პატარაობაში უამრავი სიზმარი მიხდებოდა. ზოგიერთი მათგანი ნამდვილი კოშმარი იყო, შესაბამისად ამას ყველაფერს ცუდად ვიტანდი. მაგალითად, ერთხელ მესიზმრა, რომ ვიღაც მომყვებოდა იარაღით ხელში, მაგრამ არავინ მას ყურადღებას არ აქცევდა, არც ჩემი ახლობლები და არც მეგობრები, მხოლოდ მე. კიდევ იყო საშინელება, როდესაც სკოლაში შიშველი მივდიოდი. და აი მივდივარ თუმცა თვითონაც ვერ ვამჩნევ, კლასში დამცინიან. შემდეგ გავრბივარ იქიდან შერცხვენილი. ხოლო ჩემი საფეხბურთო კოშმარი იყო შემდეგი. დებიუტი “კამპ ნოუზე”. თუმცა სასტვენის შემდეგ ყველაფერი მიდის ძალიან ცუდად. ბალახზე ვერ ვჩერდები და მუდმივად ფეხი მიცურავს, როგორც “ძროხას ყინულზე”. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, უშედეგოდ მთავრდებოდა. აღარ მახსოვს შემდეგ რა ხდებოდა, რადგან გამეღვიძა საშინლად შეშინებულს. ცივი ოფლი გამდიოდა, თუმცა მალევე დავმშვიდდი, როდესაც გავაანალიზე, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.
მახსოვს, რომ ჩემი დებიუტის პირველ დღეს, 1998 წლის 18 აგვისტოს, “მალიორკას” წინააღმდეგ გვქონდა მატჩი, ის სიზმარი კი გამუდმებით გონებაში მიტრიალებდა. “ახლა დავიწყებ სრიალს” – ვფიქრობდი მე. ჩემდა სასიხარულოდ ასეთი არაფერი მომხდარა და მეტიც – ჩემს დებიუტში გავიტანე გოლი…
მაგრამ მოდით ცოტათი უკან დავბრუნდეთ. ჩემს სასტარტო გამოსვლამდე თითქმის ნახევარი წელი ვვარჯიშობდი პირველ გუნდთან. 1998 წლის პირველ იანვარს მოხდა ჩემი “ნათლობა ბურთთან”. ორი დღით ადრე გონსალვომ მე და მარიო გამოგვიძახა თავისთან და გვითხრა, რომ ეს იყო ჩვენი ბოლო ვარჯიში დუბლებში. შემდეგი წლიდან ვიწყებთ ვარჯიშს პირველ გუნდთან, თუმცა ვითამაშებთ კვლავინდებურად მეორე გუნდში. “თქვენი ნახვა ძლიერ სურს ვან გაალს” – მოგვილოცა მწვრთნელმა.
ვერ მოვახერხე ახალი წლის აღნიშვნა, რადგან მსურდა ვყოფილიყავი საუკეთესო ფორმაში. სავარჯიშო მოედანზე გასვლამდე 1 საათით ადრე შევხვდი მარიოს და ერთად წავედით გასახდელში. წარმოიდგინეთ, როგორ გაგვიკვირდა, როდესაც მივხვდით, რომ გასახდელში უკვე იყო ვიღაც. “ეს ვიღაც” აღმოჩნდა გილერმო ამორი, რომელმაც დიდი სიხარულით შეგვიპატიჟა. ცოტა ხნით ამორი იქცა ჩვენს გიდად. სეზონის ბოლომდე მე და მარიოს მოგვიწია ერთი კარადის ხმარება, რადგან მეტი ადგილი აღარ იყო.
ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა ვან გაალი. სიმართლე გითხრათ იმ დროს ის იყო უმაღლესი ავტორიტეტის მქონე, ყოველშემთხვევაში ჩვენნაირი უწვერო ბიჭუნებისათვის. მისსავე თვალებში ამოიკითხებოდა:”ეს ბიძია ახლა შეგჭამთ ორივეს”. მან დაგვიძახა მოსასალმებლად. “გამარჯობა ხხხხავი” (ის ყოველთვის უსასრულოდ წელავდა ხ-ს) მე სჯერა შენი და წარმატებებს გისურვებ!”
