ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

1999-2000 წლების სეზონიც მძიმედ დაიწყო ჩემთვის. ვან გაალმა 26 ნომერი დამიტოვა და ამით იმაზე მიმანიშნა, რომ დუბლებისკენ მიმავალი ლიფტის კარი კვლავინდებურად ღია იყო ჩემთვის. ასე იყო თუ ისე, პირველი ორი თვე რეგულარულად ვთამაშობდი, მაგრამ შვედურ აიკ-თან მატჩმა, რომელიც 2:1 მოვიგეთ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მართალია, გავიმარჯვეთ, მაგრამ ყველაზე ცუდად სწორედ ამ შეხვედრაში გავისარჯე. მეორე დღეს ვან გაალმა ვარჯიშის დროს დამიძახა და მითხრა, იმედები გამიცრუე და მინდა, რომ დუბლებში დაბრუნდეო. ვცდილობ, ჰოლანდიელს სიტუაცია ავუხსნა, ვეუბნები, აქ მინდა დარჩენა, სეგუნდა ბ უკან გადადგმული ნაბიჯია ჩემთვის თქო… “არა, ისეთ ასაკში ხარ, რომ ყოველკვირა გჭირდება თამაში”, – მიპასუხა მისტერმა.

და აი, “მინიზე” “ფიგუერესთან” ვთამაშობ. 0:2-ს ვაგებთ, მე კი საშინლად ვბურთაობ. ხუთი შეხებიდან ოთხი ბურთის დაკარგვით მთავრდება. პერსონალური მეურვე მომიჩინეს, რომელსაც თავი ვერაფრით დავაღწიე. სამშაბათს, მთავარი გუნდის ვარჯიშზე ვან გაალმა აღსარების სათქმელად გამომიძახა:

– აბა, როგორ ჩაიარა ორთაბრძოლამ?

– არცისე კარგად მისტერ, 0:2 წავაგეთ.

– შენ როგორ ითამაშე?

– ცუდად.

ცუდად? ცუდად კი არა საშინლად! მომიჭრა ჰოლანდიელმა – მთელი მატჩი ვნახე, ამაზრზენად ითამაშე. გააგრძელე დუბლებში ბურთაობა.

მომდევო დღეს, ფილიალს “ნასტიკთან” ჰქონდა მატჩი. ის შეხვედრა 2:1 მოვიგეთ. კარგად ვითამაშე. ორშაბათს, კვლავ მთავარი გუნდის ვარჯიშზე გავემგზავრე.

– როგორ მიდის საქმეები?

– ნორმალურად. მოვიგეთ და ვფიქრობ, კარგად ვითამაშე.

-არა, შენ ფენომენალურად იბურთავე, შეგიძლია ჩემს ჯგუფში დარჩე.

“ჯგუფს” ვან გაალი იმ ფეხბურთელებს ეძახდა, რომლებსაც თვალდახუჭული ენდობოდა. 

ამ გამოცდის ჩაბარება იმიტომ მაიძულეს, რომ გამოვწრთობილიყავი. მივხვდი, რომ “ბარსაში” არ შეიძლება ცუდი იყო. აქ სიტყვა “კარგი” არ ჭრის, აქ მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ. დუბლებში მეტჯერ აღარ აღმოვჩენილვარ.

ყველაფერთან ერთად, ვან გაალს ჰქონდა იმის საფუძველი, რომ გამოვეთათხე, რადგან წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე ერთ-ერთ ვარჯიშზე ზენდენის დახმარებით მხარი ვიტკინე. ბოლომ, ძველი დროის გახსენება გადაწყვიტა, როდესაც თავის ასაკობრივ ჯგუფში ჰოლანდიის ჩემპიონი იყო ძიუდოში და ისეთი ილეთი გამიკეთა, რომ მხრის სახსარი დამიზიანა.

გუნდის ექიმებს, რიკარდო პრუნოსა და ანხელ მურს, მოველაპარაკე, რომ ვან გაალისთვის ეთქვათ, თითქოსდა აბაზანაში დავეცი. მისტერმა, რა თქმა უნდა ბოლომდე არ დაიჯერა, მაგრამ ჩვენ იმდენად ხატოვნად მოვუყევით ყველაფერი, რომ დაუჯერებელი ისტორია რეალობად იქცა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და არაჩვეულებრივ ექიმს, რიკარდო პრუნოს, რომელიც დროთა განმავლობაში ჩემს უფროს ძმად იქცა, გულითადი მოკითხვა გადავცე.

ამ ისტორიიდან რამდენიმე თვე იყო გასული – სახლში ვარ, ღამე მომშივდა და მაცივარს მივადექი, რომ წამეხემსა. კარის გაღება და შუშის ჭიქის გადმოვარდნა ერთი იყო, ფეხის ცერა თითზე დამეცა. იმდენად ღრმა ჭრილობა მქონდა, რომ სისხლდენა ვერ შევაჩერეთ და მამა იძულებული გახდა სასწრაფო გამოეძახა. საავადმყოფოში შვიდი ნაკერი დამადეს თითზე.

როდესაც ეს ისტორია ვან გაალს მოვუყევი, ერთი სიტყვაც არ დაიჯერა. “ძალიან იშვიათ ტრავმებს იღებ, თანაც მოედანს მიღმა! ფეხი დისკოტეკაზე ცეკვისას დაიზიანე”, – ბუზღუნებდა ვან გაალი. ამჯერად სიმართლეს ვამბობდი, მაგრამ მისტერმა აღარ იცოდა რა ეფიქრა.

სახალისო ისტორიები იქეთ იყოს და სეზონი “ბარსასთვის” ტრაგედიით დასრულდა, როგორც სპორტული, ასევე სოციალური თვალსაზრისით. უსამართლო კამპანია აგორდა ვან გაალის გადასაყენებლად, რომელიც მხარდამჭერების გარეშე დარჩა. გუნდში ჰოლანდიელს მომხრეებიც ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც. რთული ხასიათი ჰქონდა, მომენტალურად პოლემიკაში შედიოდა ყველასთან, მათ შორის შეგირდებთანაც.

ვან გაალის წასვლა ინსტიტუციონალური კრიზისის შედეგი გახლდათ, რომელიც ნუნიესის მმართველობას უკავშირდებოდა. მუდამ მადლიერი ვიქნები მისტერის იმ რწმენისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემდამი იჩენდა. არასდროს დამავიწყდება ის, რომ მთავარ გუნდში ათამაშების იმპულსი სწორედ მან მომცა.

გაგრძელება იქნება…

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია