როგორც ცნობილია, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა მომდევნო სეზონში თავის ახალგაზრდა მოთამაშეებს, პირველ გუნდში ფეხის მოკიდების საშუალებას მისცემს.
მოგეხსენებათ, 19 წლის ჟერარდ დეულოფეუ ამჟამად ინგლისურ “ევერტონში” იჯარის წესით ასპარეზობს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მან არც თუ ისე მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი გარკვეული დროის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ დაზიანებამდე თავდამსხმელმა მერსესაიდული კლუბის მაისურით ორი ბურთის გატანა შეძლო და საკმაოდ მაღალი დონის თამაშიც აჩვენა.
20 წლის რაფინია ალკანტარა “სელტას” შემადგენლობაში გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშია განათხოვრებული. ამ დროის განმავლობაში, მან 16 მატჩის ჩატარება მოასწრო და მეტოქის კარის აღება სამჯერ მოახერხა.
Mundo Deportivo-ს თანახმად, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო დეულოფეუსა და რაფინიას თამაშის დონით ძალიან კმაყოფილია და მომდევნო სეზონში იგი ორივე მოთამაშისთვის “ბლაუგრანას” რიგებში ფეხის მოკიდების შესაძლებლობას მისცემს.