ისტორიის განმავლობაში, “ვალენსიადან” “ბარსელონაში” არაერთი ფეხბურთელი გადასულა. ამ მიმართულების ტრანსფერების განსაკუთრებით ბოლო წლებში გახშირდა. გთავაზობთ ბოლო 6 ფეხბურთელს, რომლებიც “ვალენსიადან” პირდაპირ “ბარსელონაში” გადავიდნენ. ცნობისთვის, მათგან 3 კლუბში კვლავ თამაშობს, ერთი კი კატალონიელთა სპორტული დირექტორია.
რობერტ ფერნანდესი
“ბარსელონას” ამჟამინდელი სპორტული დირექტორი “ვალენსიადან” კატალონიურ კლუბში 1986 წელს, 100 ათასი პესეტის სანაცვლოდ გადავიდა. იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით მან “ბარსელონაში” 4 წელი ითამაშა, რის შემდეგაც “ვალენსიაში” დაბრუნდა.
ფერნანდესმა, “ბარსას” მაისურით, 196 თამაში ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. მან 3 ტიტული მოიგი – თასების მფლობელთა თასი 1989 წელს და ესპანეთის თასი 1988 და 1990 წლებში.
ხერარდ ლოპესი
“ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის დაბრუნებაში კატალონიელებმა 21 მილიონი ევრო გადაიხადეს. ეს 2000 წელს მოხდა. ლოპესმა “ბარსელონაში” 2005 წლამდე ითამაშა, 140 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ბოლო სეზონში ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო.
დავიდ ვილია
40-მილიონიანი ტრანსფერი 2010 წელს განხორციელდა და ვილიამ “ბარსელონაში” 2012/13 წლების სეზონის ჩათვლით ითამაშა.
პირველ ორ სეზონში მისი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყო, ბოლოში კი – ტიტო ვილანოვა. “ელ გუახემ”, “ბარსელონას” მაისურით, 120 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარი 48-ჯერ აიღო. მან, კატალონიელებთან ერთად, 7 ტიტული მოიგო (ორ-ორჯერ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი, თითოჯერ ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და საკლუბო მუნდიალი).
ხორდი ალბა
“ბარსელონას” აღზრდილი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს “ვალენსიადან” 2012 წელს, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუბრუნდა. მას კატალონიელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
ალბამ, “ბარსას” პირველი კლუბის მაისურით, 161 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 10 ტიტული მოიგო.
ჟერემი მატიე
2014 წელს, ფრანგი მცველის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაჯდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
კატალონიურ კლუბთან ერთად მატიემ 8 ტიტული მოიგო. მან 75 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ანდრე გომეში
პორტუგალიელი ნახევარმცველი “ბარსელონას” მიმდინარე ზაფხულში, 35+20 მილიონი სისტემით გაფორმებული ტრანსფერის წყალობით შეუერთდა.
23 წლის ნახევარმცველმა კატალონიელთა მაისურით 2 თამაში ჩაატარა და უკვე ერთი ტიტული მოიგო.
გადაწყვეტილია, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “ვალენსიადან” “ბარსელონაში” გადავა, პაკო ალკასერია.