სულაც არ მინდოდა პირველ სეზონში ძირითადში მუდმივად ყოფნა. იყო უამრავი მძიმე მომენტი, რადგან ჰოლანდიელი ძალზედ მომთხოვნი გახლდათ. დუბლებში ვარჯიშებზე გატარებული დროის შემდეგ, სადაც კაცი-შვილი არ ესწრებოდა, ვარჯიში გვიწევდა 200 ჟურნალისტის თანდასწრებით. და თუ მოგდიოდა რამე შეცდომა, ის მაშინვე ხდებოდა მასშტაბური განხილვის თემა. მწვრთნელი არ გვაძლევდა შესვენების უფლებას. მაგალითად, გგონია, რომ ის ვერ ხედავს როგორ შეგეშალა უმნიშვნელო რამ, როდესაც უმალვე გესმის ყვირილის ხმა:”ხხხავი სად არის შენი კლასი?” ის ძალზედ მომთხოვნი იყო: ყველა პასში, ყველა დარტყმაში, ყველა დრიბლინგში ითხოვდა საუკეთესოს. რამდენიმე თვეში უკვე დავფიქრდი, შევძლებ კი ყოველდღიურად ამხელა დატვირთვის ატანას? ახალგაზრდებს ხომ სჭირდებათ ელემენტარული დახმარება.
ვან გაალი იყო შესანიშნავი თავკაცი – თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, სამართლიანი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე და პირშიმთქმელი. შეიძლება მას არ ჰყოფნიდა ცოტა ემოციური ინტელექტი.
გასახდელში გავიცანი ვეტერანების ჯგუფი, რომლებმაც ნამდვილად გამიიოლეს ცხოვრება. ალბერტ ფერერი, გილერმო ამორი, სერხი ბორხუანი, პეპ გუარდიოლა, ლუის ენრიკე და რათქმაუნდა აბელარდო. “პიტუსთან” თავიდანვე კარგი ურთიერთობა ამეწყო. ის იყო ძალიან მხიარული და გამომგონებელი პერსონა, რომლის საუბარს ბოლოს აუცილებლად რაიმე მწარე სიტყვა უნდა მოჰყოლოდა. ის ყოველთვის იცინოდა ჩემს სავარჯიშო ინვენტარზე. თუმცა დღემდე ვერ ვხვდები რატომ. არ მინდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ მომენტში გუნდში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გამუდმებით ფეთქებად ხასიათზე იმყოფებოდნენ. მუდმივად იყო დაძაბული ვითარება რამდენიმე ფეხბურთელს შორის.
საბოლოოდ იმ სეზონმა მომცა საშუალება გავზრდილიყავი და გამეგრძელებინა ჩემი პროფესიონალური გზა დიდი ნაბიჯებით. ძირითადში არ მითამაშია, მაგრამ ვან გაალი ყოველთვის მაიმედებდა, რომ ეს მომენტი მალე დადგებოდა და მომცემდა შანსს.
ვისვენებდი სანტ ანტონი დე კალონში, როდესაც დამირეკა “ბარსა ბ”-ს ადმინისტრატორმა ტონი ალოსომ და მითხრა, რომ უმალვე მივსულიყავი ძირითადი გუნდის შემადგენლობაში. ცოტა ხანში მირეკავს უკვე პირველი გუნდის ადმინისტრატორი კარლეს ნავალი და მეუბნება, რომ ხვალვე მივიდე ვარჯიშებზე. ჩემი სამ კვირიანი არდადეგები შემცირდა 1-მდე, თუმცა ამისთვისაც დიდი მადლობა.
მივედი პირველ გუნდში, მეორე დღესვე უკვე მივფრინავდი მალიორკაზე. იმავე საღამოს ვან გაალი მიძახებს თავისთან:”მზად ხარ? ხვალ ძირითადში ხარ!” ყბა ჩამომივარდა. ვიცოდი, რომ გუნდს ჰქონდა დიდი პრობლემები ნახევარდაცვაში, რადგან გუარდიოლა და სელადესი ტრავმირებულნი იყვნენ, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე უეცრად მომიწევდა დებიუტის ჩატარება ძირითად შემადგენლობაში.
