, რომელიც ჩემი აზრით, მასში ჩადებულ თანხას ვერასდროს ვერ ამოიღებს, რადგან ფეხბურთელში, რომელშიც 100 მილიონ ევროზე მეტს იხდი, რამდენი ტიტულიც არ უნდა მოიგოს, შენს იმედებს ვერ გაამართლებს. პირველ რიგში ეს გიჟური თანხა, ფრანგის წნეხის ქვეშ დაყენებას იწვევს, რის გამოც ის უფრო ბევრ შეცდომას დაუშვებს.
მართალია პოგბა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის საკმაოდ ახალგაზრდაა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ბევრი აქვს სამუშაო.
მიუხედავად ამისა, ამ ფეხბურთელის პერსპექტივასა და ნიჭზე, დავა არ ღირს.
კოკე, შეფასებულია 60 მილიონ ევროდ
გადავიდეთ უკვე “ატლეტიკოს” ნახევარმცველზე და მის ფასზე ვისაუბროთ. ბევრს გაგიჩნდებათ შემდეგი კითხვა: “კოკე იგივე თანხადაა შეფასებული, როგორც ბუსკეტსი?”
დიახ, ეს სიმართლეა, რაც პირადად ჩემი აზრით, ნამდვილი აბსურდია, რადგან კოკეში არცერთი გუნდი არ გადაიხდის 60 მილიონ ევროს და პოგბაში 150 მილიონის გადახდა უფრო რეალური იქნება, ვიდრე მასში 60 მილიონისი.
მიუხედავად ამ ღირებულებისა, ის საკმაოდ ნიჭიერი ნახევარმცველია და თამაშის კონტროლი შესანიშნავად შეუძლია, ის შეტევაში საკუთარი ლამაზი გადაცემებით გამოირჩევა და საკმაოდ კარგად ახერხებს გრიზმანთან შეწყობას.
ღირს თუ არა მიუხედავად ამისა ის 60 მილიონი ევრო? ამ კითხვაზე პასუხი, თქვენთვის მომინდია.
კროოსი, შეფასებულია 55 მილიონ ევროდ
რაც არ უნდა ვთქვა, გერმანელი ნახევარმცველი საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს ობიექტურად უნდა ვაღიაროთ. მას შეუძლია შეტევაში ნებისმიერი რამის გაკეთება.
არ აქვს მნიშვნელობა ამ ფეხბურთელს რას დაავალებთ, კარგი გადაცემის გაკეთებას, შორეული დარტყმის განხორციელებას და გოლის გატანას, თუ კიდევ სხვა რამეს, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
გერმანელი გამოირჩევა სწორი და მიმართული გადაცემებით, რითაც შემტევის გათავისუფლებას ახერხებს.
რაკიტიჩი, შეფასებულია 50 მილიონ ევროდ
ისევ “ბარსელონას” ფეხბურთელი და ის ახლა ხორვატი მაესტრო, ივან რაკიტიჩია. რაკიტიჩი არ მიეკუთვნება ტიპური ნახევარმცველების სიას, რადგან ის მათგან ბევრი რამით განსხვავდება. ხორვატს შეუძლია ნებისმიერ დროს, სწორი გადაცემის გაკეთება, გოლის გატანა და ამავდროულად დაცვაში ჩასვლა და საჭიროების შემთხვევაში გუნდის დახმარება.
ის შედის იმ მოთამაშეების სიაში, რომელიც “ბარსელონამ” აღმოაჩინა და რომელიც კლუბს მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოადგება.
შეტევის მარცხენა ფლანგი
კრიშტიანუ რონალდუ, 94 მილიონი ევრო, “იუნაიტედიდან” – “რეალში”
უკვე მადრიდის “რეალის” საუკეთესო ბომბარდირზე, კრიშტიანუ რონალდუზე ვისაუბროთ, რომელიც საკუთარი თამაშით ხშირ შემთხვევაში ბევრის გაოცებას იწვევს. გაოცება კი ზოგჯერ მას შეუძლია კარგი რამის გაკეთებით და ამასთან ერთად დიდი შეცდომის დაშვებით. პორტუგალიელი არაა ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე კარგი ხასიათით გამოირჩევა ან სათამაშო სტილით, თუმცა მას მაინც შეუძლია თავისი საქმის კარგად გაკეთება, რის გამოც არაერთი ტიტულის დაუფლება მოახერხა. ტიტულებში კი როგორც გუნდური, ასევე პირადი ჯილდოები იგულისხმება.
