მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, გემო ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანასაც გაუგო, თან 3 გოლის გატანას. “სელტიკთან” გამართულ შეხვედრაში, “ბარსას” სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა ჰეთ თრიკი გაიფორმა და ერთი გოლი თანაგუნდელს გაატანინა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ნეიმარი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ნეიმარმა თავისი პირველი გოლი 45-ე წუთზე, მარტინ მონტოიას გადაცემის შემდეგ ცარიელ კარში გაიტანა. 48-ე წუთზე, ბრაზილიელი 2 მეტოქეს შორის გაძვრა, რასაც ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ათ წუთში, ნეიმარმა “სელტიკის” მცველს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა და მე-3 გოლიც გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, ნეიმარი იქცა ისტორიაში პირველ ფეხბურთელად, რომელმაც ჰეთ თრიკი კოპა ლიბერტადორესზეც (სამხრეთ ამერიკული ჩემპიონთა ლიგა) და უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც შეასრულა.