მოუთმენლად ველოდი გათენებას. ასევე უნდა გამეთვალისწინებინა ისიც, რომ პოზიცია, რომელზეც მე ვთამაშობდი, იყო გადამწყვეტი ჰოლანდიელისათვის. ამიტომ პასუხისმგებლობა ბევრად დიდი იყო. მატჩი დაიწყო თუმცა წავაგეთ ანგარიშით 2-1. სახლში დავმარცხდით 0-1 და დავკარგეთ სეზონის პირველი ტიტული.
ჩემპიონატში ჩემი დებიუტი შედგა “ვალენსიასთან” მესტალიაზე, ხოლო ევროპაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასვლაზე. მივხვდი, რომ ვან გაალმა პირდაპირ დამაპირისპირა ამხელა გუნდებთან, რათა მაშინვე გაეგო გავუმკმლავდებოდი თუ ვერა ჩემს დაკისრებულ დავალებას. ამ ორმა გუნდმა ჩემს გონებაში დატოვა დადებითი და უარყოფითი მოგონებები. “მანჩესტერთან” თამაშისას არ შემეძლო გაკვირვების გარეშე მეყურებინა ბექჰემის, სკოულზის, გიგზის და იორკას თამაშისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ პრინციპული მოწინააღმდეგეები. ორივე ჯგუფური მატჩი დასრულდა სასურველი შედეგით: 3-3. “ვალენსია” კი იყო ყველაზე “კბენია”. “პიოხო” ლოპესთან, რომელიც მუდმივად ტეხდა ჩვენს დაცვას და მის დამხმარეებთან ერთად ეს გუნდი იყო უბრალოდ გამანადგურებელი, როგორც დაცვაში ისე თავდასხმაში. ის “ვალენსია” მახსენებს მოურინიოს “ჩელსის”.
ჩემი პირველი მატჩი კამპ ნოუზე იყო “სალამანკას” წინააღმდეგ. მამამ მიმიყვანა ვარჯიშებზე, შემდეგ დავრჩით მატჩისწინა შეკრებაზე და როდესაც უკვე მოვდიოდით მანქანით შევამჩნიე, რომ იგი ძალიან ნერვიულობდა:
– რამე მოხდა? – ვკითხე მე
– ცოტას ვნერვიულობ. ეს ხომ შენი პირველი მატჩია “კამპ ნოუზე”.
– ნუ ნერვიულობ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც “მინიზე”. გავაკეთებ ყველაფერს რაც უსწავლებიათ.
მამა ყოველთვის ჩემზე მეტს განიცდიდა. ერთხელ მითხრა, რომ როდესაც იგი თამაშობდა “საბადელში” იგი გაცილებით წყნარად იყო თუ მის გვარს არ ასახელებდნენ სასტარტო შემადგენლობაში.
იმ წელს ჩვენ მოვიგეთ ესპანეთის ჩემპიონატი, მაგრამ მაინც ვერ შევძელი გამარჯვების დაგემოვნება, იმიტომ, რომ როდესაც გუნდი იგებდა ჩემპიონობას ვიტორიაში, მე ამ დროს ვიმყოფებოდი ალბასეტეში დუბლებთან ერთად. ვან გაალმა გამიშვა “ბარსა ბ”-ში, რადგან ამით გამოხატა პატივისცემა მეორე გუნდისადმი, რომელიც ცდილობდა სეგუნდაში თამაშის უფლების შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ვიტორიაში გუნდს უბრალოდ არ სჭირდებოდა ყველას წაყვანა, კაპიტანმა და ვიცე-კაპიტანმა სთხოვეს ჰოლანდიელს შეეყვანა განაცხადში ყველა ის, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ჩემპიონობაში, თუმცა მწვრთნელი უარზე იყო. მართალია ჩირიჩი, როხერი, არნაუ და მე ვერ წავედით ვიტორიაში, თუმცა სონი ანდერსონმა მაინც შეგვინახა მაისური, რითაც “ალავესთან” გამარჯვებაც მოგვილოცა. ეს მაისური დღეს საპატივსაცემო ადგილს იკავებს ანხელ მურის მუზეუმში.
