ჩავიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჟოზე მოურინიო და პორტუგალიელის საფეხბურთო ფილოსოფია. ნახევარმცველის თქმით, გვარდიოლა და კრუიფი არიან მაგალითები იმ მწვრთნელებისა, რომლებსაც სურთ, რომ გუნდებმა სწორად ითამაშონ ფეხბურთი.
“პეპ გვარდიოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია. ჟოზე მოურინიო არის მწვრთნელი, რომელსაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს”- თქვა ჩავიმ ჟურნალ “Panenka”-სთან საუბრისას.
“ის ამბობს, რომ განსაკუთრებულია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში მოიგო ესა თუ ის ტიტული, მაგრამ მე მისი გუნდების თამაშის სტილი არ მომწონს. ვის ახსოვს მოურინიოს “ინტერი”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო? ჩემი აზრით, მას, კრუიფისგან განსხვავებით, არ დაუტოვებია მემკვიდრეობა და კვალი ფეხბურთში.”
ჩავიმ ასევე გააკრიტიკა რობერტო დი მატეო, რომელმაც “ჩელსისთან” ერთად დაამარცხა “ბარსა” და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
“იგივე ეხება დი მატეოს. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ, ჩემი აზრით, მისმა გუნდმა საერთოდ არ ითამაშა.
ჩვენი ფილოსოფიის გამო “ბარსელონაში” თამაში მიხარია.”
ჩავის ადრეც გაუკრიტიკებია მოურინიოს ტაქტიკა და ასევე პორტუგალიელის დამოკიდებულება იკერ კასილიასისადმი.