კატალონიური გრანდი დღეს, თბილისის დროით 22 საათზე, ვიგოში “სელტას” ესტუმრება. აღსანიშნავია მასპინძლების ძალიან კარგი ფორმა წლევანდელ სეზონში, 4 მატჩიდან მათ ჯერ არცერთი არ წაუგიათ და 10 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან, სწორედ “ბარსელონას” შემდეგ. კატალონიელები კი დღესაც ეცდებიან თავიანთი 100%-იანი შედეგი ლა ლიგის წლევანდელ სეზონში გააგრძელონ.
“სელტა” ბოლო დროს, კატალონიელთათვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა და ლუის ენრიკეც გრძნობს, თუ როგორი რთული მატჩი ელის დღეს მის გუნდს “ბალაიდოსზე”.
“ბარსელონას” დანაკლისს ახლა უკვე კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, სანდრო დაემატა, თუმცა მისი ტრავმა ნაკლებად სერიოზულია. დღეს იგი გუნდს ვერ დაეხმარება, “ლევანტესთან” მატჩში მიღებული ფეხის დაზიანების გამო. სანდრო, ხორდი ალბასთან ერთად, ბრავოს, ვერმალენსა და რაფინიას შეუერთდა. თუმცა კატალონიელებს ერთი ძალიან კარგი ამბავიც აქვთ – გუნდს როგორც იქნა, ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პიკე დაუბრუნდა. მის გარდა გუნდის განაცხადში მოხვდა დუგლასიც, რომელიც, აქამდე, ტრავმირებული იყო.
მასპინძლებს კი დღეს თავიანთი მარცხენა მცველი, ჯონი კასტრო ვერ დაეხმარება. მან წინა შეხვედრის ბოლო წუთზე, “სევილიასთან”, რომელიც მისმა გუნდმა 2-1 მოიგო, ტრავმა მიიღო, მიუხედავად ამისა, მათ დღეს უცვლელი შემადგენლობით ეყოლებათ “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელებისგან შემდგარი ტრიო – ნოლიტო, ანდრეუ ფონტასი და სერხი გომესი.
ლუის ენრიკე “სელტას” შთამბეჭდავი სტარტით ამ სეზონზე აღფრთოვანებულია და ისიც გათვიცნობიერებული აქვს, რომ მის გუნდს პირველ წრეში მომდევნო თამაშებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ელის.
“ჩვენი ოპონენტის ახლანდელი ფორმის და შესაძლებლობების გამო ძალიან რთულ თამაშს ველოდები. წინ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გველის.” – განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა ვიგოში გამგზავრების წინ.
ამჟამად “სელტა” ლა ლიგაში მეოთხე პოზიციას იკავებს. ლუის ენრიკე მათი მწვრთნელის, გამოუცდელი ედუარდო ბერისოს მუშაობით აღფრთოვანებულია.
თავის მხრივ, “სელტას” ყოფილი მწვრთნელი და ამჟამინდელი “ბარსას” თავკაცი ედუარდომაც შეაქო:
“მან ჩემ გუნდს საფუძველი ჩაუყარა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ეს სეზონი კარგად დავიწყეთ”, განაცხადა მასპინძელთა მწვრთნელმა, სანამ “ბარსესლონას” მსოფლიოს საუკეთესო გუნდს უწოდებდა.
“ბარსა” ამჟამად ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია 4 ტურში დაგროვებული 12 ქულით. ამ თამაშის შემდეგ კატალონიელებს შედარებით მარტივი შეხვედრა ელით, “კამპ ნოუზე” “ლას პალმასის” წინააღმდეგ. ასე რომ, მაქსიმალური შედეგის შესანარჩუნებლად მთავარი ყურადღება დღევანდელ მატჩზეა გადასატანი.
“სელტა” კი ამ სეზონში ერთ-ერთი გუნდია იმ ხუთიდან, რომელსაც ჯერ არ წაუგია. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და მოულოდნელი კი მათი გამარჯვება წინა ტურში, “სევილიასთან” საგარეო მატჩში იყო, მაგრამ ვიგოელებმა ამასაც გაართვეს თავი.
მიმდინარე საუკუნეში, “ბარსამ” დღევანდელი მასპინძლების დამარცხება მხოლოდ 6 ჯერ შეძლო “ბალაიდოსზე”, თუმცა აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ბოლო 5 შეხვედრაში დაუმარცხებლები არიან – 4 მოგება, ერთ-ერთი კი წინა სეზონში ურთულესი მატჩი იყო, რომლის ბედი მატიეს თაურმა გადაწყვიტა.