ბარსელონა იან ვირხილის აგენტებს შეხვდა

ბარსელონა იან ვირხილის აგენტებს შეხვდა

ორშაბათს, იან ვირხილის აგენტები დეკუს “ბარსელონას” სპორტულ ქალაქში შეხვდნენ. Marca-ს ინფორმაციით, ეს მხოლოდ წინასწარი კონტაქტი იყო და “მალიორკას” გარემარბის გამოსყიდვის მიზნით აქტიური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. კატალონიური კლუბი ფეხბურთელის გამოსყიდვას და შემდგომ მის უფრო ძვირად გაყიდვას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სხვა ფეხბურთელებზეც, რომლებსაც იგივე სააგენტო წარმოადგენს.

კონტრაქტის დეტალები და ფინანსური სარგებელი

გასულ ზაფხულში, როდესაც “ბარსელონამ” ახალგაზრდა ტალანტი “მალიორკაში” დაახლოებით 3,5 მილიონ ევროდ გაყიდა, კლუბმა მისი უფლებების 40% და ტრანსფერის პირველი უარის თქმის უფლება დაიტოვა. მას შემდეგ, რაც “მალიორკა” ლა ლიგიდან გავარდა, 19 წლის კატალონიელის გამოსასყიდი თანხა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, ავტომატურად 30-დან 12 მილიონ ევრომდე შემცირდა.

აქედან გამომდინარე, ვირხილის დაბრუნება “ბარსელონასთვის” სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავი შესაძლებლობაა. კლუბს მისი გამოსყიდვა 7 მილიონ ევროზე ოდნავ მეტად შეუძლია, რის შემდეგაც მის გაყიდვას ბევრად ძვირად, დაახლოებით 15 მილიონად შეძლებს. ეს იქნება მორიგი მომგებიანი გარიგება “ლა მასიას” აღზრდილის ხარჯზე. ამასთან, განიხილება მისი გამოსყიდვისა და შემდგომ იჯარით გაშვების ვარიანტიც.

პირველ გუნდში პოზიცია დაკავებულია

სატრანსფერო ფანჯრის ამ ეტაპზე და გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, “ბარსელონა” ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრის პირველ გუნდში დატოვებას არ გეგმავს. მარცხენა ფლანგი უკვე გაძლიერებულია ენტონი გორდონით, რომლის სანაცვლოდაც კლუბმა “ნიუკასლს” 70 მილიონი ევრო გადაუხადა. ამასთან, არ არის გამორიცხული მარკუს რაშფორდის დარჩენაც. მართალია, 30-მილიონიანი გამოსყიდვის უფლების გამოყენების ვადა გუშინ ამოიწურა, თუმცა არსებობს შანსი, რომ ინგლისელი შემტევი ჰანსი ფლიკის გუნდში განსხვავებული პირობებით მაინც დარჩეს.

ვირხილის მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია, თუმცა ფლიკი და კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევენ, რომ ეს პოზიციაც საიმედოდ არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, იან ვირხილის დაბრუნება “ბარსელონას” შემადგენლობაში სათამაშოდ სპორტული მენეჯმენტის გეგმებში არ შედის.

საბოლოო ჯამში, გუშინდელი შეხვედრას ვირხილის ტრანსფერის მიმართულებით რაიმე კონკრეტული წინსვლა არ მოჰყოლია. გამოსყიდვა ერთ-ერთი რეალური ვარიანტია, რომელზეც აქტიურად ისაუბრეს, თუმცა საბოლოო ნაბიჯი გადადგმული არ არის. შეგახსენებთ, რომ 19 წლის მარცხენა გარემარბმა 2025-26 წლების სეზონში “მალიორკას” რიგებში ლა ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    16 ივნ 2026, 18:43

    ამათი ბუღალტერიის არ მწამს და მომკალით.