workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ატლეტიკის ანომალია: განსხვავებული კაპიტანი ყოველ მატჩში

ბარსა ატლეტიკის ანომალია: განსხვავებული კაპიტანი ყოველ მატჩში

bolt მოკლედ
"ბარსა ატლეტიკმა" "ბარბასტროსთან" გასვლაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ჟულიანო ბელეტიმ მატჩის შემდეგ საინტერესო ანომალია ახსნა: სეზონის საწყის სამ ტურში სარეზერვო გუნდს მოედანზე ყოველ ჯერზე განსხვავებული კაპიტანი გაუძღვა.

“ბარსა ატლეტიკმა” მიმდინარე სეზონში პირველი საგარეო გამარჯვება “ბარბასტროსთან” მოიპოვა. შვიდი ქულითა და გატანილ-გაშვებული ბურთების +6 სხვაობით სარეზერვო გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ “ოსასუნა B-ს” ჩამორჩება, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟულიანო ბელეტიმ საინტერესო ანომალიის შესახებ ისაუბრა: მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული კაპიტნები ერთდროულად იმყოფებოდნენ მოედანზე, გუნდს სამივე ტურში განსხვავებული კაპიტანი ჰყავდა.

შემადგენლობის დაკომპლექტების შემდეგ კლუბმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში კაპიტნები იერარქიის მიხედვით იქნებოდნენ ლანდრი ფარე, ედერ ალიერი, გილიემ ვიქტორი და ალექს კამპოსი. მათგან სამმა უკვე მოირგო სამკლაური საწყის სამ შეხვედრაში: სასტარტო ტურში “ნახარასთან” კაპიტანი ლანდრი იყო, “ლოგრონიეს B-სთან” – კამპოსი, ხოლო “ბარბასტროსთან” – გილიემ ვიქტორი.

ჟულიანო ბელეტიმ თავისი გადაწყვეტილების ლოგიკა განმარტა და აღნიშნა, რომ ამას პასუხისმგებლობის გრძნობის გასაზრდელად აკეთებს:

“ოთხი კაპიტანი გვყავს, თუმცა წესრიგი და დისციპლინა მთელ გუნდს მოეთხოვება. კაპიტანს ყოველ კონკრეტულ მომენტში იმის მიხედვით ვნიშნავ, სად და ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, რათა მათ გასახდელში საკუთარი როლი უკეთ გააცნობიერონ. ეს ძალიან პოზიტიური მიდგომაა, რაც ამ ასაკში ფეხბურთელებს უდიდეს დახმარებას უწევს.”

მწვრთნელმა თავისი გუნდის დინამიკასაც გაუსვა ხაზი და შეახსენა ყველას, რომ შემადგენლობის საშუალო ასაკი სულ რაღაც 18-19 წელია:

“საწყის სამ ტურში განვითარებას ვცდილობთ და გარკვეულ დეტალებს ვასწორებთ. ეს პირველ ტაიმშიც გამოჩნდა: ძალიან კარგ, კომბინაციურ მეტოქეს დავუპირისპირდით, რომელმაც უბურთოდ ბევრი შრომა გვაიძულა. განსაკუთრებით გოლის გატანის შემდეგ, უბურთო ფაზაში მოთმინება და დისციპლინა სრულად შევინარჩუნეთ.”

ბელეტიმ განსაკუთრებული ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ “ბარსა ატლეტიკს” მიმდინარე ჩემპიონატში გოლი ჯერ არ გაუშვია (მშრალი სერია მათ გარდა მხოლოდ “ტერასას” აქვს):

“დაცვითი სამუშაო თავდამსხმელითა და გარემარბებით იწყება. იკერი, კამპოსი, ჰაფიზი, გილიემი, ლანდრი… მათ ზონაში უდიდესი მოთხოვნებია: სივრცეების სწორად ათვისება და დაზღვევაზე დროული თამაში. ზედიზედ სამ მატჩში კარის მშრალად შენახვა მარტივი არ არის. ეს სათანადოდ უნდა დავაფასოთ და პროგრესი გავაგრძელოთ – კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა მეტოქეებს ჩვენს კართან მომენტები ნაკლებად შევუქმნათ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 21 სექ 2026, 21:21
    #4

    დროა უკვე ლა ლიგა 2-ზე იფიქრონ. მათი დონეც ამაღლდება და სხვა მუღამი ექნებათ, თორემ ამ სოფლის ლიგაში თამაშით ტკეპნიან ერთ ადგილს.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 21 სექ 2026, 20:23
    #3

    “მწვრთნელმა თავისი გუნდის დინამიკასაც გაუსვა ხაზი და შეახსენა ყველას, რომ შემადგენლობის საშუალო ასაკი სულ რაღაც 18-19 წელია”
    ძირითადშიც ნახევარი სასტავი 18-19 წლისაა.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 21 სექ 2026, 16:45
    #2

    მიხარია ძლივს ატლეტიკზე მიხედვაც რომ დაიწყეს თორემ მეოთხე დივიზიონში თამაში უკვე ნამეტანი იყო.
    დეკუ ჩაუდგა სათავეში ამათაცო და ამიერიდან მისი გავლით გაკეთდება ატლეტიკის ტრანსფერებიცო და რავიცი, ბოლო წლის მუშაობას თუ დავაკვირდებით რაღაცა ძალიან დიდს ქუქავს ეგ კაცი.
    ბისივუ და ჰამზა ხო მოიყვანა, იმ ტვენტეს ბიჭსაც მოიყვანს უეჭველიო, ტას ბიძაშვილი ხო მოიყვანა, ახლა ჯეი ჯეი გაბრიელს ეჩალიჩებაო, კიდევ ვიღაცა პორტუგალიელი დაიმატეს ეგ ვაბშე ვუნდერკინდიაო და რავიცი.. სერიოზული დონის ახალგაზრობა მოყარა ამ იმპოსტერმა😂
    ნუ თუ შევხედავთ ბოლო დროინდელ ტენდენციებს, ყოველწლიურად 1 ვუნდერკინდი ამოდის აკადემიიდან და ამ ტემპით ბოლოს იქამდე მივალთ რომ ფიზიკურად ვეღარ ამოვიყვანთ ვეღარავის😂😂
    მომავალ წელს ტუნკარას ველოდები და იმედია მაქამდე ბისივუსა და ჰამზას მიეცემათ შანსები.
    ასევე 3 წელში ტერორისტი ბავშვი წამოგვეწევა ფოდე დიალოს სახით და ე მანდ დაერხევა სამყაროს😂
    კიდევ გვყავს სასწაული ბავშვები და იმედია კარგად მოუფრთხილდებიან. ჩვენ კი ამ ტემპით მალე ფულს კი არ დავხარჯავთ აქეთ გავაკეთებთ მილიარდებს😂

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 21 სექ 2026, 12:29
    #1

    ლანდრი ათმაშდა და ძაან მიხარია. იმედია ნამდვილი მარჯვენა მცველი გვეყოლება მალე. ტრამვამ შეაფერხა თორე აქამდე პირველ გუნდში იქნებოდა და მარჯვენა მცველად ბევრად უკეთესი იქნებოდა ვიდრე გარსია