ახალი სეზონისთვის “ბარსელონას” მზადება 6 დღეში იწყება და კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა, გუნდიდან წამსვლელი ფეხბურთელების ბედი უნდა გადაწყვიტოს. ასეთი სულ 8 მოთამაშეა.
კლაუდიო ბრავო: “ბარსელონა” აპირებს ფსონს მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ჩამოვიდეს, ბრავო კი, რომელსაც “მანჩესტერ სიტი” იწვევს, წასვლისთვის მზად უნდა იყოს. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა, მაგრამ “ბლაუგრანა” მასში 20 მილიონს ითხოვს.
ტომას ვერმალენი: სამუელ უმტიტის მოსვლის შემდეგ, ბელგიელი ფეხბურთელის ისედაც მცირე სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება. მისით “რომა” და “არსენალი” არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ივარაუდება, რომ ვერმალენი კარიერას “ვესეტ ჰემში” განაგრძობს. “ბარსელონა” მასში 12 მილიონ ევროს ითხოვს.
დუგლას პერეირა: ბრაზილიელი ფეხბურთელი რთულ მდგომარეობაშია. ის ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის. მას ბრაზილიაში დაბრუნებაც არ უნდა. დუგლასის არენდით აყვანის სურვილს ლა ლიგის რამდენიმე გუნდი გამოთქვამს და რობერტ ფერნანდესს ამ საკითხზე მუშაობა მოუწევს.
ადრიანო კორეია: ლუკა დინის ტრანსფერი ბრაზილიელი განაპირა მცველის გუნდიდან წასვლას ნიშნავს. ის მოლაპარაკებებს “ლაციოსთან” აწარმოებს. ასევე არაა გამორიცხული ფეხბურთელი ბრაზილიაში დაბრუნდეს. “ბარსელონას” არ სურს, რომ ადრიანო გუნდიდან უფასოდ გაუშვას.
კრისტიან ტელიო: “ფიორენტინაში” ადაპტაციის კარგად გავლის შემდეგ, გარემარბს ფლორენციულ გუნდში დარჩენა უნდა. თუმცა, აქ ფინანსური პრობლემა იკვეთება. “ბარსელონა” 8 მილიონ ევროს ითხოვს, იტალიელებს კი ამდენის გადახდა არ უნდათ. ტელიოს “სუონსი” და “ლივერპულიც” იწვევენ.
ალენ ჰალილოვიჩი: ახალგაზრდა ხორვატმა შემტევმა “ხიხონში” თავი კარგად წარმოაჩინა და “ბარსელონა” მის კვლავ განათხოვრებას გეგმავს. მისი შეძენით “ვალენსიაა” დაინტერესებული. კატალონიელები ფეხბურთელის გაყიდვას და გამოსყიდვის უფლების დატოვებას არ გამორიცხავენ. თუმცა, კონკრეტული ჯერ არაფერი ისმის.
მარტინ მონტოია: გასული სეზონის მე-2 ნახევარი მონტოიამ “ბეტისში” გაატარა, ახლა კი მისი არენდა დასრულებულია. ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა ის სევილიურ გუნდში. მონტოიას ასევე უკავშირებენ “ფენერბაჰჩეს”.
ალექს სონგი: 28 წლის კამერუნელ ნახევარმცველს “ბარსელონასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. “ესტ ჰემს” მისი გუნდში დატოვება არ უნდა და ჯერჯერობით, გამოსავალი არც ჩანს. სონგის მიმართ მცირედი ინტერესი თურქულმა “გალათასარაიმ” გამოხატა.