.jpg)
თქვენ ნახეთ ეს? ეს ნახეთ თქვენ? ნახეთ ეს თქვენ? ჯერ თუ არ გძინავთ, ხოლო გვერდით ვიღაც უკვე სიზმრებს ხედავს, აუცილებლად გააღვიძეთ, ჩართეთ მატჩის მიმოხილვა, ის მიხვდება თუ რატომ გააკეთეთ ეს, რადგან ეს უნდა გენახა. მოსმენა ცოტაა, წაკითხვა მითუმეტეს, მხოლოდ ხილვა. ხმით თუ უხმოდ, ინგლისურად, ესპანურად თუ ურდოთარგმნით, ამას მნიშვნელობა არა აქვს! გეცქირათ და საკუთარი თვალებისთვის, სათვალეებისთვის, ლინზებისთვის არ დაგეჯერებინათ. თვალები დაგეხუჭათ და კვლავ გაგეხილათ, რათა დარწმუნებულიყავით, რომ ეს რეალობა იყო და არა სიზმარი.
არა, არ მძინავს და არც დავიძინებ, რადგან “ბარსელონა” ყველაზე ცუდი ძილისწამალია, რომელიც შეიძლება კაცმა მოიგონოს. ასეთი რამ ადრეც დამემართა. 2009 წლის 2 მაისს. 2:6 “სანტიაგო ბენაბეუზე”. მაშინაც არ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს და მაშინაც არ მეძინა.
როგორ შევკრა ერთად ყოველივე რაც თავში მაქვს? როგორ გადმოგცეთ უბრალო, ადამიანური სიტყვებით ის საოცრება, რომელსაც ჩვენ ერთად ვუყურებდით? ეს შეუძლებელია. თქმა, შეზღუდვას ნიშნავს. “კლასიკოს” შეზღუდვა არ შეიძლება, ამას ნურავინ ეცდება. მითუმეტეს, ასეთი “კლასიკოსი”, მითუემეტეს ასეთი 5:0-ის.
მაგრამ მაინც შევეცადოთ. ქოთნების გამოწვა ღმერთების საქმე არ არის, ღმერთები ფეხბურთს თამაშობენ. და ნუ გიკვირთ, რომ მათ ლურჯ-შინდისფერი ფორმები აცვიათ.
“კამპ ნოუ” “რეალს” ელოდა, მაურინიოს. მომქანცველი ლოდინი მადრიდელთა ავტობუსის ქვებით გამასპინძლებაში გადაიზარდა, რომელიც ბარსელონაში ორთაბრძოლამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა. ეს ქვები ზეციდან რომ ჩამოყრილიყო, არავის გაუკვირდებოდა. ეს ავტობუსი უცხო სხეულის გამოხატულება იყო, რომელიცკი ოდესმე ჩასულა ამ ქალაქში. უცხო სხეული კი უნდა მოიშორო, სწრაფად, მიზანსწრაფულად, დაუფიქრებლად.
ბარსელონაში წვიმდა, რომელსაც ვიღაცის რეპუტაცია აუცილებლად უნდა დაესველებინა, აუცილებლად. არაერთი პროგნოზის მიუხედავად, ფრე გამორიცხული იყო. გუნდებს ისეთი ტემპი ჰქონდათ აღებული, რომლის შენელება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა – წაგებას.
წაგებას არცერთი არ აპირებდა, მაგრამ მესის ოსტატურ დარტმას ძელი რომ არ გადაღობებოდა, ტაბლოზე ნულები უკვე მე-7 წუთზე გაქრებოდა. თუმცა, ამ ციფრებს მხოლოდ ათი წუთით მოუწიათ თავიანთ ადგილას ყოფნა. ინიესტას მწვავე გადაცემა მარსელომ ვერ ჩაჭრა და ხავიმ მეორე შეხებით, კასილიასს ბურთი თავზე გადაუგდო.

მე-18 წუთზე ხავი-ვილია-პედროს სამსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის აუღებელი დარტყმით დასრულდა. ეს იყო და ბევრმა თვალების მოფშვნეტა დაიწყო.
