workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუგელის მეთოდი ბარსელონას გარდაქმნის

კუგელის მეთოდი ბარსელონას გარდაქმნის

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკის მოწვევით მოსულმა ფიზმომზადების ახალმა მწვრთნელმა, ბენიამინ კუგელმა "ბარსელონაში" ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ხულიო ტოუსის ჩამოშორების შემდეგ დანერგილმა ახალმა მეთოდოლოგიამ გუნდი მონსტრად აქცია, გასახდელში კი ამბობენ, რომ ეს პოტენციალის მხოლოდ 70 პროცენტია.

46 წლის ბენიამინ კუგელი “ბარსელონაში” მიმდინარე წლის ზაფხულში ჰანსი ფლიკის პირადი მოთხოვნით მივიდა. გერმანელ სპეციალისტს ფიზიკური მომზადების მიმართულებით ახალი მიდგომა სურდა – სფეროში, სადაც მას წინა პასუხისმგებელ პირთან, ხულიო ტოუსთან არაერთი უთანხმოება ჰქონდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ფლიკი მას საჯაროდაც დაუპირისპირდა და პირველ გუნდში მისი უფლებამოსილებები შეზღუდა. ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ფაქტობრივად ულტიმატუმი წამოაყენა და წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე საკითხის გადაუჭრელობის შემთხვევაში წასვლით დაიმუქრა.

კლუბის ხელმძღვანელობამ რეალობის შელამაზება სცადა და ტოუსი “შედეგების ოპტიმიზაციის ახალ დეპარტამენტში” გადაიყვანა, რომელსაც დღეს პირველ გუნდთან არანაირი შეხება აღარ აქვს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ეს კლასიკური “ზევით დაწინაურება” იყო, რათა კონტრაქტით გათვალისწინებული სოლიდური კომპენსაციის გადახდა აერიდებინათ თავიდან.

კუგელს ადაპტაციის პრობლემა საერთოდ არ შექმნია: ჯერ ერთი, თავის თანამემამულე ფლიკს შესანიშნავად იცნობს (მასთან გერმანიის ნაკრებში მუშაობდა), მეორეც – საკმაოდ კარგად ფლობს ესპანურ ენას, რადგან სტუდენტობისას რამდენიმე წელი კოსტა-რიკაში ცხოვრობდა.

კუგელის მეთოდოლოგია

მისი სამუშაო სტილი ფეხბურთელისგან მაქსიმალური ფიზიკური რესურსის მიღებას ეფუძნება, რაც თითოეული მოთამაშის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული მკაფიო რუტინით მიიღწევა.

  • ძალისმიერი ვარჯიშები: უმეტეს შემთხვევაში მან დარბაზში ელასტიკური რეზინებისა და ქამრების გამოყენებაზე უარი თქვა და ჰანტელებით ვარჯიშის პრაქტიკა დააბრუნა. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი, მაგალითად პედრი ინარჩუნებს ქამრების რუტინას, რადგან მის შემთხვევაში ამან კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა ეს ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია.
  • მატჩისშემდგომი აღდგენა: დაინერგა შეხვედრის შემდგომი აღდგენითი სისტემა. ყველა ფეხბურთელი – როგორც ძირითადის მოთამაშეები, ისე სათადარიგოები, სათამაშო წუთების გათვალისწინებით ძალისმიერ სავარჯიშოებს ასრულებს (ბუნებრივია, სათადარიგოებისთვის ინტენსივობა გაცილებით მაღალია).
  • პირადი ჩართულობა: ეს ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავებაა ტოუსთან, რომელიც ვარჯიშებზე კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ჩნდებოდა და საქმეს თანაშემწეებს ანდობდა. მეტიც, ტოუსი გუნდთან ერთად გასვლით მატჩებზე არასდროს მოგზაურობდა და “კამპ ნოუზეც” მხოლოდ ეპიზოდურად მიდიოდა. კუგელი კი დღემდე ყველა მატჩს ესწრება – როგორც შინ, ისე გასვლაზე და დაგეგმვასა თუ მითითებებში აქტიურად არის ჩართული.
  • კავშირი სამედიცინო შტაბთან: გაიზარდა კავშირი სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებთან, განსაკუთრებით რიკარდ პრუნას ხელმძღვანელობით მოქმედ სამედიცინო პერსონალთან. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრები მონაცემთა გასაანალიზებლად, რათა ფეხბურთელების გადაწვა გამოირიცხოს და დატვირთვები სწორად გადანაწილდეს.

