“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც გუშინდელი მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს. ბოსი დარწმუნებულია, რომ გუნდი ზრდას განაგრძობს ამ სეზონში.
“ლა ლიგაზე” კატალონიელების სტარტი წარმატებულად ვერ ჩაითვლება, მაგრამ გუშინდელ მატჩში პეპ გვარდიოლას ბიჭებმა მართლაც ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს მოგებას მონატრებულ “ნოუ კამპს”. “ასეთი კარგი თამაშის ჩვენება მართლაც ძალიან ძნელია. ასეთ ფეხბურთს ვითამაშებთ მთელი სეზონის განმავლობაში და ყველანი დარწმუნდებიან, რომ დღევანდელი “ბარსელონა” წინა წლების “ბარსელონაზე” ძლიერია. უნდა ვაღიარო, რომ “პანათინაიკოსი” საშუალო დონის კლუბია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის საბერძნეთის ჩემპიონია და ათკაციანი დაცვით გვეთამაშებოდნენ.” – აცხადებს მთავარი მწვრთნელი.
უდიდესი წინსვლა
“ერკულესთან” მოულოდნელი მარცხის ხსენება გარდაუვალი აღმოჩნდა: “შაბათს თამაში ნამდვილად არ გამოგვივიდა. ჩვენ რაღაც გვაკლდა: მოძრაობა სიღრმეში და ფლანგებზე. უნდა გვეცადა და შეგვეტია უფრო დიდი ინტენსივობით. დღეს ნამდვილად არ გვიჭირდა მოძრაობა და შედეგიც ბრწყინვალე მივიღეთ. ახლა უკვე ფორმაში ვართ, შაბათში კი არ ვიყავით. როდესაც რომელიმე ფეხბურთელი საჭირო მოძრაობას ვერ აკეთებს, მთელი გუნდი რაღაც დისკომფორტს განიცდის.”
სრული ნდობა ფეხბურთელებისადმი
გვარდიოლამ კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ იგი თავის ყველა ფეხბურთელს 100%-ით ენდობა: “არ ვიცი მოვახერხებთ თუ არა წელს ტიტულების მოგებას, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ბიჭებს განმტკიცება აღარაფერში არ სჭირდებათ. ფეხბურთელები რამდენიმე ქულის დაკარგვის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ. სპორტში ხანდახან დამარცხება გარდაუვალია. ამის უფლება გვაქვს. ჩვენი ოპონენტები კარგად არიან მომზადებულნი და ათკაციანი დაცვის გარღვევა არც ისე ადვილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ვამაყობდი და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.”
პეპმა განსაკუთრებული სიტყვებით შეაქო ლიონელ მესი: “ის უბრალოდ საუკეთესოა მსოფლიოში. მისი შესაძლებობების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ლეო შეუდარებელი კიდევ დიდხანს დარჩება. ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს თამაშით და გამარჯვებებით. ჩემი მიზანია მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა მას, რათა ასეთი ფეხბურთის ჩვენება გააგრძელოს.” ამ კომენტარის მიუხედავად, გვარდიოლამ ხაზი გაუსვა კოლექტიური თამაშის უდიდეს მნიშვნელობას: “მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი ტიტულებს ვერ მოგვიტანს. ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავიღოთ.”
მუდმივი წინსვლა
გუშნდელი სპექტაკლის მიუხედავად ბოსი დარწმუნებულია, რომ გუნდს უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეუძლია: “ჩვენ ჯერ თამაშის პიკი არ გვიჩვენებია. ჯერ კიდევ შეგვიძლია გაუმჯობესება და ამას მომავალ მატჩებში გავაკეთებთ. რამდენიმე დღეში “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩთან დაკავშირებით, გვარდიოლამ განაცხადა: “”კალდერონზე” მატჩი გუნდისთვის მართლაც გამოცდა იქნება. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან მოგვიწევს დაპირისპირება. ვეცდებით და გავაგრძელებთ განმტკიცებას.”
ბარტომეუ კმაყოფილია შედეგით
“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ ძალიან კმაყოფილი დარჩა გუნდის გუშინდელი შედეგით: “ჩვენ ბევრს ვსწავლობთ მარცხებით და “ბარსას” მწვრთნელებმაც შეცდომები გამოასწორეს. ნაწყენები არ ვართ “ლა ლიგის” შედეგით, წინ ხომ გრძელი სეზონი გველის. ახლა რიგში “ატლეტიკოა” და მათთან სტუმრობა ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული. სხვა გზა არ არის, ჩავალთ მადრიდში და სამ ქულას ავიღებთ.”



