ესპანეთის თასის მეოთხედფინალში “ლევანტეს” განადგურების შემდეგ, “ბარსელონამ” ნახევარფინალის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
ამ გუნდებს შორის ერთი კვირის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად, “ბარსამ” მძიმედ დაიწყო და “ლევანტეს” ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა, მაგრამ შემდეგ, კატალონიელებმა უმატეს და როგორც პირველ შეხვედრაში, მეტოქე ამჯერადაც გაანადგურეს.
“ბარსელონას” მხრიდან გოლები ადრიანომ, პუიოლმა, 2-ჯერ სანჩესმა და ფაბრეგასმა გაიტანეს.
ნახევარფინალში “ბარსელონა” “რასინგსა” და “სოსიედადს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა “სოსიედადმა” 1:0 მოიგო, ხოლო განმეორებითი მატჩი ხვალ ჩატარდება.
ნახევარფინალის პირველ შეხვედრას “კამპ ნოუ” უმასპინძლებს. სავარაუდოდ, ის ადგილობრივი დროით 6 თებერვალს, 22 საათზე (თბილისის დროით 7 თებერვალს, 01 საათზე) გაიმართება.