მალე იმის დრო დადგა რომ რონალდოს თამაში საკუთარ თავზე აეღო. მისი მოქმედება ზომიერად ეფექტური, ზომიერად ეფექტიანი იყო, მაგრამ დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. პორტუგალიელმა, რომელიც კატალონიელი გულშემატკივრებისთვის ოდიოზურ ფიგურას წარმოადგენს, პირველ ტაიმში გვარიანად დაძაბა მოედანზე ატმოსფერო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აუტში გადასული ბურთით ხელდამშვენებულ გვარდიოლას ხელი ჰკრა. თავი ყველაზე შეურაცხყოფილად ვიქტორ ვალდესმა იგრძნო, რომელმაც ნახევარი მოედნის გარბენა არ დაიზარა და პორტუგალიელს ერთი-ორი ლამაზი სიტყვა უთხრა.
სახელოში დამალული ტუზი – დავიდ ვილია, ავანსცენაზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. არც კარზე დაუკაკუნებია და არც არავინ გაუფრთხილებია, ადგა და მადრიდელი ხარი გახედნა. სამწუთიან მონაკვეთში ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა დუბლი გაიფორმა.
იმის თქმა, რომ იმ მომენტში ხმა ჩამიწყდა, იგივეა, არაფერი რომ არ ვთქვა. ხმა დავკარგე, დამავიწყდა სად დავკარგე და იოტისოდენა სურვილიცკი არ მქონია იმისა, რომ ის მეპოვნა – ამ “ბარსელონას, რომელიც ნამდვილად de puta madre-s თამაშობს, უხმოდაც შეიძლება უგულშემატკივრო. მთავარი გულწრფელობაა.

მაშინვე გამახსენდა მაურინიოს ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა ზოგიერთმა გუნდამა ძვირადღირებული ფეხბურთელები იყიდა, რომლებიც ახალ კლუბებში გოლებს ვეღარ იტანენო. საინტერესოა, გაახსენდა თუ არა მისტერ მაურინიოს ეს ინტერვიუ? ხოლო თუ გაახსენდა, რა იგრძნო, როდესაც ვილიას მომაჯადოვებელი ღიმილი იხილა, იმ ვილიასი, ვინაც მთელი თავისი ასტურიული სიხარულით ხარობდა საგოლე ფეერიას. მალე ვილიამ, ხავიმ და პედრომ აპლოდისმენტების თანხლებით დატოვეს მოედანი და ადგილი ბოიანს, კეიტასა და ხეფრენს დაუთმეს. სწორედ ამ უკანაკნელმა ჩაარჭო მადრიდელთა კუბოში ბოლო ლურსმანი.
5:0-ს ყველა ჭკუიდან გადაჰყავდა. “ბარსელონა” უბრალოდ კი არ იგებდა მატჩს, არამედ აბუჩად იგდებდა “რეალს”. მადრიდული კლუბის ფეხბურთელთა ასეთი დაბნეული და უსუსური სახეები აქამდე არ მინახავს. ბლაუგრანას ასეთმა თამაშმა ბოლოს სტუმრები წყობიდან გამოიყვანა. გაფრთხილებების მთელი კასკადი, ყოველივე ამის ნათელი, მე ვიტყოდი, ყვითელი გამოხატულება გახლდათ. მატჩის პროტოკოლში ბლანკოსის შვიდ ფეხბურთელს ეწერა გაფრთხილება.
მონასტერი მაშინ აირია, როდესაც სერხიო რამოსი მესის ეუხეშა, შემდეგ კი მასთან მივარდნილ პუიოლს ჰკრა სახეში ხელი, ხოლო როდესაც წითელი ბარათი მიიღო და მოედანს ტოვებდა, ხავისაც წაეჩხუბა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა თუ რაოდენ ბევრს ნიშნავს “კლასიკო” ორივე გუნდის ფეხბურთელთათვის და არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის მოედანს მიღმა.
ალბათ, ემოციები ვერ მოვთოკე. დაძინება აუცილებელია, რათა დილით გაღვიძებულმა ვიგრძნო, რომ ყოველივე ეს არ დამსიზმრებია, რომ ხმა, როგორც არ მქონდა, ისევ ისე მაქვს დაკარგული, რომ თვალებმა არ მომატყუეს, რომ 5:0 რეალობაა.
Visca, Barca! Visca, cules