კუგელს თავისი ფეხბურთელების შესახებ ყველაფრის ცოდნა სურს: ცდილობს მუდმივი დიალოგი ჰქონდეს თითოეულთან, რათა მათი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა სწორად შეაფასოს – მან კარგად იცის, რომ არის დღეები, როცა დარბაზში დატვირთვა უნდა გაიზარდოს და დღეები, როცა პირიქით, შემცირებაა საჭირო.

ეჭვგარეშეა, რომ გერმანელი სპეციალისტი გასახდელში იდეალურად შევიდა. ფეხბურთელები გრძნობენ, რომ მოედანზე “დაფრინავენ”, გუნდი კი მეტოქეებს ფიზიკურად ანადგურებს. ფლიკისა და კუგელის მთავარი გამოწვევა ამ ინტენსივობის მთელი სეზონის განმავლობაში შენარჩუნება იქნება. ამ ეტაპზე გუნდი ფიზიკური ძალის ნამდვილ სანახაობას წარმოადგენს, გასახდელიდან კი ირწმუნებიან, რომ “ბარსელონას” ამჟამინდელი მდგომარეობა თავისი რეალური პოტენციალის 70 პროცენტს არ აჭარბებს – პიკი ოქტომბრიდან იგეგმება. ახლა მხოლოდ პოპკორნის მომარაგება, დივანზე მოკალათება და სიამოვნების მიღებაღა რჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 26 სექ 2026, 12:02
    #2

    თუ ეს კაცია ფოტოზე კლოპს გავს :დ გერმანული მანქანის შექმნას აპირებს ფლიკი ესპანური საწყისებით. თუ ფიზიკურად გავქაჩეთ და ტრამვებს ავცდით სასწაულ გუნდს შევქმნით მინიმუმ ფლიკის დარჩენამდე მაგრამ აქ ერთი პრობლემაცაა. როცა ფლიკი წავა გუნდს დედა აღარ ეყოლება :დ გამოწურული ლიმონებივით იქნებიან. როგორც ბაიერნს დაემართა. ფლიკის მერე ტიპებმა ბუნდესლიგაც კი წააგეს 1 წელი და ძ₾ივს დაბრუნდნენ. ფლიკი მაქსიმალურად დიდი ხნით უნდა შევინარჩუნოთ და როცა წავა სწორი მწვრთნელით უნდა ჩავანაცვლოთ რო ადვილად გადმოვბალანსდეთ გეგენპრესინგიდაც ტექნიკურად გამართულ თამაშზე. ფაბრე წამოგვეწევა იმედია

    • DesmondHume
      DesmondHume კულე
      schedule 26 სექ 2026, 13:54
      #4

      ფლიკის წასვლის დროს ფაბრეგასსაც და ჩავისაც საკმაო გამოცდილება ექნებათ, მერე ნელ-ნელა ბუსკეციც წამოვა და არჩევანი დიდია

      • AFRO
        AFRO ახალბედა
        schedule 26 სექ 2026, 14:52
        #5

        ხავი იმედი მაქვს გაამართლებს ჰოლანდიაში ბარსელონას ჩაბარება ადრე იყო რაც გააკეთა მადლობა მას ეხლა უფრო მეტს შეიძენს და გაიაზრებს ყველაფერს თან პლიუს ნერვებსაც მოთოკავს თორე იქნება ყოველ მეორე თამაში გაძევებული😁, ფლიკი რომ წავა იმედია ხავი ფაბრე ბუსკეციდან რომელიმე ჩაიბარებს ამ გუნდს.

  • DesmondHume
    DesmondHume კულე
    schedule 26 სექ 2026, 11:41
    #1

    აქამდე რაც ვნახეთ ეს თუ მართლა 70%-ია მამა ზეციერი ვერ უშველის ჩვენ ვინც აწი შეგვხვდება 😀

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      schedule 26 სექ 2026, 12:13
      #3

      ეგ უნდა მეთქვა ეს თუ 70%ია და პიკი ოქტომბრიდან იგეგმება რავი რა მოხდება წარმოდგენაც არ მინდა, ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება ვინ იქნება მეტოქე პსჟ თუ რეალი ყვეკა ელჩეზე დაბალი დონე იქნება მაინც ჩვენ წინაშე, რა თქმა უნდა ამ ლოგიკით რაც სტატიაშია..ყოჩაღ იმედი მაქ რომ გამართლდება ეგ უველაფერი მაგას რა ჯობია, ისედაც ერთი სული მაქ როდის მოვა ოქტომბერი