მე უნდა შევგუებოდი იმას, რომ გადამწყვეტი თამაშისთვის ტელევიზორში უნდა მეყურებინა. გამარჯვება დიდად ვერც აღვნიშნე, რადგან შემდეგ დღეს იყო ჩემი თამაში. თუმცა “სალამანკამ” მოგვიგო 3-0. იმ სეზონში მე უკვე მქონდა ჩემი პირადი კარადა გასახდელში. ის მერგო სწორედ გილერმო ამორისაგან. გვერდებზე კი იყო ფიგუსა და გუარდიოლას კარადები. ამ ორს პლიუს ლუის ენრიკე, აბელარდო და სერხი იყვნენ გუნდის ნამდვილი ლიდერები. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ახალწვეული არ ვიყავი, მე მაინც მაძრწუნებდა ზოგიერთის კომენტარი ჩემს მიმართ. მექცეოდნენ შესანიშნავად, თუმცა არაფერს მპატიობდნენ. ვარჯიშებზე მოითხოვდნენ უდიდეს კონცენტრაციას. თუკი რამე მეშლებოდა, მაშინვე მისწორებდნენ. ეს იყო საფეხბურთო მაგისტრატურის უსწრაფესი კურსი. ამასთან ერთად მე გამოვიტანე პირველი პროფესიონალური დასკვნები. მივხვდი, რომ თუკი გსურს გუნდმა კარგად ითამაშოს, კოლექტივში უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია, ამ სიტყვის კარგი გაგებით. რა მინდა ამით ვთქვა? დღევანდელი ფეხბურთი წარმოუდგენელია კონკურენციის გარეშე, თუმცა ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ერთმანეთის პატივისცემით.
ასე სწრაფად განვითარება, არც თუ ისე ადვილია 18 წლის ბიჭისათვის. ამიტომ მივხვდი, რომ უნდა იყო ძალიან ძლიერი, თუკი გსურს პირველ გუნდში თამაში. ზრდა ძნელია, ვარდნა იოლი. ამასთან ერთად გუნდში არ იყო ჩემი თანატოლი, ვისთანაც შევძლებდი გულითადად მესაუბრა. ყველაზე ახალგაზრდები იყვნენ როხერი და არნაუ, თუმცა ისინი რამდენიმე წლით მასწრებდნენ. არა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანაგუნდელები ყურადღებას არ მაქცევდნენ. ეს ნორმალურია, როდესაც დიდები საუბრობენ საკუთარ თემებზე და ჩემი სხვაობა მათთან არ იყო ტოტალური.
ნებისმიერ შემთხვევაში, მე მივიღე პირველი პორცია დადებითი პრესისა “ვალიადოლიდთან” გატანილი გოლის შემდეგ. ჟურნალისტები მიწოდებდნენ ვან გაალის “გადამრჩენელს”. ერთი კვირით ადრე კლუბის პრეზიდენტი ნუნესი ჩამოვიდა გასახდელში და დააწყნარა ფეხბურთელები, გამოხატა რა თავისი ნდობა ჰოლანდიელისადმი. მაგრამ უკვე ვიცოდი, თუ რა ხდებოდა, არ არსებობს კვამლი ცევხლის გარეშე.
