პაუ კუბარსი (19 წლის) იტალიელი ჯუზეპე ბერგომის შემდეგ დღეს გახდება მეორე ყველაზე ახალგაზრდა მცველი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.
“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა “ბილბაოს” 32 წლის მცველთან, აიმერიკ ლაპორტთან ერთად თითქმის აუღებელი კედელი შექმნა. TV3-სთან ინტერვიუში კუბარსიმ ესპანეთის ნაკრების დაცვის ცენტრში თავისი მეწყვილე შეაქო, რომელსაც ბოლო კვირებში “ბარსელონას” აქტიურად უკავშირებენ.
“მსოფლიო ჩემპიონატი პირველი დიდი ტურნირია, სადაც ძირითად შემადგენლობაში ერთად ვითამაშეთ. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. ორივე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს. ერთმანეთს ვეხმარებით, ნდობას ვუზიარებთ და ვძლიერდებით, რათა რაც შეიძლება ცოტა გოლი გავუშვათ. ამას კარგად ვაკეთებთ. უკვე მითხრეს, რომ ის თითქოს ინიგო (მარტინესი) იყოს. ორივე ბასკია, მარცხნივ თამაშობენ, ძალიან მსგავსი პროფილი და ხასიათი აქვთ. მე ლაპორტისთან ერთად ნაკრებში მითამაშია, ამიტომ მისი ჩემთან ერთად კლუბში თამაშის წარმოდგენაც შემიძლია.”
დღევანდელ ფინალში, მათ წინაშე იქნება “ბარსელონას” ისეთი ლეგენდა, როგორიც ლეო მესია, და კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელიც კლუბისთვის თითქმის აკვიატებად იქცა – ხულიან ალვარესი, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “ატლეტიკო” მის გაყიდვაზე უარს ამბობს.
“ის ძალიან მოხერხებული მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია სივრცეში შესვლა, ბურთის მიღება და აქვს შთამბეჭდავი დარტყმა. ყოველთვის ყურადღებით და ახლოს უნდა იყო, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია ზიანი მოგაყენოს.” – განაცხადა პაუმ ხულიანზე.
მეორე მხრივ, მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა ლეოს მიმართაც:
“მქონდა ნეიმარის, პიკეს მაისურები, მაგრამ მესი ყოველთვის იქ იყო, ის ჩემი ერთ-ერთი კერპი იყო. როგორც მე, ისე ‘ბარსელონას’ ყველა გულშემატკივარს მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს. მასთან ერთად მოედანზე ყოფნა, როცა ასეთი ახალგაზრდა ვარ, ახდენილი ოცნებაა.”
კომენტარები (0)