ახალგაზრდა “ბარსელონელის”, ბოიან კრკიჩის პირველ გუნდში დებიუტიდან 3 წელი გავიდა. ხუთშაბათს ბოიანმა განაცხადა, რომ მან “ბარსაში” ყოფნისას დიდი გამოცდილება მიიღო და რომ იგი აუცილებლად განაგრძობს ზრდას.
17 წლისა და 18 დღის ფეხბურთელს ოფიციალური დებიუტი 2007 წლის 16 სექტემბერს, “ოსასუნასთან” მატჩში ჰქონდა. ამ დროს გუნდს ფრანკ რაიკაარდი ხელმძღვანელობდა. სწორედ მან მისცა კრკიჩს შანსი, ახლა კი მის დახმარებასა და გაზრდას პეპ გუარდიოლა ცდილობს.
ბოიან კრკიჩი: “მე “ბარსაში” ძალიან ბევრი ვისწავლე. ყოველ წელიწადს რაღაც ახალი ხდება, მაგრამ აქ 3 ბრწყინვალე სეზონი გავატარე. მე ძალიან მოხარული ვარ გუნდში ყოფნით და ძალიან კარგი შეგრძნებები მაკავშირებს გუნდთან. ასევე მე მთლიანად ვენდობი ჩემს მწვრთნელს”.
“როგორც იცით, “ლა ლიგას” მორიგ მატჩს “ვისენტე კალდერონზე” გავმართავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ყველაფერს გავაკეთებთ მადრიდიდან 3 ქულის წამოსაღებად. ჩვენ გავიმარჯვეთ “ჩემპიონთა ლიგაზე” და ვფიქრობ სწორ გზაზე ვდგავართ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა”.