ნეიმარი, შეფასებულია 100 მილიონ ევროდ
“ბარსელონას” ბრაზილიელ შემტევზე და მსნ-ის შემადგენელ ნაწილზე, ნეიმარ ჟუნიორზე გადავიდეთ, რომელიც საკუთარი თამაშის სტილით, ბევრის მოხიბვლას ახერხებს. ის არაა ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ გოლებით გამოირჩევა, ან მხოლოდ ლამაზი მოძრაობებით, მას ორივეს გაკეთება შეუძლია და ნებისმიერ მომენტში არ უჭირს თამაშის საკუთარ თავზე აღება. გავიხსენოთ წინა სეზონი და მესის ტრავმიანობის პერიოდი, მან გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და დაამტკიცა, თუ რატომ არის ერთ-ერთი საუკეთესო.
შეტევის მარჯვენა ფლანგი
გარეთ ბეილი, 101 მილიონი ევრო, “ტოტენჰემიდან” – “რეალში”
“რეალი” გამოირჩევა ძვირადღირებული ფეხბურთელების ყიდვით, თუმცა სამეფო კლუბს, ამ მოთამაშეების კარგად გამოყენება რამდენად შეუძლია, ეს არ ვიცი, მაგრამ ბეილი, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ამაზე დავა არ ღირს.
ეს ფეხბურთელი არც საკუთარი ხასიათით და არც საკუთარი თამაშის სტილით არ იწვევს არავის განრისხებას და მისი თამაშის ყურებით, ადამიანი შესაძლოა მხოლოდ მოიხიბლოს, მეტი არაფერი.
ამ მოთამაშის აღწერა საკმაოდ მცირე გამომივიდა, თუმცა ეს მისი ნიჭის დასაკნინებლად არ გამიკეთებია. ბოლოს კი იმას დავამატებ, რომ მისი გასაოცარი გოლების ნახვა, ერთ-ერთი სასიამოვნოა შეგრძნებაა ახლანდელ ფეხბურთში.
ლიონელ მესი, შეფასებულია 120 მილიონ ევროდ
დავიჯერო კატალონიის “ბარსელონას” ერთგული ფანებისთვის ამ ფეხბურთელის შესაძლებლობების ახსნა არის საჭირო, რათა გავიგოთ, რომ იგი საუკეთესოა? რა თქმა უნდა, არა, რადგან მესის დომინირების დასამტკიცებლად, ბევრი გზა არსებობს.
ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებზე საუბარს დიდ დროს განა არ, არამედ ვერ დავუთმობ, რადგან მისი ყველა ხრიკი და გოლის გატანის საშუალება რომ ჩამოვთვალოთ, ახალი პოემის დაწერა მოგვიწევს.
ცენტრალური თავდამსხმელი
გონსალო იგუაინი, 90 მილიონი ევრო, “ნაპოლიდან” – “იუვენტუსში”
გონსალო იგუაინი არის ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთში, სხვადასხვა საქმიანობების გაკეთების ნიჭით არ არის დაჯილდოებული, მას ერთადერთი რამის გაკეთება შეუძლია კარგად და ეს გოლების გატანაა, რაც წინა სეზონში კარგად გვაჩვენა.
სამწუხარო კი უკვე ისაა, რომ ეს ფეხბურთელი საკუთარი გოლების გატანით მხოლოდ საკლუბო დონეზე გამოირჩევა და არა სანაკრებოზე, რადგან ყველამ ვნახეთ, თუ რა “შეუძლია” მას არგენტინის ნაკრების მაისურის მორგების დროს.
ის არის ისეთი ფორვარდი, რომელიც მხოლოდ გოლების გატანით გამოირჩევა.
ლუის სუარესი, შეფასებულია 82 მილიონ ევროდ
ლუის სუარესი არის ფეხბურთელი, რომელსაც იგუაინის მსგავსად იგივენაირად არ შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ გოლების გატანა. ის ხშირად იტანს გოლებს, თუმცა ამას სხვა სილამაზით აკეთებს. არ შეიძლება, ლუის სუარესს ვუწოდოთ მხოლოდ გოლების გამტანი ფეხბურთელი, რადგან მას არაერთხელ აქვს ნაჩვენები, რომ პირველი, საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოა და მეორე, საკმაოდ ლამაზი მოძრაობების გაკეთებაც შეუძლია.
საბოლოოდ ამ გუნდის ღირებულება არის მინიმუმ 750 მილიონი ევრო, მასში კი 4 “ბარსელონას” ფეხბურთელი შედის, რომლებსაც ახლავე ჩამოგითვლით: ბუსკეტსი, მესი, პიკე, სუარესი.