ვან გაალი იყო ჩანაწერებისა და შეფასებების მოყვარული: თავის ჯიბის წიგნაკში ის იწერდა ყველა ფეხბურთელის სტატისტიკას. თამაშის შემდეგ დღეს იყო მატჩის დეტალური განხილვა, ხოლო შემდგომ ინდივიდუალური ანალიზი. ხანდახან თავის შეფასებებში იგი ზედმეტად მკაცრი იყო, ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც იგი უსამართლოდ აბრალებდა ვინმე კონკრეტულ ფეხბურთელს უამრავ შეცდომას. მახსოვს როგორ გვეჩხუბა მე და ფერნანდო ნავაროს “რეალ სოსიედადის” გატანილი გოლის გამო. მე მომხვდა არასწორი პასის გამო, რის შედეგადაც დე პედრომ დაიწყო კონტრშეტევა, ხოლო ფერნანდოს მოხვდა იმის გამო, რომ არ დაფარა თავისი პოზიცია. “როგორ შეიძლება ასეთი რამ?” განრისხდა მწვრთნელი. ჩვენ კი არაფერი დაგვრჩენოდა, გარდა იმისა, რომ ჩაგვეყლაპა ყველანაირი კრიტიკა.
ვან გაალთან გავიგე, თუ რას ნიშნავდა უნივერსალიზმი. ჩემს სიდაბლესთან ერთად მოვასწარი მეთამაშა ცენტრალურ მცველად აბელარდოსთან ერთად და ასევე ფლანგის მცველად თასის მატჩში “ბენიდორმომის” წინააღმდეგ. სწორედ ამ მატჩში ჰქონდათ ძმებ დე ბურებს დებიუტი.
სხვა მხრივ, ჩვენთან იყო უდიდესი ადამიანი, რომელიც უკვე მაშინ დემონსტრირებდა დიდ ტალანტს სამწვრთნელო განხრით. ჟოზე მოურინიო წვრთნიდა ბავშვებს. უკვე მაშინ იყო ნათელი, რომ მან ფეხბურთზე იცოდა ყველაფერი. ჟოზე 13 წლიდან უყურებდა მამამისის თამაშს, რითაც შეისწავლა ამ სპორტის ყველანაირი დეტალი. ის იყო ძალიან მომთხოვნი. მის ხასიათში იჯდა სიამაყე და თავმოყვარეობა. ალბათ სწორედ ეს ორი რამ ჩარჩათ ბარსელონელებს გონებაში. ვაღიარებ, რომ იგი აქ საკმარისად ვერ დაფასდა, ალბათ მოურინიოს აქვს რაიმე წყენა “ბარსელონაზე” ეს აშკარად ჩანს როდესაც გვიწევს მის წინააღმდეგ თამაში.
1999-2000 წლების ჩემპიონატიც მორიგი ჩავარდნით დაიწყო. ვან გაალი ტოვებს ჩემთვის ნომერს: 26, რითაც მანიშნებს, რომ კარი დუბლებში ჩემთვის კვლავ ღიაა. ყოველთვის ვთამაშობდი ფრთხილად. კარგად მახსოვს მატჩი “აეკ”-თან, რომელიც ჩვენ მოვიგეთ ანგარიშით 2-1. ამ მატჩში სულაც არ გამოვიყურებოდი ცუდად. ცოტა ხანში კი მწვრთნელმა დამიბარა მე და მითხრა, რომ ჩემით იმედგაცრუებული დარჩა და სურდა ჩემი დუბლებში დაბრუნება. ყველანირად ვცდილობდი ამეხსნა მწვრთნელისთვის, რომ მსურდა აქ დარჩენა, სეგუნდაში დაბრუნება იყო ნაბიჯი უკან ჩემთვის… “არა, შენ უბრალოდ ჯერ პატარა ხარ და აუცილებელია ყოველ კვირას ითამაშო” – მიპასუხა მისტერმა. და აი მინიზე ვთამაშობ “ფიგუერესოს” წინააღმდეგ. ვაგებთ 0-2, ხოლო ჩემს თამაშს თამაშსაც ვერ დავარქმევთ. ხუთი შეხება და 4 დაკარგვა. ამაკრეს პერსონალურად მოწინააღმდეგე ფეხბურთელი, რომელმაც იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ორშაბათს ვან გაალმა გამომიძახა ვარჯიშზე და მკითხა:
– აბა როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
– არც ისე კარგად, ჩვენ წავაგეთ 0-2.
– და შენ როგორ ითამაშე?
– ცუდად.
