ჟოფრე ტორენტსის იჯარა “აიაქსში”, სადაც ის მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეუერთდება, “ბარსელონასა” და ნიდერლანდურ კლუბს შორის უკვე შეთანხმებულია და ოფიციალური განცხადებისთვის დეტალები ზუსტდება. ახალგაზრდა ფლანგის მცველი ის ფეხბურთელია, რომელზეც კატალონიურ კლუბს დიდი იმედები აქვს. ის “ლა მასიას” ერთ-ერთი აღზრდილია, რომელსაც ჰანსი ფლიკმა “სენტ ჯორჯს პარკზე” გამართულ შეკრებაზე ყველაზე დიდი ნდობა გამოუცხადა.
იდეალური სცენარი განვითარებისთვის
Mundo Deportivo-ს ცნობით “აიაქსი” კატალონიელთა აღზრდილის იჯარით გასული სეზონის ბოლოს დაინტერესდა. “ბარსელონამ” ეს შესაძლებლობა საინტერესოდ მიიჩნია. მართალია, ფეხბურთელის დებიუტი პირველ გუნდში გასულ სეზონში შედგა, თუმცა მის პოზიციაზე არსებული კონკურენციის გამო პროგრესი რთულდება. აქედან გამომდინარე, “აიაქსში” განათხოვრება შესაძლოა მის განვითარებაში ახალი ეტაპის დასაწყებად იდეალური სცენარი იყოს.
დიდი კონკურენცია “ბარსელონაში”
ჟოფრე გასულ კვირას, “ბარსელონასა” და “ბირმინგემ სიტის” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მარცხენა მცველის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა (ალეხანდრო ბალდეს ტრავმის ფონზე, ჟერარ მარტინი კი ცენტრალურ მცველად იყო გამწესებული). ჟოაუ კანსელუს თითქმის გარდაუვალი ტრანსფერი ართულებს მისთვის პირველ გუნდში სათამაშო დროის მიღებას, მაშინ როცა სარეზერვო გუნდი მისთვის უკვე “პატარაა”.
ფლიკი მას ძალიან ენდობა და მისი მხედველობიდან გამორჩენა არ სურს. გასულ სეზონში ის უკვე იყო წინასასეზონო ეტაპის ერთ-ერთი აღმოჩენა და შემდეგ მისი დებიუტი ლა ლიგის პირველ ტურში, “მალიორკასთან” მატჩში შედგა.
forum კომენტარები (0)