– ცუდად? საშინლად! – შემისწორა ჰოლანდიელმა – მე ვუყურე მთელ მატჩს, შენ ითამაშე საშინლად. გააგრძელე დუბლებში თამაში.
შემდეგ კვირას “ბარსა ბ”-ს უწევდა თამაში “ნასტიკთან”. მოვიგეთ 2-1. ჩავატარე კარგი თამაში. ორშაბათს კვლავ გამომიძახა ვან გაალმა:
– როგორ ხარ?
– ნორმალურად, ჩვენ მოვიგეთ და ვფიქრობ კარგად ვითამაშე.
– არა, შენ ითამაშე ფენომენალურად. შენ შეგიძლია დარჩე ჩემს ჯგუფში.
“ჯგუფად” ვან გაალი მოიხსენიებდა ფეხბურთელებს, რომლებსაც მთლიანად ენდობოდა. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ მე დამაძალეს ამ გამოცდის ჩაბარება, რათა ჩემში დარწმუნებულიყვნენ. ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ “ბარსელონაში” შენ უბრალოდ ვერ იქნები ცუდი. ამის შემდეგ დუბლებში აღარ ვყოფილვარ. ერთხელ ვან გაალი ძლიერ გამიბრაზდა, რადგან დავიზიანე მხარი. ყველაფერი კი ზენდენის ბრალი იყო, მან უბრალოდ გადაწყვიტა ბავშვობის გახსენება, იმ დროის, როდესაც ის ძიუდოზე დადიოდა… მან მხარი ამომიგდო. დოქტორებთან შევთანხმდი, რომ დასკვნა შეემსუბუქებინათ, რათა ვან გაალი არ გაბრაზებულიყო, თუმცა იგი ყველაფერს მიხვდა. ვისარგებლებ მომენტით და გადავცემ მოკითხვას რიკარდო პრუნოს, ექიმს, რომელიც შემდგომში ჩემი დიდი ძმასავით იყო.
ამ ტრავმის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე. ერთხელ ღამით გადავწყვიტე რამე მეჭამა და მივედი რა მაცივართან დამემართა საშინელი რამ. შუშის ჭიქა გადმოვარდა და პირდაპირ ფეხის თითზე დამეცა. ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ სახლის პირობებში ვერ შევაჩერეთ სისხლდენა და მამამ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საავადმყოფოში დამადეს შვიდი ნაკერი. როდესაც ამაზე ვან გაალს მოვუყევი, მან არ დამიჯერა. “შენ ხშირად იღებ ტრავმას, თუმცა მოედანზე ეს არ ხდება! შენ ეს მოგივიდა დისკოტეკაზე ცეკვისას” დაიყვირა ლუიმ. თუმცა ამ დროს მე მხოლოდ სიმართლეს ვიძახდი, მისტერმა კი არ იცოდა რა ეფიქრა.
ამ მხიარული ისტორიების ფონზე სეზონი დავასრულეთ საშინლად, როგორც სპორტულ, ისე სოციალურ ვითარებაში. ჩამოყალიბდა უსამართლო კამპანია, რათა ვან გაალი წასულიყო გუნდიდან, იგი დარჩა მოკავშირეების გარეშე. მაგალითად, გასახდელში იყვნენ ისეთები, ვინც მხარს უჭერდნენ მწვრთნელს და ისეთებიც ვინ ეწინააღმდეგებოდნენ მას. ვან გაალს ჰქონდა ძალიან მკაცრი ხასიათი. იგი შესაძლოა მოულოდნელად გაბრაზებულიყო და ჯავრი ფეხბურთელებზე ეყარა.
ვან გაალის წასვლამ გამოიწვია კრიზისი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა პრეზიდენტ ნუნესის მმართველობას. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები ჰოლანდიელისა, იმის გამო, რომ მას ასე სჯეროდა ჩემი. არასოდეს დამავიწყდება, რომ სწორედ მან მომცა პირველ გუნდში თამაშის დაწყების უფლება.
ხავი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა” (წიგნი, ნაწილი:1)
ხავი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსელონაა” (წიგნი, ნაწილი:2)